რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის გაკეთება? - რას ამბობს დერ­მა­ტო-ვე­ნე­რო­ლოგი? - კვირის პალიტრა

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის გაკეთება? - რას ამბობს დერ­მა­ტო-ვე­ნე­რო­ლოგი?

21-ე საუკუნის საქმიანი ქალისთვის შილაკი ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩენაა, რადგან ჩვეულებრივი ლაქისგან განსხვავებით, ფრჩხილები დიდი ხნით ინარჩუნებს ფორმას, მდგრადია და მოვლილად გამოიყურება.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს კომფორტული საშუალება სულაც არ არის უსაფრთხო. სამედიცინო სფეროში კამათის საკითხია შილაკის შრობის პროცესი, რომელიც სპეციალური ულტრაიისფერი (ზოგიერთ შემთხვევაში LED) ნათურით ხდება და შესაძლოა, ის ჯანმრთელობისთვის საშიშიც კი აღმოჩნდეს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კანის კიბოს პრობლემებზე მომუშავე ამერიკული ორგანიზაციის სპეციალისტები.

დაავადების რისკი ძალიან მცირეა, თუმცა სრულად მისი გამორიცხვა არ შეიძლება.

დერმატო-ვენეროლოგ სოფო ლილუაშვილს შილაკის საფრთხეებზე ვკითხეთ და აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი პაციენტი მიმართავს, გელ-ლაქის ხშირი კეთების გამო დაზიანებული ფრჩხილებით. მკურნალობა კი არც ისე მარტივია, საკმაოდ დიდ დროსა და ხარჯებს მოითხოვს.

- ფრჩხილს რომ აზიანებს, ფაქტია, იწვევს ონიქოდისტროფიას. ფრჩხილის ანატომიის დარღვევას და მექანიკურ დაზიანებას. ხშირად მოგვმართავენ პაციენტები, რომლებსაც აქვთ ონიქოდისტროფია და შილაკის ფონზე დაზიანებული ფრჩხილები, ადვილად ჩნდება სოკოვანი დაავადებაც. ამ დროს ფრჩხილის ქსოვილი დაშლილია, არაერთგვაროვანია და მარტივად შეღწევადია სპორებისთვის.

- შილაკის კეთებისას ფრჩხილის ხარისხი ფუჭდება?

- დიახ, თხელდება, განშრევებულია ფრჩხილი და არ არის ერთგვაროვანი, სიგრძივი დაზოლვა აქვს, შემღვრეული შეფერილობა. მოგეხსენებათ, შილაკის შემადგენლობაში შედის ფორმალდეჰიდი, ამასთანავე მისი გაკეთების პროცესში ფრჩხილი მექანიკურადაც ზიანდება - ხდება ფრჩხილის დაქლიბვა, რაც ჯანმრთელი ფრჩხილის შემთხვევაში რეკომენდირებული არ არის.

ძალიან ხშირად მოგვმართავენ პაციენტები ამ პრობლემით და ონიქოდისტროფია ძალიან რთული სამკურნალოა. დიდ დროს, ძალისხმევას მოითხოვს და და ყველაფერთან ერთად ძვირიც ღირს. ამ დროს, უნდა ვაცადოთ ფრჩხილს ბოლომდე ამოსვლა, მთლიანად უნდა შეიცვალოს ფრჩხილის ფირფიტა და ეს მარტივად მოსაგვარებელი პრობლემა ნამდვილად არ არის.

- რა სიხშირით შეიძლება შილაკის გაკეთება, ისე რომ ფრჩხილი არ დაგვიზიანდეს?

- ჩვენთან როდესაც მოდის პაციენტი, უკვე დაზიანებული ფრჩხილებით, საერთოდ ვუკრძალავთ შილაკის გაკეთებას, რადგან ამისგან დაზღვეული არავინ არ არის და ყოველთვის შეიძლება თავიდან განვითარდეს დაავადება. რაც შეეხება სიხშირეს, თუ ფრჩხილი იტანს, შეიძლება 6 თვეში ერთხელ გაკეთდეს. გაგრძელება