"დედამთილმა მთელ სოფელს მოსდო ეს ამბავი, იქაურები ისე მიყურებდნენ, როგორც საკუთარი შვილის გამყიდველს"
"დედამთილმა მთელ სოფელს მოსდო ეს ამბავი, იქაურები ისე მიყურებდნენ, როგორც საკუთარი შვილის გამყიდველს"
"12 წლის რომ გავხდი, დედამ მოუხშირა ლაპარაკს ჩემს გათხოვებაზე. უკაცო ოჯახში ქალი უსაფრთხოდ ვერ იქნება, ვიღაცა შეგაცდენსო".

თეა ბეკოვა 15 წლის იყო, დედა რომ გახდა. დალხენილი ცხოვრება არც მანამდე ჰქონია, თუმცა, რაც შემდეგ გადახდა თავს, ჩემთვის იოლი მოსასმენი არ იყო. ბევრი რამის თქმა არ მინდა სახალხოდ, მაგრამ უთქმელობაც ვეღარ შევძელიო, - მითხრა... მისი ამბავი კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რამხელა ძალა აქვს ქალს, დედას. უკვე წლებია, ბათუმში პატარა რესტორანს ამუშავებს, ზაფხულობით შვილებიც
ეხმარებიან.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"რისი შეცვლაც შეუძლებელია, იმისთვის აღარ უნდა იბრძოლო. არასდროს არის მართებული მუდმივად ვიღაცის დადანაშაულება. ერთი ადამიანის ბრალი არ არის, რომ რაღაც ვერ მოგცა. დედა სხვა დროში, სხვანაირად იყო აღზრდილი და ბევრი რამ ჩემგან განსხვავებულად ესმოდა. იქნებ ჩემი დაცვაც
უნდოდა, როდესაც ნაადრევ ასაკში ჩემს გათხოვებას ცდილობდა..."

"გარემოვაჭრე იყო, ოჯახში ერთადერთ შემომტანად ითვლებოდა. სულ უკმაყოფილო გახლდათ ჩემი საქციელით. რაც უნდა გამეკეთებინა, არ შემაქებდა, მკაცრად მექცეოდა. ალბათ მისმა ასეთმა დამოკიდებულებამ გამოიწვია, რომ საკუთარ თავში დარწმუნებული არასდროს ვიყავი, დავკომპლექსდი, ყველაფერს განვიცდიდი. მე-3 კლასში თვითმკვლელობაც კი ვცადე, ვადაგასული წამლები დავლიე..."

"12 წლის რომ გავხდი, დედამ მოუხშირა ლაპარაკს ჩემს გათხოვებაზე. უკაცო ოჯახში ქალი უსაფრთხოდ ვერ იქნება, ვიღაცა შეგაცდენსო. უწინ გოგოები პატარა ასაკში თხოვდებოდნენ, მაგრამ ოჯახს უძღვებოდნენო, - სულ ამას მიმეორებდა. მე კი სწავლის გაგრძელებაზე ვოცნებობდი. ვფიქრობდი, როგორც კი ატესტატს ავიღებ, თავს ვუშველი, თბილისში გავიქცევი-მეთქი. ისე მოხდა, რომ 14 წლის ასაკში 26 წლის ბიჭმა მომიტაცა..."

"17 წლისას უკვე 2 შვილი მყავდა... არადა, მართლა ძალიან გვიჭირდა. ფეხზე დედამთილის მოტანილი, ნაგავსაყრელზე ნაპოვნი ზამშის ქოშები მეცვა ზამთარში. მახსოვს, ფეხმძიმობისას მეზობელმა ერთი კომში მომაწოდა, იქნებ გესიამოვნოსო. მე ლიტრიან ქილაში ჩავჭერი, - მეორეც რომ მეყოლება, უფრო გამიჭირდება, ზამთარში ფქვილს მოვუკიდებ და ამას მაინც ვაჭმევ-მეთქი პატარებს..."

"ღამის ცვლაში ვმუშაობდი მოლარედ და სამსახურში რომ არ ჩამძინებოდა, ძველ ჟურნალ-გაზეთებს იაფად ვყიდულობდი ხოლმე. სწორედ იქ წავიკითხე რეკლამა და სუროგატობაზე სერიოზულად დავფიქრდი. კიდევ კარგი, ამ მხრივ მაინც გამიმართლა და ჯანმრთელი აღმოვჩნდი. ოჯახში ამის შესახებ რომ ვთქვი, ყველას გაუხარდა, განსაკუთრებით - დედამთილს. სულ მეკითხებოდა, - რამდენს მოგცემენ, ხომ არ მოგატყუებენო? მთელ სოფელს მოსდო ეს ამბავი და იქაურები ისე მიყურებდნენ, როგორც საკუთარი შვილის გამყიდველს..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 14 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
დღის კითხვადი სტატიები