"თავი დიასახლისად მიგრძნია და ვგრძნობ კიდეც, მაგრამ სასოწარკვეთილად - არა" - კვირის პალიტრა

"თავი დიასახლისად მიგრძნია და ვგრძნობ კიდეც, მაგრამ სასოწარკვეთილად - არა"

ულამაზესი მოდელი, "თბილისის მოდის კვირეულის" დამფუძნებლის, თაკო ჩხეიძის ფოტო Weekend Max Mara-მ თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. თაკო უკვე რამდენიმე წელია ამ ბრენდის სახეა, ის ხშირად მონაწილეობს ფოტოსესიებში და უახლესი კოლექციების განსაკუთრებულ ნიმუშებს წარადგენს.

ფოტოში, რომელიც ბრენდის ოფიციალურმა ინსტაგრამ გვერდმა გააზიარა, თაკოს თბილისში მდებარე Weekend Max Mara-ს მაღაზიაში შერჩეული ტანისამოსი აცვია, რომელიც 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდანაა. მის ფოტოს სოციალურ ქსელებში უკვე გამოეხმაურნენ ცნობილი სახეები როგორც საქართველოდან, ისე სხვა ქვეყნებიდან.

თაკოს კარიერა წლების წინ სამოდელო სააგენტო "ნატალიში" დაიწყო. მონაწილეობდა ცნობილი დიზაინერების-სელინის, ჰუგო ბოსის, ვივიენ ვესტვუდის ჩვენებებში. თანამშრომლობდა სამკაულების მწარმოებელ ცნობილ კომპანიებთან: "შოპართან", "ზენიტთან", "პიაჟესთან", "როჟე და ბურთან", "ჰარი ვინსტონთან"... ის უკვე წლებია ორგანიზებას უწევს თბილისის მოდის კვირეულს.

"ექიმების ოჯახიდან ვარ. ბავშვობაში ჯერ ექიმობა მინდოდა, მერე - მასწავლებლობა... ჩვეულებრივად ვიზრდებოდი: სკოლაში, მუსიკაზე, ცეკვაზე დავდიოდი. ბებია-ბაბუის განებივრებული შვილიშვილი გახლდით. ჩემი გარეგნობა "ხაზგასმული" არ ყოფილა, პირიქით - ყოველთვის მეგობრებზე მაღალი ვიყავი და მსურდა, უფრო დაბალი ვყოფილიყავი", - ამბობს ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში თაკო ჩხეიძე.

რაც შეეხება მშვენიერი მოდელის პირად ცხოვრებას, თაკოს მეუღლე შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, რუსლან აბაშიძეა, რომლის ამ თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ დანიშვნამ, საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. თაკოსა და რუსლანს 3 ვაჟი ჰყავთ.

"ვცდილობ, დრო სწორად გავანაწილო: არც ჩემს საქმეს მოვაკლდე და არც - შვილებს. საკმაოდ შრომატევადი საქმე მაქვს. ადამიანს ძლიერი და ერთგული გუნდი თუ არ გყავს, ძალიან გაგიჭირდება - მარტო წარმატებას ვერ მიაღწევ. ჩემი წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო ჩემი გუნდია, რომელიც ძალიან მიყვარს და ვაფასებ... დასვენების დღეებს მხოლოდ შვილებთან ერთად ვატარებ. დღის განმავლობაში, ისინიც დაკავებულები არიან და მეც. სხვათა შორის, შვილებისთვის რჩევა ბევრჯერ მიკითხავს. თან, უკვე გაიზარდნენ და აანალიზებენ, დედა რას აკეთებს. ჩემი საქმეების შესახებ მათ ხშირად ვუყვები, რაც მოსწონთ. ადამიანისთვის ბავშვებთან ურთიერთობა პირველი ანტისტრესია. ბავშვები, მათთან ერთად გართობა (კინოში სიარული, სპექტაკლზე თუ კონცერტზე დასწრება, ხატვა, თამაში) ძალიან მიყვარს...

დიასახლისად მიგრძნია და ვგრძნობ კიდეც, მაგრამ სასოწარკვეთილად - არა (იცინის). ცუდი ხასიათისთვის დრო არ მაქვს. გარემო, სადაც ვცხოვრობ და გარშემო მყოფები, ჩემი საქმე მიყვარს. როცა ვიღვიძებ, ვხვდები - ცხოვრება მშვენიერია", - ამბობს ულამაზესი მოდელი. (იხილეთ ინტერვიუ სრულად)

იხილეთ ფოტოგალერეა