"მასზე ამბობდნენ, ჩერჩილის საყვარელი ჯაშუში იყოო" - ვინ იყვნენ მსოფლიოში ცნობილი ჯაშუში ქალები - კვირის პალიტრა

"მასზე ამბობდნენ, ჩერჩილის საყვარელი ჯაშუში იყოო" - ვინ იყვნენ მსოფლიოში ცნობილი ჯაშუში ქალები

მსოფლიო ისტორია მრავლად იცნობს ლამაზმან ჯაშუშ ქალებს, რომლებიც საკუთარ თავზე არარსებულ ბიოგრაფიებს იგონებდნენ და ორმაგ ცხოვრებას ეწეოდნენ. მათ მამაკაცები აღმერთებდნენ - ეს ქალები ყველაზე ცნობილი ჯაშუშები იყვნენ. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

ფოტოგალერეა

ვიოლეტ საბო - ლეგენდად ქცეული ხანმოკლე ცხოვრება

1921 წლის 26 მაისს დაბადებულ ვიოლეტს მამა ინგლისელი ჰყავდა, დედა - ფრანგი. ოჯახი ჯერ პარიზში ცხოვრობდა, შემდეგ საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. მეორე მსოფლიო ომი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ვიოლეტი ფრანგული ლეგიონის კაპიტანს ეტიენ საბოს შეხვდა, შეუყვარდა და ცოლადაც გაჰყვა. მათი თაფლობის თვე სულ რაღაც ერთი კვირა გაგრძელდა, რადგან ეტიენი საიდუმლო დავალების შესასრულებლად ინგლისიდან გაემგზავრა.

უკან დაბრუნებულს მალევე მოუხდა ჩრდილოეთ აფრიკაში ისევ საიდუმლო მისიის შესასრულებლად გამგზავრება. ამასობაში ვიოლეტს გოგონა შეეძინა. სამწუხაროდ ეტიენი აფრიკიდან ვეღარ დაბრუნდა... ქმრის გარდაცვალების შემდეგ ცოტა ხანი იყო გასული, როდესაც ვიოლეტმა ვინმე მისტერ პორტერისგან წერილი მიიღო, რომელიც შეხვედრას სთხოვდა. ფრანგულად კარგად მოლაპარაკე ვიოლეტს ჯაშუშობა შესთავაზეს, ისიც დათანხმდა. ლამაზმა და მამაცმა ქალმა ხანმოკლე, მაგრამ ლეგენდად ქცეული ცხოვრებით იცხოვრა. ბრიტანეთის სადაზვერვო დივერსიული განყოფილების წევრი 1943 წლიდან სპეციალურ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდა. 1944 წლის 7 ივნისს, საბო საგანგებო დავალებით გერმანელების მიერ ოკუპირებულ ფრანგულ ქალაქ ლიმოჟაში, დესანტთან ერთად პარაშუტით დაეშვა. დავალება ზედმიწევნით შეასრულა, მაგრამ უკან რომ ბრუნდებოდა, გზად სატანკო დივიზიას გადაეყარა. დააკავეს და დაკითხვაზე პარიზში გესტაპოში გააგზავნეს.

პარიზიდან კი პირდაპირ საკონცენტრაციო ბანაკში უკრეს თავი, სადაც 1945 წლის იანვარში 23 წლის ასაკში გარდაიცვალა. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ არაერთგზის წამების მიუხედავად საბო არ გატყდა, მას გესტაპოს თანამშრომლებმა ზურგში ესროლეს. გარდაცვალების შემდეგ ჯაშუში ქალი გეორგიევსკის ჯვრით დააჯილდოვეს. ჯილდო საბოს ხუთი წლის ქალიშვილს თვით ინგლისის მეფემ გეორგ VI-მ გადასცა.

ვირჯინია ჰოლი - უშიშარი კოჭლი ლედი

ვირჯინია ამერიკაში, ბალტიმორში დაიბადა. მამა რამდენიმე კინოთეატრს ფლობდა, ამიტომ გოგონას უზრუნველი ბავშვობა ჰქონდა და კარგი განათლებაც მიიღო. 1931 წელს ის პოლონეთში გაემგზავრა, სადაც ამერიკის საელჩოში დაიწყო მუშაობა. მაშინ ფიქრობდა, რომ დიპლომატია მისი ერთადერთი პროფესია იქნებოდა.

პოლონეთის გარდა, რამდენიმე წელი იმუშავა თურქეთსა და ავსტრიაში. ჯერ კიდევ ახალგაზრდამ, იარაღთან გაუფრთხილებელი მოპყრობის გამო ფეხი დაკარგა.

ვირჯინია ჰოლი

მისი ნაკლი მნიშვნელოვან დაბრკოლებად იქცა სახელმწიფო სამსახურში მუშაობის დასაწყებად. ვირჯინია კარგად ფლობდა ფრანგულ, იტალიურ და გერმანულ ენებს. 1941 წელს ბრიტანეთის სპეციალურმა განყოფილებამ მათთან თანამშრომლობაზე დაიყოლია.

გაზეთ ”ნიუ-იორკ პოსტის” რეპორტიორის სახელით ის საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც წინააღმდეგობის მოძრაობა ჩამოაყალიბა. ვირჯინიას კოდური სახელი მარი იყო. ბევრჯერ დაუსხლტა ხელიდან ნაცისტებს... ისინი ვერც კი ხვდებოდნენ, რომ ყველაზე მოხერხებული ჯაშუში ქალი ინვალიდი იყო.

სხვათა შორის, გესტაპოს ვირჯინია ყველაზე სახიფათო ჯაშუშად მიაჩნდა. მოგვიანებით ЦРУ-სთან დაიწყო თანამშრომლობა და 76 წლის ასაკში, ვაშინგტონში ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ქრისტინა გრანვილი - ჩერჩილის საყვარელი ჯაშუში

17 წლის იყო, როდესაც ”მის პოლონეთის” ტიტული მოიპოვა. მასზე ამბობდნენ, ჩერჩილის საყვარელი ჯაშუშიაო.

ქრისტინა პოლონეთში მდიდარი ებრაელი ბანკირის ოჯახში დაიბადა. როდესაც ფაშისტური გერმანია პოლონეთს დაესხა თავს ის ნებაყოფლობით თანამშრომლობდა ბრიტანულ დაზვერვასთან. ქრისტინა ხელმძღვანელობდა საიდუმლო ქვედანაყოფს, რომელსაც პოლონეთში შეიარაღება შეჰქონდა. უნგრეთში ყოფნისას ქალმა ოფიცერი ანდრეი კოვერსკი გაიცნო, დაუახლოვდა და ერთად განაგრძეს თანამშრომლობა ევროპულ დაზვერვით სამსახურებთან.

1941 წელს ქრისტინა და ანდრეი გერმანულმა პოლიციამ დააკავა. ქალმა იმდენი მოახერხა, რომ დააჯერა პოლიციელები, თითქოს ჭლექი ჰქონდა. ენას კბილებით იკვნეტდა, რომ პირიდან სისხლდენის იმიტირება მოეხდინა. მიზანს მიაღწია და მალევე გაათავისუფლეს სატუსაღოდან. მალე ისევ დაიჭირეს, ამჯერად გერმანიასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს და ორმაგ ჯაშუშობაში დასდეს ბრალი. ამბობენ, რომ მწერალმა იან ფლემინგმა თავისი პირველი რომანისთვის - ”კაზინო როიალი”, ვესპერ ლინდის პერსონაჟისთვის სწორედ ქრისტინას პროტოტიპი შეარჩია.

სილამაზის გარდა ქრისტინას მთავარ ჯაშუშურ ღირსებად რამდენიმე ენის უბადლო ცოდნა და სხარტი აზროვნება მიიჩნეოდა. მრავალი დამსახურების მიუხედავად, ქრისტინა ომის დამთავრების შემდეგ ჩამოაცილეს საიდუმლო სამსახურს. 1952 წელს კი ყოფილი ჯაშუში ქალი გარდაცვლილი იპოვეს თავის ბინაში. დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებისგან სხეული ერთიანად დასახიჩრებული ჰქონდა. მისი მკლელობის ზუსტი დეტალები დღემდე უცნობია, თუმცა ოფიციალური ვერსიით ის მეთევზემ მოკლა, რომლის სიყვარულიც ქრისტინამ უარყო.

ნენსი ზვონოკი - ძვირადღირებული ჯაშუში

მეორე მსოფლიო ომის დროს მას ყველაზე მამაც ქალად მიიჩნევდნენ.

ავსტრალიაში გაიზარდა, მაგრამ ომი რომ დაიწყო, საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. მალე მაღალკვალიფიციურ ჯაშუშად იქცა...

ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში სახლიდან გაქცეულა და მედდად დაუწყია მუშაობა.

შემდეგ ჟურნალისტის პროფესიას დაეუფლა, რამდენიმე გაზეთთანაც თანამშრომლობდა. ჯაშუშად მუშაობის დროს ის გერმანიის საიდუმლო პოლიციაში ირიცხებოდა და ამავე დროს საფრანგეთის წინააღმდეგობის ჯაშუში იყო. ნენსი ზვონოკი წლების შემდეგ

ძალიან ფრთხილობდა რადგან გესტაპო ისმენდა მის სატელეფონო საუბრებს, მის ფოსტას კითხულობდა. 1943 წელს გესტაპო მიხვდა, ვისთან ჰქონდა საქმე და ძებნა გამოაცხადა. იმ დროს ნენსი ყველაზე ძვირად შეფასებული ძებნილი იყო, რადგან გერმანიის საიდუმლო პოლიცია მზად იყო ჯაშუშ ქალში 5 მილიონი ფრანკი გადაეხადა.

ნენსიმ მარსელიდან გაქცევა მოახერხა, მაგრამ მისი ქმარი დააკავეს და წამებით მოკლეს. ქალი არაერთხელ დაშვებულა მტრის ტერიტორიაზე პარაშუტით. ამბობდნენ, რომ შიშველი ხელებით გუშაგი ჰყავდა მოკლული. განგაში რომ არ ამტყდარიყო, საძილე არტერიაზე თითების მიბჯენით გაუგუდავს.

ომის დამთავრების შემდეგ ის ავსტრალიაში დაბრუნდა და პოლიტიკაში ჩაერთო. გასული წლის მონაცემებით, თითქმის ასი წლის ნენსი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ლონდონში ცხოვრობდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "დახვრეტამდე სამხედროებს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და ღიმილით მიმართა: - "მე მზად ვარ, ბატონებო!"