"მეზობელი გოგო - ნათია მიყვარდა. მერე ჩემმა ძმაკაცმა უთხრა, - ამას უყვარხარო. შემრცხვა..." - კვირის პალიტრა

"მეზობელი გოგო - ნათია მიყვარდა. მერე ჩემმა ძმაკაცმა უთხრა, - ამას უყვარხარო. შემრცხვა..."

გთავაზობთ ინტერვიუს დუტა სხირტლაძესთან ჟურნალ "გზის" არქივიდან":

აღიარებს, რომ როცა პერსონაჟი მოსწონს, მის განსახიერებაზე აქტიურად მუშაობს, სხვა შემთხვევაში კი საქმეს ზერელედ ეკიდება. საინტერესოა, როგორი იყო მისთვის პირველი ინტერვიუ, პირველი ჰონორარი და ყველაფერი პირველი... ამის შესახებ დუტა სხირტლაძეს ჟურნალი "გზა" ესაუბრა.

- პირველი ინტერვიუ...

- ეს დედაჩემს ემახსოვრება, რადგან ყველაფერი შენახული აქვს. გაზეთი "ალაზნის განთიადი" არსებობდა. ჰოდა, ალბათ პირველი ინტერვიუ ამ გამოცემის ჟურნალისტს მივეცი, როგორც მუსიკალური ჯგუფის - "ღამურების" ერთ-ერთმა წევრმა ("ღამურებში" ბავშვობაში ვუკრავდი).

- პირველი ჰონორარი...

- 70 მანეთი იყო. 14 წლის ვიყავი, როცა თელავში, ნადიკვარზე, საზაფხულო თეატრში პირველი კონცერტი ჩავატარეთ. სამწუხაროდ, ეს თეატრი აღარ არსებობს - დაიწვა. უნიკალური შენობა იყო. კომუნისტური რეჟიმის პერიოდშივე აღარ ფუნქციონირებდა. ბიჭები კრეატიულობას ვცდილობდით და თეატრის მიტოვებულ შენობაში კონცერტის გამართვა ამიტომაც გადავწყვიტეთ. როგორც კი ხმაური ავტეხეთ (დაკვრა დავიწყეთ), შენობიდან ღამურები გამოფრინდნენ. საზოგადოებამ მიიჩნია, რომ ეს სპეციალურად გავაკეთეთ და ამას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, თელავში ძალიან პოპულარულები გავხდით. პირველი ჰონორარი იქვე, "ინტურისტში" დავხარჯეთ - 14 წლის ბავშვები წავედით და ბევრი დავლიეთ!.. შემდეგ უკვე თითო კონცერტში ხუთჯერ მეტი შემოსავალი გვქონდა.

- ბავშვობაში ბევრი ფულის პატრონი ყოფილხართ...

- დედაჩემს ხელფასი 70 მანეთი ჰქონდა, მე კი 400 მანეთს ვშოულობდი. კონცერტებს ვატარებდით: ჭაბუკიანში, ლელიანში, ლაგოდეხში...

- პირველი სერიოზული უთანხმოება მშობლებთან...

- ალბათ 14 წლის ვიყავი. მახსოვს, იმ დღეს თელავში ქარიანი დღე იყო. სახლიდან წავედი და ღამე სკოლის სხვენში გავათენე.

- მშობლები დიდხანს ანერვიულეთ? შინ როდის დაბრუნდით?

- 2-3 დღეში.

- მიზეზი გახსოვთ, რის გამოც სახლიდან წახვედით?

- გარდატეხის ასაკისთვის ჩვეული პროტესტი იყო და თავისთავად, რაღაც სისულელე იქნებოდა.

- პირველი სერიოზული შენიშვნა, რომელიც შვილს მიეცით...

- შვილებს "ტუტუცობებზე" ვეჩხუბები, თორემ როცა შენიშვნის მიცემა მინდა, მათ ოთახში შევდივარ და "ერთი ერთზე" ვსაუბრობთ, როგორც თანატოლები.

- "ტუტუცობებში" რას გულისხმობთ?

- მაგალითად, ვეუბნები, - ჭიქა მაგიდაზე რატომ დატოვე, ჭურჭლის სარეცხ მანქანაში რატომ არ ჩადე-მეთქი?

- პირველი რეაქცია, როცა თქვენი ფილმი - "გივი" ნახეთ...

- არ მომეწონა... მონტაჟის დროსვე მივხვდი, რომ კარგი არ გამოვიდოდა.

- არადა, ფილმის პრემიერამდე ისე საუბრობდით, რომ ბევრმა იფიქრა, - კარგი ფილმიაო და კინოთეატრშიც წავიდა...

- კი, კინოში იარა ხალხმა.

- ანუ ხალხი მოატყუეთ?

- არა, მე ყოველთვის ამას ვამბობდი, - ძალიან კარგი მსახიობები თამაშობენ-მეთქი.

- პირველი აკრძალვა პრესასთან...

- კონკრეტულად - არ მახსოვს. უბრალოდ, როცა ეკრანზე "ბევრი" ხარ, ჯობია, ჟურნალისტებთან ურთიერთობისგას თავი შეიკავო. როცა ეკრანზე არ ჩანხარ, შეიძლება, პრესის მეშვეობით მაყურებლებს თავი შეახსენო და უთხრა, რომ ისინი გიყვარს.

- პირველი ბილწსიტყვაობა საჯაროდ...

- ალბათ საჯაროდ ფილმში შევიგინე. ისე, მხოლოდ მეგობრების წრეში ვბილწსიტყვაობ.

- "იუთუბზე" თქვენი "შაირობა" იყო გამოქვეყნებული...

- ეგ ერთ საღამოზე ვთქვი; მაშინ ვახუშტი კოტეტიშვილიც იგინებოდა. საზოგადოებას ქართული ფოლკლორი გავაცანით, რომელიც ვახუშტი კოტეტიშვილმა დიდხანს აგროვა და წიგნად არის გამოცემული. არ უნდა დავმალოთ, რომ ჩვენ ასეთი ფოლკლორი გვაქვს. მერე რა, რომ ბილწი სიტყვებითაა გაჯერებული? ჩვენთან შაირობა "სიბრძნისაა ერთი დარგი". შეიძლება, ბილწსიტყვაობებში ფილოსოფიური გამონათქვამები იპოვო. ერთი პატარა ლექსი არსებობს: როგორც ჩანს, კახელი კაცი ჩრდილში იწვა. მზე "გადავიდა" - ჩრდილი "გაეცალა". ეტყობა, კახელს ჩრდილში გადაწოლა დაეზარა, მზეს თვალი გაუშტერა და "აღმოაჩინა", რომ მზე მრგვალია. შესაბამისად, სამყაროს შეცვლა მოუნდა. ჰოდა, ლექსი თქვა, რომელშიც ბილწსიტყვაობით ფილოსოფიურ აზრს გამოთქვამს: "მზესთან სექსი უნდა, რომ სამყარო შეცვალოს, ახალი სამყარო შექმნას"... არა უშავს, სიბილწეს ფილოსოფიაც უხდება.

- მის "ფილოსოფიურ" ნააზრევსაც ხომ არ იზიარებთ?

- არა, მე ამხელა ამბიციები არ მაქვს (იცინის).

- პირველი ფანი...

- არ მახსოვს, თუმცა ჩემ გარდა, "ღამურების" სამი წევრი პირველად თავის ფან გოგონებზე დაქორწინდა.

- თქვენ ბიჭი ფანები გყავდათ თუ?..

- ძირითადად, გოგონები იყვნენ ჩემი ფანები, ბიჭებთან კი ვძმაკაცობდი. ჩვენი გულშემატკივრები "ვზროსლები" იყვნენ. მათ ჩვენი სიმღერები დღემდე ზეპირად ახსოვთ: "თეთრი ფანქრები", "მეჩხუბება დედა"...

- ფან გოგონასთან რომანტიკული ურთიერთობა გაგიბამთ?

- არა. ყოველთვის ერთგული შეყვარებული ვიყავი ხოლმე...

- პირველი სიყვარული...

- მეზობელი გოგო - ნათია მიყვარდა. მერე ჩემმა ძმაკაცმა უთხრა, - ამას უყვარხარო. შემრცხვა და გადავიყვარე. ნათიას დღესაც რომ შევხვდე, ალბათ მოკრძალებული ვიქნები (თუ ვიცანი).

- ძმაკაცის საქციელმა ტრავმა მოგაყენათ?

- ჰო. აი, "არამკითხე მოამბეო", ხომ გაგიგონია? უნდა მიმეტყიპა და მიმეგდო. შეიძლება, მივტყიპე კიდეც, არ მახსოვს...

- პირველი ტყუილი...

- უუჰ, რა გამახსენებს!

- ხშირად იტყუებით?

- ჩემი პროფესია ტყუილის თქმაა, გოგო! კარგად რომ ვიტყუები, - ჰამლეტი ვარ, ჰამლეტი-მეთქი, ხალხი ტაშს მიკრავს.

- რეალურ ცხოვრებაში თუ იტყუებით?

- სიმართლის პირში თქმა მიყვარს. უწყინარი ტყუილები - კი, მაგრამ... საერთოდ, ტყუილი არ ვარგა.

- საყურის გაკეთების სურვილი პირველად როდის გაგიჩნდათ?

- ბავშვობაშივე მინდოდა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით პრობლემა დღეს არსებობს და კომუნისტური რეჟიმის დროს ხომ - საერთოდ!.. თუმცა "ბენდენით" დავდიოდი, რომელსაც კახეთში "თავშალს" ეძახდნენ. ყური სტუდენტობისას გავიხვრიტე, მაგრამ შემიხორცდა. ახლა საყურე ისევ მიკეთია.

- პირველი რისკი...

- დაბადებიდან ექსტრემალი ვარ - ხიფათთან "ურთიერთობა" მიყვარს. ამავდროულად, ფრთხილიც ვარ. სხეულზე მხოლოდ 2 "შრამი" მაქვს. ყოველთვის ვრისკავდი, მაგრამ მოტეხილობები არ მქონია. ბავშვობაში კლდეზე "შტაბებს" ვაშენებდით, ხიდან ხეზე ვხტებოდით, ტყეში დავრბოდით, ღამით იქ ვრჩებოდით, თავი სოკოთი გაგვქონდა... მოკლედ, მთელი ბავშვობა "ვრეინჯერობდი". დღესაც ვრისკავ: ახლა გადაცემა "ადრენალინის" წამყვანი ვარ. მონაწილეებს ხშირად თავად ვაჩვენებ, რა უნდა გააკეთონ ანუ მე "ვტესტავ"... პარაპლანით პირველად გადმოხტომა ყველაზე მაგარი იყო: 2 წლის წინ გადმოვხტი, თან - ინსტრუქტორის გარეშე. იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: დუტა სხირტლაძე: "მე დედის გვარზე ვარ და არ ვარ სხირტლაძე, ჩემი ნამდვილი გვარია ვალიცკი"

ეთო ყორღანაშვილი ჟურნალი "გზა"