"უცნაურად დამთავრდა ჩვენი ამბავი... რთული იქნება, ვიღაც ისე შევიყვარო, როგორც მიყვარდა" - კვირის პალიტრა

"უცნაურად დამთავრდა ჩვენი ამბავი... რთული იქნება, ვიღაც ისე შევიყვარო, როგორც მიყვარდა"

"მასტერშეფის" მეორე სეზონის მონაწილე დიმუ მენაბდე პროფესიით ხმის ინჟინერია, ერთხანს ტელევიზიაშიც მუშაობდა. ბევრს ის ალბათ მსახიობ თინა მახარაძესთან რომანით დაამახსოვრდა. უყვარს უცხო კერძების მომზადება და დაგემოვნება. საუბრისას მითხრა, დიდი მოქეიფე და მსმელი არ ვარ, სუფრას პირველი ყოველთვის მე ვტოვებო. დიმუ სასიამოვნო და გახსნილი მოსაუბრეა. ინგლისში ცხოვრების ეტაპზე, აქ გატარებულ წლებსა და კულინარიაზე კარგა ხანს ვისაუბრეთ.

- 10 წლამდე უკრაინაში ვიზრდებოდი, მერე 5 წელი - საქართველოში. დედა უკრაინელი მყავს, მამა - გურული. გურიაში პირველად რომ ჩავედი, მაშინ მივხდი, ვინ და რატომ ვარ (იცინის). 15 წლისა ინგლისში, მშობლებთან საცხოვრებლად წავედი. ვფიქრობ, კარგია, რომ ამის საშუალება მომეცა. უცხოეთში ბევრი რამის მიმართ უფრო ლოგიკური მიდგომაც აქვთ და უკეთესობისკენ ცვლილების მაღალი მოთხოვნილებაც. რასაც აკეთებენ, იციან, რისთვის აკეთებენ. ადამიანები ვვითარდებით ან ვიღაცის მაგალითზე, ან უბრალოდ, ვცდილობთ მიზნის მიღწევას, ხომ ასეა? საქართველოში კი მიზანს ვისახავთ ძირითადად, ვიღაცის მაგალითზე, მიმბაძველობით და ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, ეს უხდება თუ არა სოციუმს ან თვითონ ჩვენ. აი, მაგალითად, ვაწესებთ მანქანების ტექდათვალიერებას, რაც კარგია, მაგრამ არ გვაქვს არც მოძრაობის, არც მართვის მოწმობის აღების, არც გამოცდების ჩატარების კულტურა და ეს ტექდათვალიერება მხოლოდ ფულის გასაკეთებლადაა, ანუ არასწორი სვლებია განვითარებისკენ. ინგლისში საკუთარი თავის განვითარებაზე ყველა ზრუნავდა, აქ კი შეიძლება მუდმივად ერთ დონეზე გაიყინო, იჯდე და არაფერზე წუხდე, საიდანაც დაიწყებ ცხოვრებას, იქვე დაამთავრო. არც გაწუხებს ეს ამბავი და მეტიც, კომფორტულადაც კი გრძნობ თავს, რადგან ვერ ხედავ, რომ გარშემო მუდმივად ვიღაც ვითარდება, წინ მიდის. რომ დავბრუნდი, მეც დიდხანს მქონდა ასეთი პერიოდი. მინიმალურს ვაკეთებდი და იმითაც კმაყოფილი ვიყავი.

- ინგლისში მაქსიმალურად იყავი დატვირთული? - ვსწავლობდი და თან ვმუშაობდი. რადგან 16 წლის ვიყავი და ფულთან შეხება არ შეიძლებოდა ან მიმტანი უნდა ვყოფილიყავი, ან სამზარეულოში დამხმარე. მიმტანობით დავიწყე. მერე უფროსს ვთხოვე, რომ სამზარეულოში ვიმუშავებდი. მოკლედ, სუშეფი გავხდი და კარგი გამოცდილებაც მივიღე იმ ორწელიწად-ნახევარში. მერე, საქართველოში საკონდიტრო კურსებზე დავიწყე სიარული, მაგრამ მალევე თავი მივანებე. ასეთ კურსებზე ბაზისურ ცოდნას აძლევენ, ამ ცოდნის მიღება კი შეიძლება ონლაინაც და გამოცდილებითაც. შემდეგ უკვე სიახლეებზე, ექსპერიმენტებზე მუშაობ.

- საინტერესოა, რატომ დაბრუნდი საქართველოში? - ცოლი მოვიყვანე. ერთ წელიწადში კი დავშორდით, მაგრამ საბოლოოდ აქ დარჩენა გადავწყვიტე.

- თინა მახარაძესთან ურთიერთობას გულისხმობ თუ ოფიციალურ ქორწინებას? - არა, თინამდე იყო ეს ამბავი.

- ე.ი. სიყვარულმა დაგაბრუნა საქართველოში? - სიყვარული... სიყვარული მატარებს აქეთ-იქით, კი (იცინის), ასე გამოდის.

- სენტიმენტალური ხარ?

- ალბათ, რაღაც დოზით.

- როდესაც ადამიანები ცუდად გექცევიან, გული იოლად გტკივა ამის გამო? - ახლა შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. ადრე ყველა კარგი მეგონა, შეცდომა ვის არ მოსდის და ყველას უნდა მოვუფრთხილდეთ-მეთქი, - ვფიქრობდი. ერთსა და იმავე შეცდომას ბევრჯერ რომ დაუშვებს ვინმე, მერე შენც ფიქრობ, რით ვერ გამოსწორდაო და ნდობასაც კარგავ. საერთოდ, ყველა იმას იღებს, რასაც იმსახურებს, მათ შორის მეც - ასე მგონია.

- "მასტერშეფსა" და კულინარიაზე უნდა გკითხო. როგორია შენი დამოკიდებულება სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოსთან? - უპირატესობას ქართულს ვანიჭებ, მიუხედავად იმისა, რომ მიმოგზაურია ევროპაში და ბევრი ქვეყნის სამზარეულოს ვიცნობ. მიყვარს იაპონური სამზარეულოც, მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის ხორცი ამ ქვეყანაშია. 50.000 დოლარი ღირს ერთი ძროხა, განსაკუთრებული კულტურა აქვთ. ქართული სამზარეულოს გემოები მომწონს. არ მომწონს, ინოვაციის მოთხოვნილება რომ არ გვაქვს, არადა, პოტენციალი არის. ცოტა ვინმე თუ მუშაობს ქართული სამზარეულოს განვითარებაზე. კარგია, ეს პროექტი და სამივე შეფი სწორედ ამ მიზანს რომ ემსახურება.

- ხშირად ამზადებ მეგობრებისთვის? თუ უყვართ შენი ნახელავი?

- ბარის მენეჯერი ვარ და იქ ხშირად მთხოვენ, - დიმუ, რამე მოგვიმზადეო. მეც სახელდახელოდ, რაც მაქვს, იმისგან ვამზადებ ხოლმე. სხვათა შორის, თინა იყო ჩემი კულინარიის ფანი.

- შენი მომზადებული მაინც, რა უყვარდა? - თითქმის ყველაფერი. მეგობრებმაც ხომ იციან, რომ სამზარეულოსთან "ვმეგობრობ", თუმცა, მიუხედავად ამისა, ზოგმა მაინც დამიწუნა პროექტში მონაწილეობის გადაწყვეტილება, ზოგმაც პირიქით, მომიწონა. კარგად ვამზადებ და რატომაც არ შეიძლება მოვიგო? "მასტერშეფის" პირველ სეზონს რომ ვუყურე, შოუს ხარისხიც მომეწონა, ჟიურიც და მაშინ გადავწყვიტე, მეორე სეზონზე მეცადა ბედი. ჟიურის რჩევები გასათვალისწინებელია, ბევრ რამეს გასწავლის. შენიშვნები არ მწყინს, არც დანა-ჩანგლის ხმაურით ჩაყრა, ეს ხომ შოუს ფორმატია. უბრალოდ, დაძაბული ვარ, თუმცა ეს არ მიშლის ხელს, თავდაჯერებული ვიყო.

- ჟიურიდან რომელი უფრო მკაცრია? - ლევანია ძალიან მკაცრი. სამივე განსხვავდება ერთმანეთისგან, სამივე პროფესიონალია და მაინტერესებს სამივეს აზრი, შიშით არც ერთის არ მეშინია.

- მიხვდი, რატომ ეცინებოდათ ლევანსა და ლუკას? გარეგნული მსგავსების გამო კომენტარებში წერდნენ შენზე, პატენტი კონსტანტინეაო.

- პატენტი არ ვარ (იცინის). ასე ძალიან გვამსგავსებენ? თავიდან ვერ მივხვდი, რატომ იცინოდნენ; კამერასთან, ცოტა არ იყოს, ვიბნევი ხოლმე.

- კომენტარებს კითხულობ? რა ამბებია, რომ იცოდე...

- კი, თვალი გადავავლე. მადლობა ჩემს მხარდამჭერებს. ვიცით ასე, ტელევიზორში ვიღაც გამოჩნდება და უცებ ავიტაცებთ ხოლმე. ჯერ ერთი კერძი მოვამზადე, სხვა არაფერი. შეიძლება, საინტერესო ტიპი ვარ, ვიცი, ცუდად არ გამოვიყურები (იცინის), მაგრამ ეს ცხოვრებაში დიდ როლს არ თამაშობს.

- და რა თამაშობს დიდ როლს, რის მიხედვით იქცევს ვინმე შენს ყურადღებას?

- გარეგნული ფაქტორი, რა თქმა უნდა, ბევრს ნიშნავს, მაგრამ 2 ადამიანს შორის კომუნიკაცია უნდა შედგეს. შეიძლება ვერ ვთანხმდებოდეთ, მაგრამ რაღაც საკითხებზე მინიმუმ საინტერესო დიალოგი უნდა გვქონდეს...

- თინა მახარაძეზე წერდი, ამ გოგოს გარეშე არაფერი მინდა ცხოვრებაშიო... - უცნაურად დამთავრდა ჩვენი ამბავი, თინა ამერიკაში წავიდა, მე აქ დავრჩი. კარგი ურთიერთობა გვქონდა, მერე ბევრი რამის გამო და იმის გამოც, რომ ამ ქვეყანაში ყველა შენს ცხოვრებაში ძვრება, რაღაც სისულელეები მოხდა და ეს ურთიერთობაც დამთავრდა.

- გული დაგწყდა? - კი. არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ ამბობენ, რომ კმაყოფილები არიან. გარკვეული პერიოდი ცუდად ვიყავი, ახლა რეაბილიტაციის პერიოდი მაქვს.

- ეტყობა, იშვიათად და ძლიერად გიყვარდება, ასე მტკივნეულად რაკი განიცდი? - ახალი ურთიერთობებისთვის მზად არ ვარ. ახლა ალბათ რთული იქნება, ვიღაც ისე შევიყვარო, როგორც მიყვარდა. ამ ეტაპზე დიდ ყურადღებას ვაქცევ საკუთარ თავს, არავის ვეძებ. ვფიქრობ, ადრე ჩემს საქმეებს სათანადო ყურადღებას არ ვაქცევდი, ახლა ვცდილობ, პირადი ცხოვრების გარდა სხვა რამესაც მივხედო.

- თუმცა მშობლები ალბათ მოუთმენლად ელიან შენს დაოჯახებას. - 28 წლის ვარ და რა თქმა უნდა, მამაჩემს უნდა შვილიშვილი, თუმცა, ამის მიუხედავად, არ არიან ჩაციკლულები ჩემი ცოლის მოყვანაზე. ჩემი დისგან კი ჰყავს შვილიშვილი, მაგრამ ჩემგანაც უნდა (იცინის). შვილი მეც მინდა, მაგრამ სწორ დროს. სულ ვფიქრობ, როგორ გავზრდი და ა.შ. ეს არ არის მარტივი საქმე.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებ? - დალევას თავი დავანებე, სიგარეტს - ვერა. მუსიკა, მეგობრები, კინო, ბევრ ფილმს ვუყურებ. ყვავილები მაქვს და ვუვლი, ვრწყავ. ახლა, გადაღებების გამო, უკვე ნაკლებად მაქვს თავისუფალი დრო.

- დაბოლოს, რა მოლოდინი გაქვს და რას აპირებ სამომავლოდ? - კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ "მასტერშეფის" მეორე სეზონი ძალიან საინტერესო იქნება, ყველა მონაწილე გამორჩეულია თავისი მიდგომით კულინარიისადმი. მხოლოდ ერთმანეთის კონკურენტები კი არ ვართ, ერთად ვმუშაობთ და ერთად ვსწავლობთ ბევრ რამეს. სამომავლოდ მინდა გავხსნა ჩემი რესტორანი, სადაც გპირდებით, არასდროს იქნება სტანდარტული მენიუ.

ნინო ჯავახიშვილი ჟურნალი "გზა"