"15 წლისა მომიტაცეს. ვიდრე 16 წლის არ გავხდი, ჩემი დედამთილი უფლებას არ აძლევდა ჩემს მეუღლეს ერთად გვეცხოვრა" - კვირის პალიტრა

"15 წლისა მომიტაცეს. ვიდრე 16 წლის არ გავხდი, ჩემი დედამთილი უფლებას არ აძლევდა ჩემს მეუღლეს ერთად გვეცხოვრა"

ჩვენში დღემდე პრობლემად რჩება არასრულწლოვანი გოგონების გათხოვება, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რიგ რეგიონებში. ამ ცოტა ხნის წინ სკანდალად იქცა გარდაბნის ერთ-ერთი სოფლის მასწავლებლის მიერ ამ ფაქტის გაპროტესტება. საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელს საჯარო ბოდიში მოახდევინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს იმის გამო, რომ ქორწინების მიზნით არასრულწლოვანი გოგონას მოტაცება გააპროტესტა.

ადრეულ ქორწინებაზე აზრს გამოთქვამს ჟურნალისტი ლალი მოროშკინა:

- 16-17 წლამდე ქორწინება სისხლის სამართლის დანაშაულია. თუ ბიჭი სრულწლოვანია, აუცილებლად უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი და მკაცრად დაისაჯოს... მე კარგად მახსოვს, როგორ მომიტაცეს 15 წლის ასაკში. მაშინ ჩემებს განაცხადი რომ გაეკეთებინათ, ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა ჩემი მეუღლის ოჯახს. თუმცა მაშინ სხვა დრო იყო, ყველაფერი სხვანაირად დამთავრდა და მოტაცება ერთგვარი თბილისური მოდაც იყო...

ახლა კი მიმაჩნია, რომ 12 წლის, ან თუნდაც 15 წლის ბავშვზე როცა ვსაუბრობთ, თუ მისი ტოლი სულელი პარტნიორის ნაცვლად მის გვერდში ზრდასრული ადამიანია, ეს სხვა არაფერია, თუ არა პედოფილია და ამის ჩამდენი აუცილებლად უნდა დაისაჯოს! როგორ შეიძლება, ამ ასაკის ბავშვის ქორწინების დადებით მხარეებზე ვისაუბროთ, როდესაც ფიზიოლოგიურად მოუმწიფებელია გოგონა და მორალურ სტრესსაც ისეთს მიიღებს, რომ აღარასოდეს აღარაფერი ეშველება. ჩვენ მივიღებთ დამახინჯებულ სულს, სხეულთან ერთად. 16 წლის ზემოთ კიდევ შეიძლება ქორწინების დადებით მხარეებზე ვისაუბროთ. თუმცა ადრე შექმნილი ოჯახები უმეტესად ინგრევა, ამ ასაკში შეუძლებელია ჩამოყალიბებული აზრი გქონდეს იმაზე, თუ რა არის ოჯახური ცხოვრება... რა არის თუნდაც მამაკაცთან ცხოვრება. საუბარია ორ ბავშვზე, რომლებიც ჯერ კიდევ უნდა იზრდებოდნენ მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ. მე გამიმართლა, რადგან ჩემს მეუღლეს არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავდა. ვიდრე 16 წლის არ გავხდი, ჩემი დედამთილი უფლებას არ აძლევდა ჩემს მეუღლეს, ერთად გვეცხოვრა.

იხილეთ ასევე: ჩადით თაზაქენდის საჯარო სკოლაში და დაუჭირეთ მხარი ჰამიდ სადიხს! - ღია წერილი განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს