"ის არ იყო სექსუალური ქალი, ლიკა იყო ღვთაება, თან - ნიჭიერი, მისი აღუწერელი ხიბლი შიგნიდან მოდიოდა" - კვირის პალიტრა

"ის არ იყო სექსუალური ქალი, ლიკა იყო ღვთაება, თან - ნიჭიერი, მისი აღუწერელი ხიბლი შიგნიდან მოდიოდა"

კინოში 30-მდე როლი შეასრულა, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანის ხსოვნაში 15 წლის მარიტად დარჩა. ულამაზესი ლიკა ქავჟარაძე 2017 წლის ოქტომბერში საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. იმ დღეს, როცა მაყურებელი უკანასკნელ გზაზე აცილებდა, ამბობდნენ, მარიტას როლი თავადაც ისე მოსწონდა, გადასაღები მოედნიდან შინ დაბრუნებული, მარიტას კაბით დადიოდაო.

ლიკა უკანასკნელ გზაზე მაყურებელმა ტაშით გააცილა. "ნატვრის გოგონა" ტაძრიდან "შეთემ" და "გედიამ" გამოასვენეს...

გთავაზობთ მოგონებებს ულამაზეს ლიკაზე:

"მთავარი გმირები წარმოიდგენენ ხოლმე, რომ ტახტრევანზე სხედან და... ლიკას ასეთი სასაცილო რამეები არ დამართნია"

ნანა ჯანელიძე, რეჟისორი: "ძალიან დიდხანს ვეძებდით მარიტას, ყველაზე მიყრუებული სოფლების სკოლებშიც კი. ერთ მშვენიერ დღეს თენგიზ აბულაძე სტუდიაში შემოვიდა, ამწუთას ეზოში მარიტა და გედია ვნახეო. ლიკა და სოსო რეზო გაბრიაძის ფილმის გამო სტუდიაში ყოფილან და შემთხვევით გადაყრიან მას. მერე ჩვენც გავიცანით ლიკა. მომაჯადოებელი იყო, თან - სადა, არაპრანჭია. გადაღებისას სიღნაღში ვცხოვრობდით. ლიკა მუსიკალურ ათწლედში სწავლობდა და საჭირო იყო, ყოველდღე ემეცადინა, ამიტომ მისთვის სიღნაღის მუსიკალური სკოლა დილის 7 საათზე იღებოდა. დღეში 2-3 საათი მეცადინეობდა. იყო ძალიან მოწესრიგებული, მხიარული, გულღია. ხანდახან მთავარი გმირები წარმოიდგენენ ხოლმე, რომ ტახტრევანზე სხედან და... მაგრამ ლიკა ისეთი ოჯახის შვილი იყო, შეუძლებელია, ასეთი სასაცილო რამეები დამართნოდა".

"ისეთი ლამაზი იყო, ტალახის სასროლად ვერ ვიმეტებდი"

ბერტა ხაფავა, მსახიობი:

"თვალწინ მიდგას, "ნატვრის ხის" გადაღებაზე რომ ვნახე ეს პატარა გოგო, ულამაზესი, დიდი თვალებით შემოგვყურებდა. ხან ბებია ახლდა, ხან - დედა. ლიკას ბიძა, გეიდარ ფალავანდიშვილიც ხშირად აკითხავდა ამ ანგელოზს. კოლელიშვილიც და ჯაჭვლიანიც - ეს პატარა ბიჭები, შესციცინებდნენ, პატივს სცემდნენ! ისე კი არა, როგორც ქალს - როგორც ფერიას! ისეთი ლამაზი იყო, ტალახის სასროლად ვერ ვიმეტებდი. ბოლოს რამდენიმე წლის წინ ტელევიზიაში შევხვდით. მითხრა, ცუდად ყოფნისას რამდენჯერმე თავის მოკვლა დავაპირეო".

"რომ ვთხოვდებოდი, საქორწილო კაბა არ მქონდა და თავისი მათხოვა"

ქეთინო შარაბიძე, მეგობარი: "ჩვენი დედები მეგობრები იყვნენ და შვილებიც ერთად გაზრდილები ვართ. ხანდახან ვჩხუბობდით, მერე დედები გვარიგებდნენ. ერთხელ კარაქზე გაგვგზავნეს მაღაზიაში. არა მე მოვიტან, არა - მეო და ორივე გავცვივდით. ვიყიდეთ და წამოვ-ედით. არც ერთი არ ვუშვებდით ხელს. გზაში ორივეს ხელზე ჩამოგვადნა და ბოლოს შინ კარაქი კი არ მივიტანეთ, კარაქიანები მივედით... რომ ვთხოვდებოდი, საქორწილო კაბა არ მქონდა და თავისი მათხოვა. მე ლიკაზე დაბალი ვარ, გრძელი მქონდა. გადაჭერი მერეო. ძალიან კეთილი იყო. მართლაც გადავჭერი და ჯვარიც ლიკას კაბით დავიწერე".

"კალმით ნახატი ლიკა მარტო ლამაზი არ იყო, იმხელა სევდა იდო მასში..."

ზურა ყიფშიძე, მსახიობი: "როცა აყვავდა ნუშის" გადაღებისას გავიცანი. მე 17 წლის ვიყავი, ლიკა - 13-ის. პატარა სცენა ჰქონდა - ნუშის რტოთი გაიარა ერთხელ. შევყურებდით მთელი ეს ჩვენი "ბანდა" - რა ბავშვი მოდის, რა ბავშვი იზრდებაო. შეყვარებულები ვიყავით ყველა რაღაც სხვანაირად. ის არ იყო სექსუალური ქალი. ლიკა იყო ღვთაება, თან - ნიჭიერი. მისი აუწერელი ხიბლი შიგნიდან მოდიოდა. უკვე დიდი ხანია, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. წელიწადში ერთხელ სჭირდებოდა რეაბილიტაცია. ერთი პერიოდი ხშირად ვხვდებოდით, მერე მიჭირდა მასთან სადავო თემებზე მსჯელობა. არიან ერთეულები, რომელთაც ძალიან სათუთი ფსიქიკა აქვთ. კალმით ნახატი ლიკა მარტო ლამაზი არ იყო, იმხელა სევდა იდო მასში... მაგრამ თავს არავის ახვევდა თავის სევდას".

"მისი გახსენებაც და დანახვაც ახლა უფრო მძაფრი იქნება. მიყვარს და მეყვარება"

ლომერ ახვლედიანი, ოპერატორი: "უსამართლობაა ლიკას წასვლა. წავიდა უეცრად და უაზროდ. "ნატვრის ხე" ლიკას პირველი ფილმი არ იყო, მაგრამ დიდი გამოცდილებაც არ ჰქონია, ამიტომ ხშირად თენგიზ აბულაძე გაიყვანდა ხოლმე ცალკე და საუბრობდნენ. გახსოვთ, ალბათ, ჩიტი რომ შემოფრინდება, ის სცენა. სანამ ათამაშა, დაახლოებით საათ-ნახევარი ისხდნენ და ლაპარაკობდნენ. რომ შემოვიდოდა, ანათებდა. გახსოვთ, ის კადრი, წყაროსთან მდგომი ლიკა ბორის წიფურიას გმირს რომ გამოხედავს? იქ ისეთი თავისუფალი, ნამდვილი და საოცარია! იმდენად წმინდა, რომ მაყურებლის თაყვანისცემას იწვევდა. ლიკა ყველასთვის უდიდესი დანაკარგია, მისი გახსენებაც და დანახვაც ახლა უფრო მძაფრი იქნება. მიყვარს და მეყვარება".

"ეროსი მანჯგალაძემ მითხრა, ახლა ისეთი გოგო შემოვა, მის დანახვაზე ჭკუას დაკარგავო"

დავით კვირცხალია, მსახიობი: "სასალდათე ბიჭების ეპიზოდში ვთამაშობ "ნატვრის ხეში". სიღნაღში რომ ჩავედი, ჯგუფს მუშაობა დაწყებული ჰქონდა. ვახშმობისას ეროსი მანჯგალაძემ მითხრა, ახლა ისეთი გოგო შემოვა, მის დანახვაზე ჭკუას დაკარგავო. ველოდი, რომ ლამაზს ვნახავდი, მაგრამ ლიკა მართლაც სასწაული იყო! ბიძამისი, გეიდარ ფალავანდიშვილი ახლდა - ეტყობა, მარტო არ გამოუშვეს. გახსოვთ, ალბათ, წყაროსთან ვხვდებით მარიტას, მისი სილამაზე გვაჯადოებს. "მოუსვლელში მივდივართ, არ ვიცით, დავბრუნდებით თუ ვერა და ერთი გვაკოცნინე, რა" - ვეუბნებით. მოდის და ზუსტად ისე, როგორც რეალობაში, ფილმშიც მონუსხულებს გვტოვებს. ლიკა იმდენად ამაღლებული და ბრწყინვალე იყო, რაც სცენარში ეწერა, იმას მარიტას მიმართ მართლა განვიცდიდით. მსახიობის ოსტატობა რეალურმა მშვენიერებამ დაჩრდილა".

იხილეთ ფოტოგალერეა: ლიკა ქავჟარაძის ფოტოები, რომლებიც ჯერ არ გინახავთ

იხილეთ ასევე: „თავის დროზე ვერ შევძელი, დედა და შვილი მიმეტოვებინა. ახლა სადღა წავალ...” - ლიკა ქავჟარაძის უკანასკნელი ინტერვიუ