"ორ-ნახევარი წლის ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა... ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სულ თან დამყვება, სულ ჩემთან არის"
"ორ-ნახევარი წლის ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა... ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სულ თან დამყვება, სულ ჩემთან არის"
ფოტო:ნანა ჩარკვიანი
"მისგან მეც ის დამრჩა, რაც ყველას დაუტოვა - მუსიკა, პოეზია, მწერლობა და ამის დახმარებით, მე შევძელი, რომ ირაკლი სიღრმისეულად გამეცნო, ბევრი რამ გამეგო მასზე", - ნანა ჩარკვიანი მამის, ირაკლი ჩარკვიანის ოჯახის, საკუთარი მიზნებისა და ინტერესების შესახებ გვესაუბრა.


- ნანიკო, გვიამბე შენს გეგმებსა და მიზნებზე. მომავალში რომელ პროფესიაზე შეაჩერებ არჩევანს? რა მიმართულებაა შენთვის უფრო საინტერესო?

- მეთერთმეტე კლასში გადავედი და ჯერ მხოლოდ ამით ვარ დაკავებული. ამ ეტაპზე დიდი გეგმები არ მაქვს,
ნელ-ნელა ვერკვევი, რა მინდა მომავალში გავაკეთო, ანუ ძიების პროცესში ვარ. მხოლოდ ის ვიცი ზუსტად, რომ ჰუმანიტარულ მიმართულებას ავირჩევ, არანაირი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია. ყოველდღე მეცვლება აზრი: ერთ დღეს მსახიობობა მინდა, მეორე დღეს - სხვა
რამ. მუსიკაც ძალიან მიყვარს და ვცდილობ, ამ სფეროსაც მივუახლოვდე.

- ოჯახზე ვისაუბროთ. რა გავლენას ახდენდა შენზე ისეთი ადამიანების გარემოცვაში ცხოვრება, როგორიცაა: გელა ჩარკვიანი, ქეთათო, ირაკლი, ქალბატონი ნანა...
- ყოველთვის იყო მომენტი, რომ მინდოდა თუ არა, განსხვავებულობა მიწევდა. მახსოვს, ლონდონში რომ ვსწავლობდი, მძღოლი ჩემ გარდა არავის ჰყავდა. როცა ბავშვები მეკითხებოდნენ, ბაბუაშენი რას საქმიანობსო? აფიშირებას არ ვუკეთებდი იმას, რომ იგი ელჩი იყო. მერე მივხვდი, რომ დასამალი არაფერია და პირიქით, ეს საამაყოა. ბავშვობისას, მშობლებთან მიმართებაშიც მქონდა მსგავსი კომპლექსები, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ამას ეჩვევი და ხვდები, რომ ამ ყველაფრით უნდა იამაყო, რომ ყველაფერი კარგი, რაც მათშია, შენშიც იკავებს ადგილს. იზრდები ისე, რომ მათგან ბევრ კარგ რამეს სწავლობ და ეს მნიშვნელოვანია.

- რა არის შენთვის პრიორიტეტული?
- მთელი ცხოვრება მინდა, რომ რასაც ვფიქრობ და რა იდეებიც მაქვს, განვახორციელო. შევძლო, ჩემი წვლილი დავტოვო იმ სფეროში, რომელსაც სამომავლოდ ავირჩევ. თუ პოლიტიკოსობას მოვინდომებ, ამ სფეროში რაიმე უკეთესობისკენ უნდა შევცვალო და თუ მუსიკოსობას - ამ მხრივაც დავტოვო ჩემი კვალი. მინდა სხვებსაც დავანახვო ის, რასაც ვთვლი, რომ სიმართლეა - ჩემთვის ეს არის პრიორიტეტული.

- ბებია-ბაბუისა და შვილიშვილის ურთიერთობა ყოველთვის გამორჩეულია. ბატონი გელა რას გიამბობს ირაკლიზე, თავის საქმიანობაზე, განვლილ წლებზე?
- რეალურად, მასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, ისეთი, როგორც ბაბუასა და შვილიშვილს უნდა ჰქონდეს, ხან ვურეკავ, ხან მიბრაზდება, - რატომ არ მირეკავო, რატომ არ მოდიხარო. ყველა თემაზე მესაუბრება, ამბებს მიყვება. ბავშვობისას, სულ ირაკლისთან დაკავშირებით მიჩნდებოდა შეკითხვები და რაც შეეძლო, ყველაფერს მიამბობდა. თვითონ გელას ცხოვრებაზე კი იმდენი რამ ვიცი, ყოველდღიურობიდან, თუნდაც, სუფრასთან საუბრების დროს, რომ ცალკე რაიმეს მოყოლა ან მისი წიგნების წაკითხვა არ დამჭირვებია, ეს ყველაფერი ასე ვთქვათ, პირველწყაროდან ვიცი (იღიმის). ეს კარგია და ძალიან მომწონს, ცხოვრებაში მადგება. თუნდაც, პატარა ფაქტიც კი მამახსოვრდება. გელამ იმდენი ჩადო ჩემში, რომ ის ჩემთვის თან მასწავლებელია, თან ბაბუა. ინგლისურს, სოციოლოგიას მასწავლიდა...

- ირაკლი როგორია შენს მეხსიერებასა და წარმოსახვაში?
- როგორც მაგარი მამა! ვინაიდან, ძალიან პატარა, ორ-ნახევარი წლის ვიყავი, როცა ირაკლი გარდაიცვალა, მისგან მეც ის დამრჩა, რაც ყველას დაუტოვა - თავისი მუსიკა, პოეზია, მწერლობა და ამის დახმარებით, მე შევძელი, ირაკლი გამეცნო სიღრმისეულად, ბევრი გამეგო მასზე. მუსიკოსებსა და შემოქმედებაში ყველაზე მეტად, სწორედ ეს მიყვარს - რეალურად ტოვებ ისეთ რაღაცას, რომლითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შენი გაცნობა. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა, ირაკლის წიგნი წავიკითხე და ის ჩემებურად გავიცანი.
ირაკლი ჩემთვის ყველაზე ახლობელი მუსიკოსი, მწერალი, პოეტია... და სულ იქნება! მის ვიდეოებს ვუყურებ და ესეც ბედნიერებას მანიჭებს.

- როგორია განცდა, როცა ასეთი ადამიანის შვილი ხარ? ირაკლი ჩარკვიანი ყოველთვის ახსოვთ, მოსწონთ მისი შემოქმედება, ჰბაძავენ...
- ძალიან მაგარია! მართლაც - დღემდე აქტუალურია. სადმე წავალ - ირაკლის მუსიკაა, მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავალ - მის მუსიკას უკრავენ, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სულ თან დამყვება, სულ ჩემთან არის. მართლა აქ არის! რაღაცაზე ვფიქრობ, უცებ ვიღაცის მანქანიდან ირაკლის მუსიკა მესმის... რაც შეეხება მიბაძვას: ნამდვილმა შემოქმედებამ ინსპირაცია უნდა მოგცეს. შენ თუ რაღაც მოგცა და მერე, შენებურად ცდილობ გააკეთო, მაგარია. მხოლოდ ნამდვილ შემოქმედს შეუძლია ისეთი რამ შექმნას, რაც მანამდე არავის გაუკეთებია. რთულია, ორიგინალური იყო.

- რას იტყვი ქეთათოზე, როგორც დედაზე?
- ქეთათო ჩემთვის ყველაფერია. რაც მამისგან დამაკლდა, ქეთათოს მოუწია მოცემამ. რეალურად, ჩემი ცნობიერების დიდი პროცენტი ქეთათოს შექმნილია და ეს მიხარია, ამის გამო ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს მასთან.
ჩვენ შორის არანაირი საიდუმლო და ისეთი კითხვა არ არსებობს, რაც ბარიერს შექმნის. ქეთათოსთან თავს იმდენად თავისუფლად ვგრძნობ, რომ ჩვენი ურთიერთობა თანდათან კიდევ უფრო მეტად უკეთესი ხდება.

- ძმაზე - მაქსიმე ჩარკვიანზე რას გვეტყვი?
- მაქსიმე მოსკოვში ცხოვრობს, იქ მუშაობს და ხშირად ვერ ჩამოდის, თუმცა, როცა თბილისშია, ყოველთვის ვნახულობ და სულ ვგრძნობ, რომ ის ჩემი ძმაა. შეიძლება ერთი წელი არ მყავდეს ნანახი, მაგრამ ისე ვართ და ისე ვაგრძელებთ ურთიერთობას, როგორც ბოლო ნახვისას. მაქსიმე ძალიან მიყვარს!

- როგორ ფიქრობ, რა თვისებებით ჰგავხართ ერთმანეთს?
- შემიმჩნევია, რომ საუბრის მანერითა და იდეებით ძალიან ვგავართ. არ ვეუბნები, მაგრამ ასეა. მაქსიმეში ჩემს თავს ხშირად ვხედავ და ეს მიხარია. მართალია, ხშირი არა, მაგრამ მნიშვნელოვანი ურთიერთობა გვაქვს და ეს მომწონს.

- რას გეუბნებიან ოჯახის წევრები, ირაკლის უფრო ჰგავხარ თვისებებით, ხასიათით თუ ქეთათოს?
- სხვათა შორის, ქეთათოც არანაკლები "მეამბოხე სულია". ვინაიდან ის საკმაოდ პატარა იყო, როცა ირაკლი გაიცნო, მან გაიზიარა მეუღლის ბევრი თვისება და საბოლოოდ, ირაკლი რომ გარდაიცვალა და ქეთათოს ჩემი გაზრდა მოუხდა, თავისი თავიც და ბევრი ირაკლიც ჩადო ჩემში. რეალურად, ორივეს თანაბარი ნაზავი ვარ, რადგან ქეთათოში ძალიან ბევრი ირაკლია. იხილეთ სრულად


ნათია გურგენიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა