"მე და მარიამი უკვე სერიოზულად ვფიქრობთ, ბავშვი გავაჩინოთ. აქამდე ასე არასდროს გვნდომებია" - კვირის პალიტრა

"მე და მარიამი უკვე სერიოზულად ვფიქრობთ, ბავშვი გავაჩინოთ. აქამდე ასე არასდროს გვნდომებია"

"გაორებული, არაორგანიზებული, ზედაპირული და მოუთმენელია. მასში ყოველთვის ორი ადამიანი ცხოვრობს და ხასიათიც ელვის სისწრაფით ეცვლება, ასეთივე სისწრაფით იცვლის სამსახურს, გადაწყვეტილებებს და საცხოვრებელ ადგილს. ხშირად ცინიკოსია, არაკეთილსინდისიერი მეთოდებით თამაშსაც არ ერიდება. ტემპერამენტიანი და ფეთქებადია, კონფლიქტურ სიტუაციაში წონასწორობას მარტივად კარგავს, მაგრამ მისი რისხვა ხანმოკლეა", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ცხენის წელში დაბადებულ ტყუპს, ეს მსახიობ გიორგი მახარაძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია ძალიან მაინტერესებს. ჩემი ნიშნის დახასიათებიდან ჩემს ხასიათს ბევრი რამ ემთხვევა. სულსწრაფი ვარ, ამ შემთხვევაში, ტყუპის მოუთმენლობას გურულობაც ემატება და მერწმუნე, ეს უკვე სხვა ხარისხია (იცინის).

- თუ იცი, შენი ნიშნის თილისმა რა არის? - არა.

- ნიღაბი.

- მსახიობობა ამიტომ ავირჩიე? ვა! ეს მართლა არ ვიცოდი. ვიცი, რომ ჰაერის სტიქია ვარ.

- გაორებული ადამიანი ხარ? - მაგაზე სულ ვფიქრობ და ვერ გავიგე. ხანდახან მგონია, რომ გაორებული ვარ, ხანდახან საპირისპიროს ვფიქრობ.

- გაორებულობაც ეს არის. - ხასიათი ძალიან სწრაფად მეცვლება. ერთმა სიტყვამ, ერთმა გამოხედვამ, რაღაც უმნიშვნელო დეტალმა შესაძლოა, რადიკალურად განსხვავებულ ხასიათზე დამაყენოს.

- ეს დამღლელია? - რთულია, საკუთარ თავთან ჭიდაობა გიწევს.

- "არაორგანიზებული, ზედაპირული და მოუთმენელია". - ძალიან მოუთმენელი ვარ. თუ ვიცი, რაღაც უნდა მაჩუქონ, რაღაც უნდა მომიტანონ, რაღაც უნდა შევიძინო ან გავაკეთო, ის ამბავი ხვალისთვის თუ გადაიდო, ძალიან ცუდად ვხდები, ვგიჟდები.

- სულსწრაფობა და მოუთმენლობა საქმის კეთების დროსაც გჩვევია? - კი. ერთდროულად შეიძლება 7 საქმე დავიწყო, მერე დროს სწორად ვეღარ ვანაწილებ. ზოგიერთ საქმეს შუა გზაში ვტოვებ, ზოგიერთი ბოლომდე მიმყავს. საფუძვლიანად ვერ ვეკიდები, ეს ჩემი მინუსია და ამის გამოსწორებაზე აუცილებლად უნდა ვიმუშაო.

- "მას უყვარს ტყუილების თქმა". - (იცინის) ბოროტი ტყუილები არასდროს მითქვამს. ჩემს სიტყვას არასდროს არავინ დაუზარალებია, ვინმესთვის გული არასდროს მიტკენია. უმნიშვნელო ტყუილს კი ყველა ჩვენგანი ვამბობთ.

- "არ უყვარს ერთ რამეზე ან ერთ ვინმეზე მიჯაჭვა, ხასიათის ადამიანია".

- ეს ტყუპისთვის დამახასიათებელი და მე ვფიქრობ, მკვეთრად გამოკვეთილი თვისებაა. ერთფეროვნება მკლავს, ძალიან მალე მბეზრდება. სულ ვცდილობ, რაღაც სიახლე მოვძებნო. ვერ ვუძლებ რუტინას, სულ თავგადასავალს ვეძებ. ზოგჯერ სიახლისკენ სწრაფვის სურვილი მცირე დეტალითაც შეიძლება დავიკმაყოფილო.

- "ადამიანებს სხარტი გონებით აოცებს".

- აქაც გურულობა ემატება. ხომ გითხარი, გურული ტყუპი სხვა ფენომენია. გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან ადვილად და სწრაფად ვპოულობ. შეიძლება ეს გონების სისხარტედ ჩავთვალოთ.

- "მისი გადარწმუნება შეუძლებელია". - ასე არ არის. დამაჯერებელ არგუმენტს თუ მოვისმენ, აუცილებლად დავფიქრდები, გავაანალიზებ და შესაძლოა, აზრიც შემეცვალოს. ეს ნორმალურია, არ "მიტყდება". არ ვთვლი, რომ ეს ჩამოუყალიბებლობის ნიშანია. განსხვავებული აზრის მოსმენა არ მაღიზიანებს.

- "სხვებში ბევრ უარყოფითს პოულობს და არ პატიობს".

- ასე ნამდვილად არ არის. ჩემზე ყველაზე ნაკლებად შეიძლება ითქვას რომ ვინმეს რამეს არ ვპატიობ. იმ მომენტში შეიძლება, ძალიან მეწყინოს, ავფეთქდე, გულთან ახლოს მივიტანო, მაგრამ ბრაზი ერთ საათში გადამივლის. ადამიანებში დადებითს უფრო ხშირად ვეძებ და მერე იმედგაცრუებული ვრჩები. ყველას ადვილად ვუმეგობრდები.

- "არაპუნქტუალურია, გამუდმებით ყველგან აგვიანებს". - (იცინის) რა ვქნა, ვაღიარებ, ასეა და ვცდილობ, ჩემში ამ თვისებას მოვერიო. ხანდახან არ გამომდის, ხანდახან ისე გამოდის, ლოდინი თავად მიწევს.

- "მიუხედავად გამოკვეთილი ეგოიზმისა, სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა უყვარს".

- ეგოისტი ვარ, მაგრამ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა არ მჩვევია. ხომ ამბობენ, დედისერთა ბავშვები ეგოისტები არიანო, დღემდე ვერ მივხვდი, ეს რას ნიშნავს. ეგოისტი მხოლოდ ურთიერთობაში ვარ. ვინც მიყვარს, მარტო ჩემი მინდა იყოს, სულ ესაა ჩემი ეგოიზმი.

- "თავად სხვის აზრს იშვიათად ითვალისწინებს". - ალბათ ასეა, რადგან იშვიათად არის გასათვალისწინებელი. ვთვლი, რომ ჩამოყალიბებული ადამიანი ვარ, ჩემი შეხედულებები, პრიორიტეტები და მიზანი მაქვს ცხოვრებაში. სხვას ყოველთვის ვუსმენ. მოწოდებული აზრი გასათვალისწინებელი თუ იქნება, გავითვალისწინებ, მაგრამ არის რაღაც, რაშიც ჩემი აზრები უფრო მნიშვნელოვანია და წინ ვაყენებ.

- "შეყვარებული ცხენი გულის სწორის გამო, ბევრ დათმობაზე წამსვლელია. ამ ადამიანის ვნება ძლიერია. ამას ემატება პრინციპული ხასიათი. აქედან გამომდინარე, მისთვის სასიყვარულო ფრონტზე წაგება, იშვიათი მოვლენაა".

- კი, იშვიათი მოვლენაა. 7 წელია, ამ "ფრონტზე" სულ მოგებული ვარ (იცინის). მე და მარიამი (მსახიობი მარიამ ნადირაძე) ახლა ურთიერთობის სხვა ეტაპზე ვართ. უკვე სერიოზულად ვფიქრობთ, ბავშვი გავაჩინოთ. აქამდე ასე არასდროს გვნდომებია.

- ოჯახის დანგრევა "წაგება" არ იყო? იმდროინდელ მდგომარეობას რას დაარქმევ? - ძალიან პატარები ვიყავით. არავის ვურჩევ, 19 წლის ასაკში იქორწინოს, ძალიან ადრეა. 9 წლის შვილი მყავს. ელენე არის ადამიანი, რომელიც დედამიწის ზურგზე, ყველაზე მეტად მიყვარს. დრედებით რომ მნახა, მანაც მოინდომა. ავუხსენი, გაკეთების პროცესი ძალიან მტკივნეულია, თმა დამეწიწკნა, ლამის გავგიჟდი. ამ ტკივილს თუ გადაიტან, წავიდეთ-მეთქი, ფიქრობს.

- უხერხული თუ არ არის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გკითხავ.

- ახლა კარგად ვარ. რამდენიმე დღის წინ გამოკვლევა ჩავიტარე და პასუხები დამაკმაყოფილებელია. ყველაფერი ნორმალურად არის. 5 წლის განმავლობაში, გამოკვლევა ყოველ წელს უნდა ჩავიტარო. იხილეთ სრულად