"ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, გააზრებაც კი ვერ მოვასწარი, რომ ვთხოვდებოდი" - კვირის პალიტრა

"ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, გააზრებაც კი ვერ მოვასწარი, რომ ვთხოვდებოდი"

თავდაპირველად კლასელები იყვნენ, შემდეგ დამეგობრდნენ, ბიჭი ბავშვობაში ხშირად ხარაგაულში, სოფელ საბეში, დიდ ბებიასთან ჩადიოდა, მის უბანში სულ 4 სახლი იდგა და 4 მოხუცი ცხოვრობდა. თანატოლი არ ჰყავდა, ერთად რომ ეთამაშათ, მაგრამ დროს მაინც საინტერესოდ ატარებდა, მერე ქალაქში დაბრუნებული, ემოციებს მეგობარ გოგოს უზიარებდა.

წლები გავიდა...

ერთ დღეს, ბიჭი სოფელში ბავშვობის მეგობარ, დღეს კი შეყვარებულ გოგოსა და ახლობლებთან ერთად ჩავიდა. უნდოდა, მისთვის ხელი სოფელში ეთხოვა. ასეც მოხდა, მერე კი ხელის თხოვნას დაუგეგმავი ჯვრისწერა მოჰყვა. ბიჭმა საპატარძლო თაიგული მეზობელ ეზოში დაკრეფილი ყვავილებისგან შეკრა, მოძღვარი კი მართლა ღმერთმა გამოუგზავნა. ვინ იცის, რამდენი წლის შემდეგ, საბეს ტაძარში ჯვრისწერის ცერემონია ისევ ჩატარდა, სოფელში ქორწილი კი დაუვიწყარ ამბად იქცა.

ამბავი, რომელსაც ახლა გიამბობთ, ფილმის სიუჟეტს ჰგავს, ან სიუჟეტად შეიძლება იქცეს. მთავარი მოქმედი გმირები გიორგი ნადირაძე და ეკა დოლიძე არიან. ეს სტატია კი ერთი ფოტოს შთაგონებით დავწერე, უღელდადგმული (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) წყვილი სოციალურ ქსელში ვნახე, მერე კი ჩემს რესპონდენტებს კუნძულ კვიპროსზე მივაკვლიე.

- გიორგი და ეკა, გაბედნიერებას გილოცავთ! თქვენი ფოტოების ნახვის შემდეგ, მაქვს მოლოდინი, რომ სიყვარულის საოცარ ამბავს მომიყვებით.

გიორგი: - მადლობა მოლოცვისთვის და მადლობა, რომ ჩვენი ამბით დაინტერესდით. ბავშვობაში ხარაგაულის რაიონის სოფელ საბეში, ძალიან ხშირად, დიდ ბებიასთან ჩავდიოდი. ჩემი სახლი სოფლის ბოლოში, დასახლებიდან ძალიან ზემოთ არის და ყველაზე ახლო მეზობელი კილომეტრ-ნახევარშია. ჩემს ბავშვობაში იქ მხოლოდ 4 მოხუცი ცხოვრობდა და ერთმანეთთან ახლოს 4 სახლი იდგა. ზაფხულობით, მოხუცებთან მარტო ვიყავი, პატარა ნაჯახი მქონდა, ტყეში გავდიოდი და ქოხებს ვაშენებდი. ეს სოფელი ისე ძალიან შემიყვარდა, მთელი ცხოვრება იმ ადგილის ნოსტალგია მაქვს.

ეკა: - მე და გიორგი კლასელები ვიყავით, ვმეგობრობდით და ბავშვობიდან მოყოლებული, სულ თავის სოფელზე მელაპარაკებოდა, შთაბეჭდილებებს მიზიარებდა. ამბობდა, იქ უნდა წავიდე და ვიცხოვროო.

გიორგი: - 12 წლის წინ, კვიპროსში პირველად რომ წამოვედი, ისე მოხდა, რომ 7 წელი საქართველოში დაბრუნება ვეღარ შევძელი. 7 წლის შემდეგ, ჩამოვედი თუ არა, ხარაგაულში წავედი. იქ ყველაფერი განადგურებული დამხვდა, აღარც მოხუცები იყვნენ ცოცხლები და 4 სახლიდან მხოლოდ ჩემი სახლი იდგა, დანარჩენი 3 დანგრეულიყო. გული მეტკინა, 3 თვე იქ სრულიად მარტომ გავატარე და ამ ხნის განმავლობაში, იქაურობის სიყვარული კიდევ უფრო გამიმძაფრდა.

ეკა: - რადგან გიორგის დიდი სურვილი ჰქონდა, სოფელში დაბრუნებულიყო, ოჯახმა სახლის შეკეთება დაიწყო. როცა გიორგი საქართველოში ჩამოდიოდა, ზაფხულობით და ზოგჯერ ზამთარშიც ხარაგაულში დასასვენებლად მეგობრებთან ერთად ჩავდიოდით.

- თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?

- 4 წლის წინ, პირველად რომ ჩამოვიდა, ერთმანეთი მაშინ შეგვიყვარდა, მანამდე ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით. ეს სოფელი დღეს მეც ძალიან მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ გიორგისგან განსხვავებით, ბავშვობის მოგონებები არ მაკავშირებს. გიორგი სულ მეუბნებოდა, წამოდი, სოფელში ვიცხოვროთო. იქ რა უნდა გავაკეთო, სამსახური თბილისში მაქვს, მუდმივად სოფელში წამოსვლას ვერ შევძლებ-მეთქი. მეხუმრებოდა, ჯვარი აქ დავიწეროთო. მაშინ რა ვიცოდი, მისი ეს სიტყვები თუ გამართლდებოდა.

გიორგი: - მინდოდა, რომ ეკასთვის ხელი სოფელში ყოფნის დროს მეთხოვა, ამჯერადაც მეგობრებთან ერთად ვიყავით ჩასულები, მაგრამ ჯვრისწერას არ ვაპირებდი, ყველაფერი სპონტანურად მოხდა. რომ გითხარი, სამი თვით, სოფელში მარტო ვიყავი-მეთქი, მაშინ სიგარეტი გამითავდა. იქ ხომ მაღაზია არ არის, სიგარეტისთვის მეზობელ სოფელ ღორეშაში გადავედი, სადაც სრულიად შემთხვევით, მამა პეტრეს (კურტანიძე) შევხვდი. ერთმანეთს გამოველაპარაკეთ, მითხრა, შენს დიდი ბებიას და ბაბუას ვიცნობდიო. მოკლედ ამ მოძღვარმა, სულ რაღაც 5 წუთში, ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მას შემდეგ, რაც მამა პეტრე გავიცანი, ვიფიქრე, ჯვარი ამ მოძღვარმა უნდა დამწეროს-მეთქი.

ხელის თხოვნის დღეს, გადავწყვიტე, ჯვარიც დამეწერა, მამაოს დავურეკე, მოვიკითხე და ჩემი ჩანაფიქრი გავანდე. ძალიან გაუხარდა, ის სხვა ტაძარში მსახურობს, საბეს ეკლესიაში ამოვიდა და ჯვარი დაგვწერა.

ეკა: - ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, გააზრებაც კი ვერ მოვასწარი, რომ ვთხოვდებოდი. ჯვრისწერის დღე რომ დავთქვით, ძალიან მცირე დრო გვქონდა, რომ მოვმზადებულიყავით. მეგობარმა გოგონებმა ერთმანეთის კაბები ჩაიცვეს, ჩვენ ერთმანეთს ბეჭდები ვუყიდეთ... ყველაფერი 2-3 დღეში მოხდა. ჯვრისწერის ცერემონია ამაღელვებელი იყო, მამა პეტრე იმდენად კარგი მოძღვარი აღმოჩნდა, თითქოს კიდევ მეტად დამაჯერა, რომ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებდი.

გიორგი: - მის ლოცვას საოცარი ძალა ჰქონდა. გრძელი ლოცვა წაიკითხა, ისე ვუსმენდი, არც ერთი სიტყვა არ გამომრჩენია.

ეკა: - იმდენად გულისყურით უსმენდა, ახლა პერიოდულად წინადადებებს მეუბნება, ლოცვაში ასე ეწერაო.

ჩვენი სახლიდან ეკლესიამდე საკმაოდ დიდი გზაა. ფეხზე კედები მეცვა, მაგრამ ტალახიანი გზა იყო და მივხვდი, იმ ფეხსაცმლით ეკლესიამდე ვერ მივაღწევდი. სახლში ბებიის ნაქონი "კალოშები" ვიპოვე და გიორგის მეგობრის სახლამდე, რომელიც ეკლესიასთან ახლოსაა, "კალოშებით" ავედი. იქ გამოვიცვალე, უღელიც იმ ეზოში ვიპოვეთ.

გიორგი: - შეუღლება ხომ უღლის დადებაა, შემთხვევით ეზოში ხარების უღელი დავინახე, მე და ეკამ ეს უღელი სიმბოლურად დავიდგით და ფოტო გადავიღეთ. ორიგინალური გამოვიდა. ყვავილები მეზობლად მიტოვებულ ეზოში (იმ 4 ბებიიდან, ვისთან ერთადაც ბავშვობას ვატარებდი, ერთ-ერთის ეზოში) დავკრიფე, ლამაზი თაიგული შევკარი. ყველაფერი ექსპრომტად მოხდა.

ეკა: - ტრადიციები გვიყვარს, მაგრამ ტრადიციული ქორწილები - ნაკლებად. ამ ლამაზი დღის დაგვირგვინება იყო ფეიერვერკი, რომელიც სიურპრიზად მეგობარმა გამოგვიგზავნა. ღამე გავუშვით, საოცრად ლამაზი იყო. ჩვენს ფოტოებს სოციალურ ქსელში დღემდე ბევრი დადებითი გამოხმაურება აქვს.

გიორგი: - თავად ფოტოგრაფი ვარ, პატარძალს სურათებს კი ვუღებდი, მაგრამ მეც ხომ მინდოდა, გადაღებას ხან ვის ვთხოვდი და ხან - ვის. საბეში სულ 4 დღე ვიყავით. მერე თბილისში დავბრუნდით, ჩავბარგდით და კვიპროსში წამოვედით.

- მანდ რას საქმიანობ?

- ახლა აქ სასტუმროში ვმუშაობ და როცა დრო მაქვს, ფოტოებს ვიღებ. ცოტა ფულის მოგროვება მინდა და მერე საქართველოში ჩემს საქმეს დავიწყებ. იმ დღეებში, ხარაგაულში რომ ვიყავი, შეტყობინება მომივიდა, რომ აქაური მოქალაქეობა მივიღე. ცოტა ხანში საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები. მინდა, საბეში ვიცხოვრო. ძალიან მისტიკური ადგილია. ტურისტული ხაზით მუშაობას ვფიქრობ, დანარჩენს დრო გვიჩვენებს. თბილისში ცხოვრება არ მინდა. იხილეთ სრულად

თამუნა კვინიკაძე