"მოგვიანებით მისი ასაკი გავიგე - 13 წლით ჩემზე უმცროსი გამოდგა. ისტერიკა დამემართა..." - რატომ უყვარდებათ მამაკაცებს ასაკით უფროსი ქალები - კვირის პალიტრა

"მოგვიანებით მისი ასაკი გავიგე - 13 წლით ჩემზე უმცროსი გამოდგა. ისტერიკა დამემართა..." - რატომ უყვარდებათ მამაკაცებს ასაკით უფროსი ქალები

ჩვენს რეალობაში ბევრი წყვილი თუ ოჯახია ისეთი, სადაც ქალბატონი საკმაოდ ბევრი წლითაა პარტნიორზე უფროსი და რიგ შემთხვევაში, ერთი შეხედვითაც თვალში საცემია მათი განსაკუთრებული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ: მზრუნველობა, ის იდილია, რაც მათ შორის სუფევს, თუმცა, ამ ყველაფერს თავისი სირთულეებიც ახლავს - ასაკობრივი შეუთავსებლობა და ასეთი წყვილებისადმი საზოგადოების, ოჯახის წევრების ნეგატიური დამოკიდებულება მათზე ფსიქოლოგიურად დამთრგუნველად მოქმედებს, რაც თავის მხრივ, სხვა ტიპის პრობლემებს აჩენს ურთიერთობაში. ამ თემაზე ქალბატონებს გავესაუბრეთ და შეფასება ფსიქოლოგ დავით ანდღულაძეს ვთხოვეთ.

თეკლა, 37 წლის:

- ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ დღეს სოციალურ ქსელში მესიჯი მომწერა. ნახევარ წელზე მეტი მწერდა ისე, რომ პასუხიც არ დამიბრუნებია. მოგვიანებით, ხასიათის შესაბამისად, მხოლოდ კითხვაზე - "როგორ ხარ", ვპასუხობდი - "კარგად". ამის შემდეგ, საუბარი აღარ გრძელდებოდა. მისი ფოტოები ერთხელაც არ დამითვალიერებია, ინტერესიც არ გამჩენია, მენახა, ვინ იყო, როგორი იყო, რას საქმიანობდა. ერთხელაც არ დამიშვია ფიქრი, რომ დიალოგში ოდესმე ავყვებოდი.

დრო გადიოდა და ის ყოველგვარი აგრესიის გარეშე, კვლავ აგრძელებდა კონტაქტს. ერთ დღესაც პასუხის გაცემა მომინდა და ვკითხე, ვინ ხარ, რას საქმიანობ-მეთქი? რაღაცებს მომიყვა საკუთარ თავზე, თუმცა სიმართლე ვთქვა, დიდი ინტერესით არც ამას მოვკიდებივარ, უბრალოდ, რამდენიმე წუთით მასზე ყურადღება გადავიტანე. გადის დრო და მის წერილებს უკვე აქტიურად ვპასუხობდი. როცა ასაკი მითხრა, არც კი მიფიქრია, რომ მასთან რაიმე ურთიერთობა შეიძლება განვითარებულიყო. ჩემზე რამდენიმე წლით პატარა იყო. მერე შევხვდით, ოღონდ იმის ასახსნელად, რომ არაფერი გამოვიდოდა. ერთ შეხვედრას მეორე მოჰყვა, მესამე და სულ იმის მცდელობაში ვიყავი, რომ დამესრულებინა. თუმცა, მაინც ვხვდებოდი. გადიოდა დრო და ვგრძნობდი, რომ მისი დამოკიდებულებები, მისი აზრები, მისი შეხედულებები, ცხოვრების მიმართ მისი პასუხისმგებლობები აღმაფრთოვანებდა. მასში აღმოვაჩინე ის, რაც სხვაში აქამდე არ მიპოვია. მას ყველა კითხვაზე პასუხი ჰქონდა, მისი მიდგომები ჩემსასაც კი სჯობდა...

მოგვიანებით მისი რეალური ასაკი გავიგე - 13 წლით ჩემზე უმცროსი გამოდგა. ისეთი ისტერიკა დამემართა, ლამის თვითმკვლელობამდე მივედი. მისი არგუმენტით, სიმართლის თქმა დაგვაშორებდა და ეს გზა აირჩია. ჩემთვის ეს იმდენად დიდი შოკი იყო, რომ დღემდე ვერ გადამიტანია. იმ დროისთვის ის უკვე მიყვარდა, თუმცა დასაშორებლად მზად ვიყავი და ყოველთვის ვცდილობდი ამას, ვაგდებდი, ვეჩხუბებოდი, მაგრამ არასდროს მიშვებდა.

იყო შეცდომები, მიუღებლობა, ხშირად შეუთანხმებლობაც, მაგრამ არასდროს ყოფილა იმდენად სერიოზული მიზეზი, რომლის გამოც მე მას ხელს ვკრავდი, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა მასზე ბევრად უფროსები ისეთ შეცდომებს სჩადიან, რომლის პატიებაც არ შეიძლება. მაგალითად, როცა მე რაიმეზე ვბრაზობ, ის მისმენს, ითვალისწინებს, არკვევს, ანგარიშს მიწევს. რაც არ იცის, ცდილობს, გაერკვეს, წინ მიჰყავს ურთიერთობა და ცდილობს, ეს შეინარჩუნოს. მაოცებს და აღმაფრთოვანებს მისი მიზანდასახულობა, რომელიც ჩემი ასაკის მამაკაცებს საერთოდ არა აქვთ. უნდა, რომ განვითარდეს, მეტი მოტივაცია აქვს იმისთვის, რომ უკეთესი გახდეს, რომ ბედნიერი ვიყო. მოტივირებულია, რომ დააფასოს ის, რაც აქვს და რაც ბრძოლით მოიპოვა. რა თქმა, უნდა, დრო აჩვენებს ამ ურთიერთობის რეალურ სახეს, მაგრამ ამ ეტაპზე, რაც უნდა უსიამოვნო ან მიუღებელი იყოს ჩვენი ასაკობრივი თუ პროფესიული წრის განსხვავებულობა, დავრწმუნდი, რომ სიყვარული ასაკს, სოციალურ-ეკონომიკურ, პროფესიულ ასპექტს არ ცნობს, გიყვარს და მორჩა! ამ ეტაპისთვის კი, ჩემი მოთხოვნებისა და პრეტენზიების მის მიერ გათვალისწინების შედეგი ისაა, რომ დღემდე მასთან ვარ! უკვე 2 წელია. მივყვები დინებას და ვარ მაყურებლის როლში, ვარ მისი ქმედებების ადეკვატური და ასპარეზი აქვს მას, რას გააკეთებს, როგორ გააკეთებს და გაამართლებს თუ არა იმ იმედს, რომელიც ამ ურთიერთობას ახლავს, შეძლებს თუ არა ბოლომდე გატანას, დაფასებას იმისას, რაც აქვს და სამაგალითო იქნება თუ არა სხვებისთვის.

დავით ანდღულაძე, ფსიქოლოგი:

- მსგავს საკითხებზე საუბრისას, ბევრი რამ შეიძლება ვივარაუდოთ, თუ რამ განაპირობა ამა თუ იმ ადამიანში გრძნობის აღძვრა, მაგრამ ზოგადად თუ განვიხილავთ, შეიძლება რამდენიმე ვარიანტი ჩამოვთვალოთ. ერთ-ერთი ისაა, რომ შესაძლოა ქალბატონს ზოგადად ჰქონდეს მიდრეკილება უმცროსი ასაკის მამაკაცების მიმართ, რაც განპირობებული იყოს მასზე უფროსებთან, ძლიერებთან ურთიერთობის მიუღებლობით, შიშთან იყოს ასოცირებული, თვითონ უნდოდეს სადავეების ხელში აღება და მხოლოდ ამ შემთხვევაში გრძნობდეს თავს დაცულად. შესაძლოა, უპირატესობას ქალურ სიძლიერესა უფრო სუსტ, უმცროს მამაკაცთან ურთიერთობისას გრძნობდეს, ვიდრე - თანაბარი ასაკის ან უფროს მამაკაცთან. თუმცა, უფროს მამაკაცებშიც შეიძლება აღმოაჩინოს სუსტი და თვითონ იყოს წამყვანიც, ძლიერიც და დაცულიც. ის მომენტიცაა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი გაცილებით მომხიბვლელია, 24-25 წლის უკვე საკმარისად მოწიფული, მამაკაცურია, სხვადასხვა კუთხით ჩამოყალიბებული და ქალი უკვე სხვა რაღაცებს აღარ ითვალისწინებს, იმას სჯერდება, რაც იმ მომენტშია მისთვის პრიორიტეტული. ვინაიდან, რეალობაში იმის საშუალება არა გვაქვს, ყველაფერი ერთად იყოს - ადამიანი ხან მეტ ვნებას იღებს ნაკლები გონიერების ხარჯზე, ხან მეტ ფულს ნაკლები ვნებისა თუ გონიერების ხარჯზე და ა.შ. თუ ყველაფერი ერთად და ჰარმონიულადაა, ამას რა სჯობს, მაგრამ იმედგაცრუებები, წარუმატებელი მცდელობებია ხოლმე.

როცა საუბარი ასაკით უფროს ქალბატონზეა, სტატისტიკურადაც რომ ვთქვათ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ცხოვრებაში გარკვეული პერიოდი უკვე გაიარა, გამოცდილება ბევრ რამეში აქვს, მანამდე მცდელობები ჰქონია ან ვერ ჰქონია, გაცილებით უმცროსებთან კი უფრო თამამად იქცევა, ახალგაზრდა მამაკაცებისთვის კი ეს გამოწვევაა, მეტად თავდაკარგულები იბრძვიან, მეტი ინტენსივობით ცდილობენ ქალის გულის მონადირებას და ისინიც ამ მცდელობას დაჰყვებიან ხოლმე.

- თქვენი აზრით, რატომ ხდება ასე? რას ეძებს მამაკაცი უფროს ქალბატონთან? რა ტიპის ურთიერთობას? - ზოგჯერ, უბრალოდ იმიტომ ცდილობენ უფროსი ქალბატონების მოხიბვლას, რომ მათ მეტი გამოცდილება აქვთ და უფრო რთულად "დასაკერები" არიან, რაც უფრო დიდი გამოწვევაა მამაკაცისთვის, რადგან მასთან მიზნის მიღწევის შემთხვევაში მამაკაცი უფრო თავდაჯერებული ხდება, ვიდრე თანატოლ გოგონასთან ურთიერთობის გაბმისას. ერთ-ერთ არგუმენტად ისიც მოიაზრება, რომ მამაკაცი ქალში დედას ეძებს, დედა უნდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ასე არ არის. ბევრი ამბავი ამომიტივტივდა გონებაში, როცა დედის დეფიციტი განაპირობებს ასაკით უფროს ქალბატონებთან ურთიერთობას, მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს არ ნიშნავს პირდაპირ დედის ჩანაცვლებას, სითბოს შევსება უფრო უნდათ.

- ასეთი ურთიერთობები რამდენად მყარი და ხანგრძლივი შეიძლება აღმოჩნდეს?

- სამწუხაროდ, ხშირად ხანგრძლივი არ არის და ამ არასტაბილურობის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი საზოგადოების დამოკიდებულებაა. ასეთი წყვილი საზოგადოებისგან მუდმივი წნეხის ქვეშაა და ყოველთვის გარკვეულ უხერხულობას გრძნობენ, თუ შვილები ჰყავთ - ისინიც. როცა ცოლ-ქმარი ერთი ასაკისაა, საცდური მაშინაც ჩნდება, სიძნელეები მათ შორისაცაა. როცა ახალგაზრდა მამაკაცი ჩამოყალიბებულ ქალბატონთან იწყებს ურთიერთობას, დროთა განმავლობაში იზრდება და გემოვნებაც ეცვლება. ერთი მხრივ შეცვლილი გემოვნება, შეცვლილი ლტოლვა და ლტოლვის ობიექტი ქალები, მეორე მხრივ, ამასობაში უფრო ასაკოვანი და ლამის მობერებული ქალბატონი ჯერ კიდევ ახალგაზრდა მამაკაცის გვერდით. გადის წლები და 40-42 წლის მამაკაცის გვერდით არის, ვთქვათ 55-60 წლამდე ქალბატონი და აქ უკვე ბევრად უფრო რთულია ურთიერთობის შენარჩუნება. ასაკს კი არ ვაკნინებ, ამ ასაკის ქალბატონს შეუძლია დაიწყოს საერთოდ ახალი ცხოვრება, მაგრამ მისი ასაკის შესაბამის მამაკაცთან, რადგან ახალგაზრდასთან უკვე რთულია. ის, რომ დედა-შვილად აღიქვამენ, შეიცხადებენ და ეჭვის თვალით უყურებენ, რომ მასთან ფულის ან სხვა რამის გამოა, მუდმივად მოქმედებს. ეს ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. გემოვნება და დამოკიდებულებები იცვლება, თვითონ ქალისაც, რადგან მუდმივი წნეხის პირობებში, ეჭვის მეტი საბაბი ჩნდება, ამ დროს, შესაძლოა არც არაფერი ჰქონდეთ საეჭვიანო, მაგრამ უკვე ასაკში შესული ქალბატონი სერიოზული ეჭვების მარწუხებში მოექცეს.

- როგორ მიიჩნევთ ფსიქოლოგები, მსგავსი ტიპის ურთიერთობები ჩვეულებრივი, ბუნებრივია, თუ გადახრა, პათოლოგიაა? - გადახრას ვერ ვუწოდებთ, პათოლოგია სრულწლოვნის არასრულწლოვანთან, მოუმწიფებელთან ურთიერთობის შემთხვევაშია. თორემ 22-25 წლის მამაკაცი მომწიფებულიცაა და სრულასაკოვანიც, შესაბამისად, ეს ვერც დანაშაულად ჩაითვლება და ვერც პათოლოგიად. პათოსო ტანჯვასა და ტკივილს ნიშნავს და თვითონ ადამიანისთვის სატკივრად იქცევა თუ არა ასეთი ურთიერთობა, ეს თვითონ უნდა განსაზღვროს. გააჩნია, როგორ საზოგადოებაში ცხოვრობს და რა ექცევა მას პრობლემად. ფსიქოლოგიური გაგებით ეს არ არის პათოლოგია. იხილეთ სრულად

თამთა დადეშელი ჟურნალი "გზა"