"ყველა კაცი ბავშვივით არის, მოვლა, მოფერება სჭირდებათ" - კვირის პალიტრა

"ყველა კაცი ბავშვივით არის, მოვლა, მოფერება სჭირდებათ"

"რამაზმა ბავშვობის ყველა ოცნება ამიხდინა. ძლიერია, თბილი, ზოგიერთივით არ უტყდება ხალხში სიყვარულის გამოხატვა. ცხრა წელია, ერთად ვართ და დღე არ ჩაგვიგდია, ერთმანეთს არ მივწეროთ: "მიყვარხარ, მენატრები..."

ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. სამი შვილის დედაა, თუმცა ეს ხელს არ უშლით ხატიას და მის მეუღლეს, რამაზ ნოზაძეს, არც ერთმანეთს მოაკლონ ყურადღება და არც ბავშვებს.

- როგორც კი ბავშვები სკოლიდან დაითხოვეს, წავედით კიკეთში, ჩვენს აგარაკზე. მერე ზღვაზე დავისვენეთ. ყოველ წელიწადს ბათუმში ჩავდივართ, მაგრამ ამჯერად ვამჯობინე, ჩემს მშობლიურ ქალაქში, ფოთში დაგვესვენა. ბავშვებს ძალიან მოეწონათ იქაურობა. წელს მთელი ზაფხული ბავშვებს დავუთმე.

- როგორც ჩანს, აქტიური დედა ხარ.

- რამდენი ძიძაც უნდა გყავდეს, ბავშვებს მაინც დედა სჭირდებათ. ვცდილობ, ყურადღება არ მოვაკლო, თუმცა მე არ ვარ ის დედა, 40 წლის შვილის ცხოვრებასაც რომ აკონტროლებენ. ამის გამო შვილებს ენგრევათ ოჯახები, ან საერთოდ ვერ ქმნიან. როგორც კი ჩემი შვილები ბავშვობის ეტაპს გაივლიან, დამოუკიდებლად აზროვნებისა და გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას მივცემ - შეცდომებიც დაუშვან და მერე თვითონ მიხედონ. მე და რამაზი მათ გვერდით ვიქნებით, რომ წამოვაყენოთ.

- როგორი მამაა რამაზი? - რამაზს სულ ეჩვენება, რომ მის შვილებს დაცვა სჭირდებათ - აბა, მამიკო, ვინმემ ხომ არ გაგაბრაზათო... ჯერ ძალიან პატარები არიან, მაგრამ უკვე ნერვიულობს, რომ ბავშვებს შეყვარებულები არ ჰყავდეთ. მეცინება, ვეუბნები, სამომავლოდ ნერვები შემოინახე-მეთქი. წარმომიდგენია ის მომენტი, როცა რომელიმე შეყვარებულს მოუყვანს და ეტყვის, მამა, გაიცანიო. ამ სცენას აუცილებლად უნდა დავესწრო.

- როგორ ანაწილებ დროს მეუღლისა და შვილებისთვის? - როგორღაც ვახერხებ, რომ დრო ყველასთვის გავანაწილო. სექტემბერში მე და რამაზი ბავშვების გარეშე დასვენებას ვგეგმავთ. სულ ვამბობ, ოთხი შვილი მყავს-მეთქი. უფროსი რამაზია - ყველაზე ჭირვეული. ყველა კაცი ბავშვივით არის, მოვლა, მოფერება სჭირდებათ. თუ ჭკვიანი ქალი ხარ, ყველას თანაბრად გაუნაწილებ დროსაც და სითბოსაც. თვითონაც მიკვირს, რომ ასეთი ნიჭიერი აღმოვჩნდი...

- სექტემბერში სად აპირებთ წასვლას? - მეუღლემ საბერძნეთი შემომთავაზა...

- როგორ გაიხსენებ შენი და რამაზის პირველ მოგზაურობას?

- ამსტერდამში წავედით. მაშინ ბავშვი არ გვყავდა, ორსულად ვიყავი. ერთხელ მადამ ტიუსოს მუზეუმთან ვიდექი რიგში და საშინელი წვიმა დაიწყო. არც ისეთი ადგილი იყო სადმე, თავი რომ შეგეფარებინა. უცებ რამაზი სადღაც გაიქცა, ქუჩა გადაირბინა და ნაგვის ურნასთან მივიდა. გამიკვირდა, იქ რა უნდა-მეთქი. ვხედავ, ნაგვის ურნასთან მიყუდებული, გადასაგდები ქოლგა აიღო, მოირბინა და გადამაფარა. რიგში მდგომმა ხალხმა ტაში დაუკრა და მეც გული ამიჩუყდა. იმდენი ვიტირე... კარგია, რომ წვიმდა და ჩემი ბედნიერების ცრემლები არ ჩანდა... მოკლედ, ძალიან კარგი დრო გავატარეთ და გადავწყვიტეთ, ყოველ წელიწადს გვემოგზაურა. უკვე ცხრა წელიწადია, ერთად ვართ და მე და ჩემი ქმარი სულ ერთად ვმოგზაურობთ. არ გვიყვარს მეგობრებთან, "სასტავთან" ერთად დასვენება...

- რატომ? - იმათი სურვილებიც უნდა გაითვალისწინო, ჩვენ კი ძალიან კარგად ვერგებით ერთმანეთს - ერთნაირი სურვილები გვაქვს, ერთნაირი რაღაცები მოგვწონს. თუ დალევა გვინდა, ერთად ვსვამთ, თუ გართობა - ერთად ვერთობით.

ერთხელ პარიზში ქუჩის მომღერალს ფული ჩავუყარე, იმან კიდევ დამიჭირა და იმღერეო, მეუბნება შუა პარიზში, ოპერის წინ. რამაზიც მანიშნებს, არ წამოხვიდე, იმღერეო, მიქნევს ხელებს. ვინ მიცნობს ახლა ამ პარიზში, დიდი ამბავი-მეთქი და მეც ვიმღერე. ეს მომღერალი მეუბნება, შენს ენაზე იმღერეო. პირველი, რაც თავში მომივიდა, "სულიკო" იყო. დავცხე ამ პარიზში, ოპერის წინ "სულიკო". ხალხი ტაშს მიკრავს, არის ერთი ამბავი... რომ გამოვედი, რამაზი მეუბნება, ოპერაში არა, მაგრამ ოპერის წინ ხომ იმღერეო... ასეთი ბავშვური რაღაცები მოგვწონს, თუმცა ხასიათით განსხვავებულები ვართ. რამაზი ძალიან დინჯია, ვერ გამოიყვან წყობიდან. მე რომ დავანგრევ ქვეყანას, მან შეიძლება მშვიდად მითხრას, ხატი, კარგი, რა, დაწყნარდიო. ვფიქრობ, ამ განსხვავებულობით ვავსებთ ერთმანეთს. რამაზი ჩემი კედელია, ჩემ უკან ყოველთვის დგას. ბავშვობაში თუ მიფიქრია, რომ ჩემი ქმარი უნდა ყოფილიყო ჩემი კედელი, რამაზი ზუსტად ასეთია.

- ბავშვობის ოცნება აგსრულებია... - მინდა გითხრა, რომ რამაზმა ბავშვობის ყველა ოცნება ამიხდინა. ძლიერია, თბილი, ზოგიერთივით არ უტყდება ხალხში სიყვარულის გამოხატვა. ცხრა წელია, ერთად ვართ და დღე არ ჩაგვიგდია, ერთმანეთს არ მივწეროთ: მიყვარხარ, მენატრები. ჩვენი ურთიერთობა დღესაც ისეთია, როგორიც შეყვარებულობისას. ზოგჯერ ვკამათობთ, მაგრამ ჩვენი ხმა ოთახიდან არ გადის, შესაბამისად, ჩემს შვილებს ჰგონიათ, რომ ცოლ-ქმარი არასოდეს ჩხუბობს. ერთობლივი ძალისხმევით ვქმნით ოჯახურ იდილიას.

- ოჯახი და მოვალეობები ხშირად ცვლის შეყვარებულობის დროინდელ რომანტიზმს, თქვენ როგორ ახერხებთ ამის შენარჩუნებას? - ურთიერთობა არ უნდა იყოს ცალმხრივი. ხომ არიან ისეთი "ტომრები", ვერაფრით დაძრავ. განუწყვეტლივ რომ იძახო, მიყვარხარ, მიყვარხარო, შეიძლება პასუხიც არ გაგცეს. რომანტიზმი თუ დაკარგე, იქნები იმ 80%-ით, მხოლოდ სახელად რომ ჰქვიათ ცოლ-ქმარი.

რამაზს ძალიან უყვარს სიურპრიზები და არც მე ვაკლებ. ჩემს დაბადების დღეს არ მიყვარს ქართული ხალხური სუფრები და ამ დღეს რამაზს საზღვარგარეთ მივყავარ, ან რამე ისეთს აკეთებს, რომ მასიამოვნოს. ისე იყიდის ბილეთებს, წინასწარ არ მეუბნება...

- ეჭვიანობის საბაბი თუ გქონია? - არასდროს! წარმოუდგენელია, ასეთი რამ მოხდეს. ერთმანეთს ვენდობით.

- შენი და დედამთილის ურთიერთობა საზოგადოების განხილვის საგანი იყო, ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ? - ჩხუბი დედასთან მოსდით და ერთხელ რომ დედამთილთან გაურკვევლობა მქონდა, არა მგონია, ასეთი მნიშვნელოვანი იყოს. ჩემი დედამთილი ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია და ისეთ დროს დამდგომია გვერდში, ბევრი რომ თავს აარიდებდა. პატარა გაუგებრობა ვერასდროს დაჩრდილავს იმას, რაც უფრო დიდი და ღირებულია!

ხათუნა კორთხონჯია