"ტექსტის დაზეპირება გვიწევდა, სად იყო მაშინ სუფლიორი. დღეს ტექნიკა განვითარებულია" - პირველი ქართველი დიქტორები და... - კვირის პალიტრა

"ტექსტის დაზეპირება გვიწევდა, სად იყო მაშინ სუფლიორი. დღეს ტექნიკა განვითარებულია" - პირველი ქართველი დიქტორები და...

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში პირველმა ტელევიზორმა მოიკიდა ფეხი, მოგვიანებით კი საქართველოშიც შემოაბიჯა, ბევრი წელი გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ციფრული ტექნოლოგია ყოველდღე ვითარდება, ტელევიზორი ჯერ კიდევ განუყრელი ნივთია ყველას ოჯახში.

საქართველოში ყველაფერი ასე დაიწყო: საბჭოთა ხელისუფლებამ თბილისში ტელეცენტრის აშენება გადაწყვიტა და 1953 წელს, მთაწმინდის ზედა პლატოზე მისი დაპროექტებაც დაიწყეს. სსრკ-ში იმჟამად ყველაზე მაღალი სატელევიზიო ანძის მშენებლობა 1956 წელს დამთავრდა. იქვე მიუჩინეს ადგილი ტელესტუდიას და 1956 წლის ნოემბერში თბილისში საცდელი ტელემაუწყებლობაც დაიწყო.

როგორც ამბობენ, ტელემაუწყებლობის დაწყებამდე თბილისსა და რუსთავში 3500 შავ-თეთრი ტელევიზორი გაიყიდა და თითოეულის ფასი 200 მანეთი იყო.

საცდელი მაუწყებლობიდან რეალურზე ტელევიზია 1956 წლის 30 დეკემბერს გადავიდა და აქედან იწყება ქართული ტელევიზიის ისტორიაც.

შავ-თეთრი ეკრანის წინ შეკრებილი მეზობლები - ალბათ ბევრისთვის ნაცნობია ეს სურათი, როცა პირველი მაუწყებლობა მხოლოდ რამდენიმე საათს გრძელდებოდა, ოჯახის წევრები, მეზობლები ერთად იყრიდნენ თავს და სულმოუთმენლად ელოდნენ ეკრანის განათებას.

სატელევიზიო ევოლუცია

პირველი დიქტორები ალექსანდრა მაჭავარიანი და ლია მიქაძე იყვნენ. მაუწყებლობა კვირაში ექვსი დღე, საღამოს 7 საათსა და 30 წუთიდან ხორციელდებოდა.

თავდაპირველად, სატელევიზიო სტუდია ერთ პატარ ოთახს წარმოადგენდა, რომელსაც ერთი უძრავი კამერა ჰქონდა. შესაბამისად, მაუწყებლობა პირდაპირ ეთერში ხორციელდებოდა.

1958 წლიდან საინფორმაციო გადაცემები დაიწყო. 1968 წლის 1-ელ აპრილს გაიხსნა საინფორმაციო გადაცემა "მოამბე". ამ დროისთვის, მოსახლეობაში უკვე იზრდებოდა ტელევიზიის დიქტორების პოპულარობა. მათ ცნობდნენ ქუჩაში და გამოხატავდნენ აღფრთოვანებას. პოპულარულ სატელევიზიო სახეებად იქცნენ: დავით ძიგუა, ალექსანდრა მაჭავარიანი, ლია მიქაძე, ომარ ტივაძე, თენგიზ ნათაძე, დავით სოკოლოვი, ჟანეტა არჩვაძე, ჯულიეტა ვაშაყმაძე, ნუგზარ ჯუღელი, ნათელა ბოლქვაძე, ირმა გურიელი, ირინა მათიაშვილი, მანანა მაჩაბელი და სხვ.

ერთ-ერთ პირველი ტელეწამყვანი ქართული ტელევიზიის ისტორიაში ლია მიქაძეა. აი რას იხსენებს ის ერთ-ერთ ინტერვიუში:

"პირველ კურსზე ვიყავი, მე და ბატონი მიშა ჩამოვდივართ კიბეებზე და მორბის მერაბ ჯალიაშვილი (ქართული ტელევიზიის პირველი რედაქტორი - თ.ბ.) ისიც ბატონ მიშას ყოფილი სტუდენტი იყო, სარეჟისოროზე სწავლობდა. მიშას უთხრა, თბილისში ტელევიზია იხსნება და ლამაზი გოგონები გვჭირდებაო. მიშამ ახედა და უთხრა, - შენთვის არავინ მყავს, მომშორდი აქედანო. გავიდა ხანი და საპროფესოროში დამიძახეს, რადიო კომიტეტიდან დარეკეს და უნდა მიხვიდეო. გამიკვირდა, ბატონ მიშასთან მივედი და ვუთხარი, - არ წავალ მეთქი, უნდა წახვიდეო, - მიპასუხა. წავედი, მომცეს ქართულ და რუსულ ენაზე შედგენილი ტექსტები და მიკროფონთან წავიკითხე. შემდეგ დავბრუნდი ისევ უნივერსიტეტში. ერთი თვის შემდეგ ისევ დამიძახეს საპროფესოროში, - ფუნიკულიორზე უნდა ახვიდეო. ისევ ბატონ მიშასთან მივედი, როგორც ყოველთვის. ვუთხარი, - არ წავალ, დაღლილი ვარ მეთქი! გამიბრაზდა, რას ჰქვია არ წახვალ, აუცილებლად უნდა წახვიდეო! რადგან მიბრძანა, არ შემეძლო არ შემესრულებინა.

ფუნიკულიორზე ტრამვაით ავედი, მაშინ საბაგირო გზა არ არსებობდა. რაც კი თბილისში ლამაზმანი იყო, ყველა იქ შეკრებილა, ახალგაზრდები, შუახნის, ზოგი წლოვანი. საღამოს კაბებში გამოწყობილები.

მერაბმა დამინახა და პატარა ოთახში შემიყვანა, აქ დაისვენეო. იქ ორი ქალი და ახალგაზრდა ბიჭი რაღაცას კერავდნენ. უსაქმოდ ვერ გავჩერდები, მომეცით, მეც მოგეხმარებით მეთქი, ვუთხარი. აღმოჩნდა, რომ ეს იყო სტუდიის ფარდა, რომელიც შემდეგ 11 წელი ეკიდა მთაწმინდის სტუდიაში. ასე, რომ ფარდის შეკერვაშიც წვლილი მაქვს შეტანილი. დაიწყო კონკურსი, წაგვაკითხეს ტექსტები... კონკურსში 300 გოგონა მონაწილეობდა. მათგან 9 გოგონა დაგტოვეს, რომელთაგან ცენტრალური კომიტეტის ბიუროს უნდა აერჩია წამყვანები... ასე აღმოვჩნდი ტელევიზორში (იცინის)".

თითქმის 50 წელი საქართველოს მოსახლეობას ტელეეკრანიდან ესაუბრებოდა დონარა კინწურაშვილი.

"ტექსტის დაზეპირება გვიწევდა, სად იყო სუფლიორი მაშინ. არც ტექნიკა გვქონდა წესიერი, ფუჭდებოდა და კარგა ხანს ველოდით ხოლმე მის გაკეთებას... გააკეთებდნენ, მერე ისევ მალევე ფუჭდებოდა, ახლა რომ ვფიქრობ, საშინელ პირობებში ვმუშაობდით. სულ ძველ და გაფუჭებულ ტექნიკას გვიგზავნიდა რუსეთი. დღეს ტექნიკა განვითარებულია და მიხარია. ერთხელ ჩვენთან საკავშირო შოუ-პროგრამების რედაქტორი მასლიაკოვი ჩამოვიდა, გაოცებული იყო, როგორ მუშაობთ ამ პირობებშიო...

მინდა, ყურადღება ჟურნალისტების ჩაცმის სტილზე გავამახვილო, რაც საშინლად არ მომწონს. არ შეიძლება ასეთი სიტიტვლე ეკრანზე. ლამის შორტებით გამოდიან და ყველაფერი უჩანთ. ასე როგორ შეიძლება, ჩაცმის კულტურას დიდი მნიშვნელობა აქვს. მახსოვს, ოპერაში საახალწლო გადაცემას ვწერდით, ძალიან ლამაზი კაბა მეცვა, ოდნავ ჩახსნილი, რეკავს გადაცემის ავტორი, დონარას უთხარით რამე მოიხუროსო. ახლა კი ისეთი განუკითხაობაა, არ ვიცი. ალბათ სიამოვნებთ, ასეთ გაშიშვლებულ გოგონებს რომ უყურებენ".

მოგვიანებით, მექანიკური ტელევიზია ფერდმა ჩაანაცვლა, რომლის სამშობლო აშშ იყო, რამდენიმე წლის შემდეგ კი ფეხი საბჭოთა კავშირშიც მოიკიდა. უკვე ამის შემდეგ, გზას იკვალავს ციფრული ტელევიზია, სადაც პიონერი ამ მხრივ იყო ერთერთი იაპონური სატელევიზიო კომპანია.

მას შემდეგ პატარა, შავ-თეთრმა ეკრანმა მოდერნიზება განიცადა და ერთ დროს "დიდი ყუთი" დღეს უკვე თანამედროვე, პლაზმური, სასურველი ზომის, ფერადი და მრავალფუნქციური გახდა. დღეს ტელევიზორების უკვე იმხელა არჩევანია, შეგიძლიათ ეკრანის ზომის, მისი ზედაპირის ხარისხის, თქვენი ინტერიერის შესაფერისი სმარტტელევიზორი სახლიდან გაუსვლელადაც კი შეარჩიო, შემედეგ კი ოჯახთან ერთად ჩაუჯდე შენთვის საყვარელ გადაცემებს თუ ფილმებს.

იხილეთ ტელევიზორის თანამედროვე ვარიანტები