"შემიყვარდა და მასთან ერთად გადავწყვიტე საქართველოში დასახლება" - კვირის პალიტრა

"შემიყვარდა და მასთან ერთად გადავწყვიტე საქართველოში დასახლება"

გიხარია, როდესაც შენს ენაზე მოსაუბრე უცხოელს შეხვდები. დიახ, ასეთი ადამიანების მიმართ ყოველთვის პატივისცემით ვიმსჭვალები. მოკლედ, ერთ-ერთ საქმიან შეხვედრაზე შემთხვევით შევხვდი უკრაინელ კატერინა პობერეჟნას, რომელმაც მართლა გამაოცა ჯერ ქართულის ცოდნით, შემდეგ კი უკვე საკუთარი ამბით, რომელიც მთლიანად ჩვენს ქვეყანას დაუკავშირა... როდესაც მისი ახლოს გაცნობით დავინტერესდი, გაირკვა, რომ ის ქართველების რძალია, საქართველოში 2007 წლიდან ცხოვრობს და შეყვარებულია ჩვენს ქვეყანაზე...

კატერინა კვალიფიციური სპეციალისტია "ევრობანკში", აგრობიზნესმრჩეველია და საქართველოში ტექნიკური პროექტების კოორდინაციას ახდენს, ასევე მუშაობს "ფაოში" კონსულტანტად და სხვადასხვა პროექტის კოორდინატორად.

- დავიბადე უკრაინის ცენტრში, კიროვოგრადში, დღეს მას უკვე კროპივნიცკი ჰქვია. კროპივნიცკი იყო ადამიანი, რომელმაც უკრაინაში თეატრი დააარსა. მოკლედ, ბავშვობა ამ ქალაქში გავატარე, მერე 15 წლისამ კიევში, აგრარულ უნივერსიტეტში ჩავაბარე... ექსპერიმენტულ სკოლაში ვსწავლობდი. ბავშვები ეზოში ვერც კი მხედავდნენ, რადგან სულ მეცადინეობაში ვიყავი და სასეირნოდ, სათამაშოდ არ მეცალა. გიმნაზიამ სამომავლოდ კარგი სტარტი ამაღებინა სწავლისა და შრომის მიმართულებით... კატერინა პობერეჟნა

კიევში აგრარული მენეჯმენტის განხრა შევარჩიე, რადგანაც აგრობიზნესში საერთაშორისო ურთიერთობებმა დამაინტერესა და კიევში ბაკალავრიატის კურსი დავასრულე, მერე გერმანიაში მომიხდა მაგისტრატურის გავლა... მანამდე ცოტა გერმანული ვიცოდი, მერე მისი აქტიური შესწავლა დავიწყე. დაახლოებით ნახევარი წელი იქაურ ოჯახში ცხოვრებისას ენასაც ვეუფლებოდი. ძალიან კარგი ხალხის გარემოცვაში მოვხვდი. ისინი ხასიათით ძალიან ჰგავდნენ უკრაინელებს. მოკლედ, მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდში გავიცანი მომავალი მეუღლე.

გერმანიის მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა პროგრამა, სადაც ახალგაზრდები ფაქტობრივად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყნიდან სწავლობდნენ, ასევე ჩილედან, პარაგვაიდან. ჩემი მეუღლეც ქართველების ჯგუფში იყო... დღეს ამ ადამიანებს ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს, რაც საქმეშიც გვეხმარება.

სწავლა რომ დავამთავრეთ, 2007 წელს საქართველოში ჩამოვედით, თან მომავალი მეუღლის ოჯახი უნდა გამეცნო. ჩემები მას უკვე იცნობდნენ...

- ე.ი. შეგიყვარდათ ერთმანეთი. - ჯერ დავმეგობრდით, მერე შეგვიყვარდა და ბოლოს დაქორწინებაც გადავწყვიტეთ... საქართველოში რომ ჩამოვედით, აქ ბევრი რამ ორივესთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა (ის 2 წლის განმავლობაში გერმანიაში იყო, სწავლის გამო სამშობლოში ჩამოსვლას ვერ ახერხებდა) - ვნახეთ, რომ ქვეყანა ვითარდებოდა, მუშაობის შესაძლებლობაც იყო, რაც ძალიან მოგვეწონა. მოკლედ, ჩამოვედით და დავრჩით.

მარტში ჩამოვედით და სექტემბერში ძალიან ლამაზი ქორწილი გვქონდა. მაშინ პატარძლები ქართულ ეროვნულ სამოსს არ იცვამდნენ და ქორწილში მე ჩავიცვი, სპეციალურად შევაკერვინე. ეს იდეა იმიტომ გაჩნდა, რომ ჩემს მეუღლეს ჩოხა უნდა ჩაეცვა. უკრაინულ სამოსზე ვფიქრობდი, მაგრამ ჩოხის სტილს არ მოუხდა... სტუმრები უკრაინიდანაც გვყავდა, აღფრთოვანებულები იყვნენ ყველაფრით. ქუჩაშიც ხალხი ფოტოებს გვიღებდა. ვიყავით მცხეთაშიც...

- სანამ საქართველოში დასახლდებოდით, არ გიფიქრიათ, რომ აქ ცხოვრება გაგიჭირდებოდათ? - საქართველოზე საერთოდ არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა, რომ კავკასიაშია... დღეს საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ცნობილია, უამრავი უცხოელი ტურისტი ჩამოდის. მათ მოსწონთ აქაური კულტურა, მუსიკა, სამზარეულო. მაშინ ასე არ იყო. მოკლედ, იმიტომ არ ჩამოვსულვარ, რომ აქ ცხოვრება მინდოდა. ადამიანი შემიყვარდა და მასთან ერთად გადავწყვიტე საქართველოში დასახლება. საქართველო უცხოელებისთვის საკმაოდ კომფორტული ქვეყანაა. ქართველთა ტოლერანტობის დონე გასაოცარია. ასევე, საქართველოში იყო სტუმარი, ეს ბედნიერებაა. თბილისში რომ ჩამოვედი, ვეძებდი ძველ ქუჩებს, ძველ შენობებს, ფეხით ბევრს დავდიოდით... ყველაფერს ვეცნობოდი და ვსწავლობდი... კატერინა პობერეჟნას შვილები

ქართულმა კერძებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ისევე, როგორც ამინდმა. როგორც გითხარით, მარტში ჩამოვედი... სასიამოვნო გაზაფხული იყო და მას მერე ძალიან მიყვარს წელიწადის ეს დრო თბილისში. მოკლედ, მალევე მივხვდი, რომ ძალიან საინტერესო ქვეყანაში მოვხვდი. ოჯახმაც თბილად და კარგად მიმიღო. ახლაც ერთ დიდ ოჯახად ვცხოვრობთ, ანუ 4 თაობა ერთად (მეუღლის ბებია-ბაბუა, მშობლები, ჩვენ და ჩვენი შვილები). ჩემთვის მათთან თანაცხოვრება პრობლემას არ წარმოადგენს, პირიქით, სასიამოვნოა.

- ენას კარგად ფლობთ, საუბრისას არანაირი დაბრკოლება არა გაქვთ, რაც ყურადღებას უდავოდ იქცევს... უშეცდომოდ ლაპარაკობთ.

- ქართული ენა არ არის იოლი სასწავლი, მაგრამ არ გამიჭირდა, რადგანაც ამაში ოჯახი, გარემო, ხალხი, სატელევიზიო გადაცემები დამეხმარა. თუმცა, თავიდან ყრუ-მუნჯივით ვიყავი. მასწავლებელთანაც (თეა აქიაშვილი) ვიარე, ძალიან კარგი პედაგოგი შემხვდა.

- ქართული სამზარეულო ახსენეთ. თავად თუ ამზადებთ?

- რა თქმა უნდა, როცა საჭიროა და როცა ამის მუზა მაქვს, ქართულ კერძებს ვამზადებ. ცხადია, უკრაინულაც... აქ ბორშჩს ცოტა სხვანაირად აკეთებენ, ჩვენთან ის ხორცის გარეშე წარმოუდგენელია.

- როგორც გავიგე, ქართულმა სიმღერამ თქვენზე დიდად იმოქმედა. პრაქტიკულად, თქვენს ოჯახს ჩაუყარა საფუძველი... - განსაკუთრებულად მიყვარს და ისიც სიმართლეა, რომ მომავალი მეუღლე ქართული სიმღერით გავიცანი. სტუდენტები ერთმანეთის ახლოს გასაცნობად ვიკრიბებოდით. ერთ დღესაც, ჩემს ოთახში მცხოვრებლებთან ქართველი სტუდენტი ბიჭების ჯგუფი მოვიდა. როდესაც საუბარი ჩამოვარდა სიმღერაზე, ამის საილუსტრაციოდ მოუწიათ სიმღერის შესრულებამ... ჩემს მეუღლეს ძალიან კარგი სმენა აქვს, კაპელაში ციცი ფალავანდიშვილთან მღეროდა. ჰოდა, მისმა ნამღერმა მომხიბლა. ბიჭებთან ერთად აკაპელა, "თბილისო" შეასრულა. თვითონ მიიჩნევს, რომ არცთუ ისე კარგად მღერის, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ - ქართული მუსიკა, სიმღერები მომწონს.

- რამდენი შვილი გყავთ?

- 2 ბიჭი გვყავს - 9 და 7 წლის. ძალიან კარგები არიან. ქართულად ლაპარაკობენ, უკრაინულადაც. დამყავს უკრაინაში, ჩემს მშობლებთან... იხილეთ სრულად

ლალი ფაცია ჟურნალი "გზა"