"ადამიანისთვის ქორწილი მხოლოდ სუფრა და მეგობრების ღრეობა არ უნდა იყოს" - კვირის პალიტრა

"ადამიანისთვის ქორწილი მხოლოდ სუფრა და მეგობრების ღრეობა არ უნდა იყოს"

"ალბათ, რთულად მოიძებნება საკითხი, რომელზე მსჯელობის დროსაც გიორგი გილიგაშვილი ("ჩემმა მზემ") გაცხარდება და აგრესიის შემცველ ფრაზებს იტყვის. გასაკვირი არაა, რომ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის, "სერიოზული არასერიოზული" გრძნობის შესახებაც ჩვეულებისამებრ, დინჯად გვესაუბრა..."

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"ადამიანი ბავშვობაში ცდილობ, სერიოზული იყო, როცა იზრდები, მერე კი - არასერიოზული. მახსოვს, ბავშვობაში, როცა სერიოზულობას ვცდილობდი, ერთ-ერთ ბანაკში ვისვენებდი და ისე მოხდა, რომ "წითელი, ყვითელი, შავის" თამაშისას, ერთმა მშვენიერმა გოგონამ ლოყაზე მაკოცა... შემდეგ, ის გოგონა ბანაკიდან ჩემზე ადრე გაემგზავრა. დამშვიდობებისას, ჩემი ტელეფონის ნომერი (მაშინ მობილური ტელეფონები არ იყო) ქაღალდის ფურცელზე დავუწერე და მივეცი - დამირეკე-მეთქი. ერთმანეთს ბავშვურად ჩავეხუტეთ. ფაქტობრივად, ჩემთვის პაემნის მძაფრი წუთები ის იყო, როცა სახლის გამოსასვლელთან, კიბეზე ვიდექით, იმ მშვენიერ გოგონას ფურცელზე დაწერილ ჩემი ტელეფონის ნომერს ვაწვდიდი, ის კი მოკრძალებით იდგა. არ იცოდა, რა გაკეთებინა. შემდეგ კვლავ ლოყაზე მაკოცა და გაიქცა, მანქანაში ჩაჯდა, წავიდა... მას მერე ის გოგონა არ მინახავს. უბრალოდ, შორიდან ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან ლამაზად არის და ჩემს ცხოვრებაშიც, დიდება უფალს, არანაკლები მზეა, ოღონდ - ეს სხვა მზეა (იღიმის)..."

"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის მშვენიერება, ვინც ჩემ წინ ვარდივით იქნება გადაშლილი, ჩემი კრიტერიუმებით არ შევბოჭო ანუ ჩემ წინ საოცრად გადაშლილ ველურ ყვავილს თუ ვეტყვი, - ეს ფურცელი ან ეს ფოთოლი არ მომწონს, უნდა შევასწოროთ-მეთქი, ვფიქრობ, ეს უკვე ძალადობა იქნება, ასე რომ, ის საკუთარ თავს უნდა ჰგავდეს. რამე იმიტომ კი არ უნდა გააკეთოს, რომ მე მომწონს, არამედ მასაც ისე უნდა მოსწონდეს, როგორც - მე, მაგრამ ეს - საწყისი ეტაპისთვის, რომ ერთმანეთი შევიცნოთ, როცა ორივენი საკუთარ თავს ვგავართ და რაღაცნაირად, უნებურად, ერთმანეთი მოგვეწონა, რადგან რაღაც საერთო გვაქვს. არადა, ვერც ვხვდებით, რა საერთო გვაქვს... შემდეგ საათები, დღეები, კვირები გადის. ჩვენ უკვე ერთმანეთის სულებს ვიცნობთ, მაგრამ სხვადასხვანაირად ვმოქმედებთ".

"რამდენ "ვარსკვლავთმრიცხველსაც" ვესაუბრე, ყველა ცდილობს, ვითომ უნებურად მიმანიშნოს - არა, გილიგა, ზოდიაქოს ეს ნიშანი არ წაგადგებაო... მიმაჩნია, რომ თავისუფალი კაცისთვის ესეც ძალადობაა: თუ ვამბობ, რომ სიყვარული ღმერთია, როგორ შეიძლება, ამ წუთისოფელში, ადამიანში დავანებულმა ხასიათმა მასთან ლამაზ ურთიერთობაში ხელი შემიშალოს? ხელს ვერავინ შემიშლის, თუნდაც წყალი და ცეცხლივით ვერ ვუგებდეთ ერთმანეთს, თუკი მასში ის სულიერი სიმაღლე არსებობს, რომლითაც მის საღვთო ბუნებას და სულს ცხოველისგან განარჩევ".

"თუ ხვდები, რომ ის "ის" არ არის, აბა, მის წინაშე შენს სულს და სხეულს რატომ აშიშვლებ, თუ რამე მსუბუქი ყოფაქცევის ზრახვები არ გაქვთ შენ ან მას?.. მაგრამ თუ შენ იგრძენი იგი და მანაც გიგრძნო, მაშინ ვერ ვხვდები, ჯვრის დაწერას წინ რა უდგას, რომელიც საუკუნოდ შეგაერთებთ და მერე, ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოგერევათ, ვერ გაგყრით? თუ მართალს ადიდებ, დედამიწიდან ცამდე სიყვარულის გწამს და მარხვის დათმენა იცი, სულიერი სიმაღლე მოგეგება. ადამიანისთვის ქორწილი მხოლოდ სუფრა და მეგობრების ღრეობა არ უნდა იყოს. უპირველესი ჯვრისწერა და სულის ერთობაა. ამბობენ ხოლმე, - აუ, ჯერ ქორწილის გადახდას ვერ ვახერხებ, საშუალება არ მაქვს, 1000 კაცის დაპატიჟება მინდა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 15 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ და იმასაც შეიტყობთ, თუ ვინაა ქართველი მსახიობის რჩეული ქალბატონი.

ეთო ყორღანაშვილი