"სამი დღე ეძინა ქაფიანიძეს თავის სოფელ ნაკიეთში და სამი დღით ჩაიშალა გადაღება" - კვირის პალიტრა

"სამი დღე ეძინა ქაფიანიძეს თავის სოფელ ნაკიეთში და სამი დღით ჩაიშალა გადაღება"

მსახიობის ცხოვრება დიდ და მძიმე შრომას მოითხოვს, მაგრამ, ამავე დროს, არც მხიარულება აკლია. უამრავი გაუთვალისწინებელი ამბავი ხდება კადრს მიღმა ან კულისებში და ხშირად - კადრსა და სცენაზეც კი, რაც ისე ბუნებრივად ერწყმის კონკრეტულ ეპიზოდს, რომ მაყურებელი ვერაფერს ამჩნევს, თავად მსახიობები კი ამგვარი მომენტების გახსენებით თავადაც ხალისობენ და სხვასაც ახალისებენ.

ამირან ბუაძე, თეატრისა და კინოს მსახიობი: - გია მატარაძის რაჭველებზე გადაღებულ ფილმში - "ყველაზე სწრაფები მსოფლიოში" იმერელი ზაზა ქაშიბაძის გმირი რაჭველი გახლდათ, მე - რაჭველმა იმერელი სირბილაძე განვასახიერე. 1984 წელი იყო და ამ ფილმს რაჭაში, ონში ვიღებდით. ზურა ქაფიანიძე ონიდან იყო, ჩემი სოფელი კი ამბროლაურის რაიონშია. ამირან ბუაძე გადამღებ ჯგუფში სულ მოქეიფე ხალხი შევიკრიბეთ - ზურა ქაფიანიძე, გივი ბერიკაშვილი, რამაზ გიორგობიანი და ბესო ხიდეშელი. მოკლედ, იქაურებს დიდ გადაპატიჟებებში ვყავდით. იქ ცხოვრობდა ზურას თანაკლასელი, განთქმული მონადირე ბუხა ჯაფარიძე. ფილმის 'ყველაზე სწრაფები მსოფლიოში" გადაღებისას ერთხელაც მახსოვს, ონის რესტორანში გვაქეიფა. რაჭულ ალექსანდროულს ვსვამდით. თამადა, რა თქმა უნდა, ქაფიანიძე იყო. ეშხში რომ შევედით, სიმღერაც შემოვძახეთ. მახსოვს, დავიწყეთ რეზო ლაღიძის "გულს რად მიკლავ" და უცებ სადღეგრძელოს თქმა მომინდა. ზურასგან ნებართვა ავიღე, რეზო ლაღიძის თამადობით ქართული სიმღერა ვადღეგრძელე და ღვინით სავსე ბოთლი მოვიყუდე. ალავერდს "ბერიკასთან" გადავედი - იმან იოლად შესვა. რამაზს ცოტათი გაუჭირდა, ზურა კი გამიბრაზდა: შე შობელძაღლო, რაღა ჩემთვის მოიცალე, ახლა მოგინდა ბოთლებით სმაო? - თურმე, დიდი სასმისით დალევა უძნელდებოდა. მაინც დალია და... გაითიშა. ახლა გია მატარაძე გადაგვერია - სამი დღე ეძინა ქაფიანიძეს თავის სოფელ ნაკიეთში და სამი დღით ჩაიშალა გადაღება (იცინის)... გადაღებაზე გივი ბერიკაშვილს თავისი ვაჟი - ზურიკო ახლდა. მარჯანიშვილის თეატრს იმხანად ქუთაისში ჰქონდა გასტროლი, ოღონდ მე არ ვთამაშობდი იმ სპექტაკლებში, გივი – კი, ამიტომ ქუთაისში რომ მიდიოდა ხოლმე, გამხდარ, გაჩხიკინებულ ზურიკოს ჩვენ გვიტოვებდა, თან გვთხოვდა: ბოვში არ გამიფუჭოთ, არ დაალევინოთო. ისე გამოსდიოდა, მგელს რომ ბატკანს მიაბარებენ (იცინის). ჩვენ კი დავუძახებდით, - აბა, ზურიკო, წამოდი-თქო, - და ორ დღეში საწყალმა ზურიკომ 5 კილოგრამი დაიკლო. დაბრუნებულ გივის მოვატყუეთ, ვითომ ბიჭი საჭმელს არ ჭამდა და იმიტომ გახდა. მერე კი შეიტყო სიმართლე და კინაღამ დაგვხოცა... იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: ქართული კინოს მარად ცოცხალი "ზვიადაური"