"შემიძლია მარიამს დამოუკიდებლად მოვუარო, ვაჭამო, გამოვუცვალო, გავართო..." - როგორი მამაა პლანეტის უძლიერესი მამაკაცი? - კვირის პალიტრა

"შემიძლია მარიამს დამოუკიდებლად მოვუარო, ვაჭამო, გამოვუცვალო, გავართო..." - როგორი მამაა პლანეტის უძლიერესი მამაკაცი?

მსოფლიოს ჩემპიონატზე 27 სექტემბერს ვიასპარეზე. ეს დღე ყველა ქართველისთვის მნიშვნელოვანი თარიღია და უფლება არ მქონდა, ასეთი შედეგი არ დამედო. ეს გამარჯვება აფხაზეთში დაღუპული გმირების ხსოვნას მივუძღვენი", - ამბობს პლანეტის უძლიერესი მამაკაცი ლაშა ტალახაძე. მან გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გაგვახარა და ტაილანდში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატიდან 3 ოქროს მედლით დაგვიბრუნდა.

ლაშას ინტერვიუს ჩასაწერად შინ ვეწვიე და მისი 7 თვის გოგონა, მარიამიც გავიცანი. ამ ადამიანთან ყოველი შეხვედრის შემდეგ, ვრწმუნდები, რომ თავმდაბლობითა და ზრდილობით გამორჩეული ეს ბიჭი ადამიანობაშიც ჩემპიონია.

- 27 სექტემბერი ყველა ქართველისთვის დიდი ტკივილია. ძალიან მინდოდა, ეს შეჯიბრება განსაკუთრებული ყოფილიყო, რათა გმირებისთვის საკადრისი პატივი მიმეგო.

- როცა საასპარეზოდ გახვედი, დარბაზში ქართულად გაისმა შეძახილი: "გაიხსენე ყველაფერი, ვალდებული ხარ, დადე!" - ამ სიტყვებში ყველაფერი იყო ჩაქსოვილი. იქ ბევრი ფიქრის დრო არც არის, ყველაფერი 20 წამში ხდება. მიდიხარ, წონას სძლევ და ფიცარნაგიდან ჩამოდიხარ. შეძახილები და გამამხნევებელი სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია, სტიმულს და ძალას მმატებს. გიორგი ასანიძე არა მხოლოდ კარგი მწვრთნელი, ამავდროულად კარგი ფსიქოლოგიც არის. ასპარეზობისას ფსიქოლოგია დიდ როლს თამაშობს.

- ფსიქოლოგიური მზადება და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება, ალბათ ყოველ ვარჯიშზე ხდება. - რა თქმა უნდა! როცა მსოფლიოს თვალწინ, ახალ წონას ეჭიდები, ხომ იცი, რომ შენ ეს წონა დარბაზში უკვე რამდენჯერმე გაქვს დაძლეული - ეს ფსიქოლოგიურად მაძლიერებს.

- ყოველ წელს საკუთარ რეკორდს ხსნი და ახალ რეკორდს ამყარებ. ასპარეზობაზე გასულს რომ გიყურებ, ყოველთვის მებადება შეკითხვა, ნეტავ ადამიანის შესაძლებლობების ზღვარი სადამდეა? - ალბათ ასეთი ზღვარი არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. ყოველ წელს უფრო და უფრო უკეთესი შედეგი მაქვს. ეს კი მაძლევს იმის საბაბს და სტიმულს, რომ მომავალში, უფრო დიდ შედეგზე გავიდე. გულშემატკივარი ჩემგან ახალ რეკორდებს ელოდება, ეს სულ მახსოვს და თავდაუზოგავად ვშრომობ. რეკორდების მოხსნამ მომიტანა ასეთი პოპულარობა. გულშემატკივრების სიყვარული სხვა პასუხისმგებლობას მაკისრებს, მეტი შემართება მაქვს. ზოგიერთი ამ სიხარულს ძალიან ემოციურად გამოხატავს. თითოეული ადამიანის თბილი სიტყვა ჩემს გულამდე აღწევს. ყოველი ასპარეზობის შემდეგ, როდესაც სამშობლოში ვბრუნდები, ვგრძნობ, რამდენი ადამიანი მგულშემატკივრობს. ეს

- როგორი მამა ხარ?

- შვილთან საურთიერთოდ ცოტა დრო მაქვს, თორემ ცუდი მამა არ ვარ. ჩემს მეუღლეს და ბავშვს უმეტესად მარტო უწევთ ყოფნა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მეუღლის სახით, მხარში მიდგას ადამიანი, რომელიც ხელს მაქსიმალურად მიწყობს. როცა სახლში ვარ, შემიძლია მარიამს დამოუკიდებლად მოვუარო, ვაჭამო, გამოვუცვალო, გავართო... ღამეც ბევრჯერ ავმდგარვარ და მიმიხედავს.

- მარიამის და შენი პირველი შეხვედრა გაიხსენე. შეგიძლია ის ემოცია სიტყვებით გადმოსცე? - მშობიარობას არ დავსწრებივარ, მაგრამ იქვე, ძალიან ახლოს ვიყავი. მარიამი ექიმის შემდეგ ხელში პირველად მე ავიყვანე, შეუხედავი ბავშვი მეჩვენა (იცინის). საოცარი წუთები იყო, ამაღელვებელიც, ჩემს სიხარულს და მდგომარეობას ბოლომდე ვერც ვაცნობიერებდი. ჩვენს პირველ შეხვედრას თან ძალიან ძლიერი ემოცია ახლდა. 3 დღის დაბადებული დავტოვე და შეკრებაზე წავედი. საქართველოში რომ დავბრუნდი, 1 თვის იყო. უკვე შეცვლილი, გაზრდილი, გალამაზებული გოგო დამხვდა.

- ეს განშორება რთული იქნებოდა. - ძალიან, მაგრამ ასე იყო საჭირო. მარიამის ახალ ფოტოებს ყოველდღე ვნახულობდი, სულ მონატრება მქონდა.

- სახელი თავად შეურჩიე? - მამა იოანემ (ოლარი) გაიგო გოგოს რომ ველოდებოდი. ჰკითხეს, რა უნდა დაარქვასო? დაფიქრდა და მარიამი უნდა დაარქვასო.

- ეკლესიურად ცხოვრობ?

- უფლის რწმენა, სიყვარული და შიში მაქვს.

- აღმსარებელი ხარ? - ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, ზიარებას ხშირად ვერ ვახერხებ, მაგრამ ყველა შეჯიბრების წინ, მოძღვარი ზიარების კურთხევას მაძლევს. ბოლო წლებში, ყოველთვის ვცდილობ, ჩემპიონატებზე წასვლის წინ პატრიარქთან შევიდე და თავი დავალოცვინო.

- პატრიარქი რას გეუბნება?

- ერთხელ ხელზე რომ ვემთხვიე, მითხრა, - ლაშა, შენ უფალს უყვარხარო და ამ სიტყვებმა ძალიან იმოქმედა. მისი დალოცვა და თბილი სიტყვები, ისევე, როგორც ყველა ადამიანისთვის, ჩემთვისაც მნიშვნელოვანია.

- შენს ასპარეზობას უყურებს? - არ ვიცი, უყურებს თუ არა, მაგრამ ჩემი წარმატების ამბავს რომ იგებს, უხარია. რამდენიმე დღის წინ დაბადების დღე მქონდა. პატრიარქის ზარმა შოკში ჩამაგდო, მოსალოცად დამირეკა. ეს იმდენად ამაღელვებელი იყო, დავიბენი, მგონი, ნორმალურად მადლობის თქმაც ვერ მოვახერხე. მისი ზარი და დალოცვა ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარია.

- 3 ოქროს მედალი ტრავმირებული მაჯით მოიპოვე... - შეჯიბრების დროს ტკივილი საერთოდ არ მახსოვს. ზოგადად, მოთმენის უნარი მაქვს. ვარჯიშის დროს ისე ვაკეთებდი, რომ ამ მაჯაზე ნაკლები დაწოლა ყოფილიყო, მოძრაობას ვცვლიდი. შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე გავალ, მერე კი ოლიმპიადა იქნება. მიზანი რა თქმა უნდა, ისევ გამარჯვებაა.

- ახლა თავს დასვენების უფლებას აძლევ? - არა, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, 3 ვარჯიში უკვე მქონდა. მინდა, ფორმა არ დავკარგო, მხოლოდ დღევანდელი დღე გამიცდა. ჯერ საჩხერეში ჩასვლაც ვერ მოვახერხე. იქაურობა ყოველთვის მენატრება. რომ ჩავალ, გულშემატკივრებს შევხვდები. იქ არის ჩემი სახელობის დარბაზი, რომელსაც მამაჩემი - კობა ტალახაძე უდგას სათავეში. საჩხერე ერთ-ერთი ლიდერი რაიონია ძალოსნობაში.

- განტვირთვას როგორ ახერხებ, შენთვის ამის საუკეთესო საშუალება რა არის?

- თბილისში მე და ჩემი მეუღლე მარტო ვცხოვრობთ. როცა ჩვენი მშობლები ჩამოდიან და ბავშვს იტოვებენ, გასვლას ამ დროს ვახერხებთ. მარიამი უპრეტენზიო ბავშვია, ხმაურიან ადგილზე თუ არ მივდივართ, ზოგჯერ თან მიგვყავს. განტვირთვის საუკეთესო საშუალება ოჯახში ყოფნაა, ამას მონატრებულიც ვარ. მიყვარს ნადირობა. 16 წლამდე საჩხერეში ვიზრდებოდი და ნადირობა იქ შემიყვარდა. მამას სანადიროდ ადრეული ასაკიდან დავყვებოდი და 14 წლიდან მარტოც მიშვებდნენ.

- რა არის ის, რაც საკუთარ თავში ყველაზე მეტად მოგწონს? - შრომისმოყვარეობა. ზოგადად, მძიმე წონის ადამიანებს შრომა და ვარჯიში ეზარებათ, მე ასე არ ვარ. არ მახსოვს, ოდესმე ვარჯიში დამზარებოდეს. თუ გავაცდენ ან სათანადოდ არ ვივარჯიშებ, ვიცი, ამით ისევ ჩემს თავს დავაკლებ. დღის განმავლობაში, საშუალოდ 20-30 ტონამდე სიმძიმის აწევა მიწევს, მაგრამ ასპარეზობაზე რომ გადიხარ და იმარჯვებ, მერე ყველაფერი გავიწყდება.

- რაიმეს გამო სინანული თუ გაქვს? - პატარა სინანულები ყველა ადამიანს აქვს, გამონაკლისი არც მე ვარ. სულ აღმასვლა შეიძლება კარგი არც იყოს. დაცემის გემოც უნდა იცოდე, რომ ფეხზე წამოდგომის სიხარული განიცადო.

- პლანეტის უძლიერეს მამაკაცად უკვე ორჯერ დაგასახელეს. საინტერესოა, შენი სისუსტე რა არის? - ფიცხი ხასიათი. ადვილად ვბრაზდები.

- რას ამბობ, შენს გაბრაზებას ვინ ბედავს? - (იცინის) ბრაზი დიდხანს არ მიმყვება, მალე გადამდის... ვბუზღუნებ, ცუდ სიტყვებს ვამბობ, ამ ემოციისგან ვიცლები და მერე ვივიწყებ.

- ასეთი წარმატებებისა და მიღწევების ფონზე, როგორ ახერხებ, იყო ასეთი უბრალო და თავმდაბალი? - ამპარტავნებისგან ღმერთმა დამიფაროს. ჩემი ოჯახის წევრები ამის უფლებას არც მომცემენ. გავიზარდე და დღემდე ისეთ გარემოში ვარ, რომელიც არ მაძლევს უფლებას, თავში რაღაც ამივარდეს.

- დაბოლოს, რას ეტყვი ჩვენს მკითხველს, რომლებმაც ეს ინტერვიუ წაიკითხეს, რომლებიც შენი გულშემატკივრები არიან? - პირველ რიგში, მადლობას ვეტყვი. მინდა იცოდეთ, თქვენი გამამხნევებელი სიტყვები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეულ თქვენგანს წარმატებას გისურვებთ!

თამუნა კვინიკაძე ჟურნალი "გზა"