როგორ გავწმინდოთ გაზქურა და სამზარეულოს გამწოვი - 2 უმარტივესი ხერხი, რომელიც საყოფაცხოვრებო ნივთებს ბრწყინვალებას დაუბრუნებს - კვირის პალიტრა

როგორ გავწმინდოთ გაზქურა და სამზარეულოს გამწოვი - 2 უმარტივესი ხერხი, რომელიც საყოფაცხოვრებო ნივთებს ბრწყინვალებას დაუბრუნებს

სამზარეულო, სადაც ყველაფერი მუდმივად ახალივით და სუფთად გამოიყურება, ყველა დიასახლისის ოცნებაა. თუმცა სისუფთავის შენარჩუნება საკმაოდ დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული და ხშირად ეს არც ისე სასიამოვნო პროცედურაა.

გთავაზობთ ორ მარტივ ხერხს, რომელიც დაგეხმარებათ, რომ გაზქურა, მისი ზედაპირი და ზედაპირზე განთავსებული ლითონის სადგამები ცხიმისა და საკვების ნარჩენების კვალისგან მუდმივად სუფთა იყოს და ახალივით ბზინავდეს.

როგორ უნდა გაწმინდოთ გაზქურის ზედაპირი და ლითონის სადგამები

1) თქვენ დაგჭირდებათ:

4 პოლიეთილენის პატარა ჩანთები სამაგრებით

ამიაკის სპირტი

სითხის საფრქვევი მოწყობილობა

უბრალოდ მოათავსეთ ბინძური ღუმელის თითოეული დამცავი რკინა ჩანთაში და მიასხურეთ მას ამიაკის სპირტი. ამის შემდეგ აუცილებელია ცოტა ხნით დაელოდოთ პროცესს, შემდეგ კი თითოეული რკინა ღრუბლით გაწმინდეთ, გაწმენდის პროცესი ძალიან მარტივია! ნახეთ ვიდეო და უკეთ მიხვდებით, თუ როგორ კეთდება ყოველივე ეს.

2) აიღეთ საკვები სოდა და წყალი, აურიეთ ერთმანეთში ისე, რომ პასტისმაგვარი მასა მიიღოთ, წაუსვით გაზქურას, ჩართეთ დაბალ ტემპერატურაზე და რამდენიმე წუთში გამორთეთ, შემდეგ სპრეის ბოთლში ჩაასხით ვაშლის ძმარი, კარგად დანამეთ გაზქურა და შემდეგ გაწმინდეთ, ეს ხერხი არაჩვეულებრივია ასევე ფანჯრებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების გასასუფთავებლად, მათ შორის, ღუმელის რკინის ბადეების, გამწოვის ფილტრებისა და მისი ზედაპირის.

გამწოვის რეცხვა-წმენდის წესები

კიდევ ერთი ატრიბუტი, რომელიც სახლში სისუფთავის შეგრძნებისა და კომფორტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არის სამზარეულოს გამწოვი.

სამზარეულოში დამონტაჟებული გამწოვი ბინას სუფთა და ჯანსაღი ჰაერით უზრუნველყოფს და მყუდრო და კომფორტულ ატმოსფეროს ქმნის. სამზარეულოს გამწოვი არ არის ინტერიერის ის დეტალი, რომელიც სტილს ქმნის. ამ ხელსაწყოს წმინდა პრაქტიკული დანიშნულება აქვს: წმენდს ჰაერს ნამწვისგან, კვამლისა და ჭვარტლისგან და სუნებს მთელ ბინაში გავრცელების საშუალებას არ აძლევს. ალბათ დამეთანხმებით - ძალიან არასასიამოვნოა, როცა საღამოს საძინებელში შესულს იმ თევზის სუნი დაგხვდებათ, რომელიც ვახშმად მიირთვით.

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ უსიამოვნო სუნი ადამიანს აღიზიანებს, იწვევს თავის ტკივილს და დეპრესიასაც კი. იმაზე, თუ როგორ მუშაობს ჰაერის გამწმენდი, ბევრად არის დამოკიდებული ჩვენი განწყობილება. სამზარეულოში მუდამ სუფთა ჰაერი რომ იყოს, საჭიროა, გამწოვი მუდამ კრიალებდეს.

არ დაივიწყოთ, რომ გამწოვი ელექტრომოწყობილობაა და თავდაპირველად ელექტროქსელიდან უნდა გაითიშოს. ამის შემდეგ უნდა განისაზღვროს, რომელი ფილტრი აქვს გამწოვს. ლითონისა (უმეტესად - ალუმინისა, იშვიათად - თუჯისა) რეგულარულ წმენდას მოითხოვს. გაწმენდის დრო რომ მოუვა, ამას სპეციალური ინდიკატორი მიგანიშნებთ. ნახშირისა და აკრილის ფილტრი კი არ იწმინდება - მას ცვლიან. გამწოვის კორპუსსაც სჭირდება რეგულარული გასუფთავება - მტვრისგან, ცხიმისგან, ჭვარტლისგან... რისგანაც უნდა იყოს ის დამზადებული: ალუმინისგან, უჟანგავი ლითონისა თუ მინისგან, დაფარული იყოს მინანქრით - არასოდეს გამოიყენოთ უხეში ღრუბელი ან სახეხი: ის გლუვ ზედაპირს დაკაწრავს.

ვაშლის ძმრის, თბილი წყლისა და სოდის კომბინაციის გამოყენება გამწოვის კორპუსისა და ფილტრის გასაწმენდადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ.