"მე და ჩემს მეუღლეს არ გვიყვარს ფუფუნების აფიშირება" - ივანიშვილის მილიარდიანი კოლექცია და ნახატები, რომელიც ექსპრემიერმა გაყიდა - კვირის პალიტრა

"მე და ჩემს მეუღლეს არ გვიყვარს ფუფუნების აფიშირება" - ივანიშვილის მილიარდიანი კოლექცია და ნახატები, რომელიც ექსპრემიერმა გაყიდა

ფოტოგალერეა

"რა არის ფუფუნებაში ცხოვრება? - მაქვს სახლი, ვილა ჩემს სოფელში. ასევე ვილა ზღვისპირეთში და ეს ბიზნესცენტრი. ყოველ დღე დაკავებული ვარ იოგით, ცოტა სპორტითაც, ვჭამ დღეში ერთხელ, ამის გარდა მივირთმევ ცოტაოდენ ხილს და ვსვამ ერთ ჭიქა ღვინოს. თვეში ერთხელ კი ვკრებ ჩემს უახლოეს მეგობრებს და დროს მათთან ერთად ვატარებ. მე და ჩემს მეუღელს არ გვიყვარს საზოგადოების თვალწინ ტრიალი და ფუფუნების აფიშირება", - ეს სიტყვები ეკუთვნის "ქართული ოცნების" ლიდერს, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც Bloomberg-ის მიხედვით მილიარდერთა 500-კაციან სიაში ერთადერთი ადამიანია საქართველოდან.

მისი ქონება ბოლო ერთ თვეში 70 მილიონი დოლარით გაიზარდა. რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 16 ნოემბრის მდგომარეობით 352-ე პოზიციაზე იმყოფება. ინდექსის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.42 მლრდ დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც 15 ოქტომბრის მდგომარეობით მისი ქონება 5.35 მლრდ დოლარი იყო. 5.42 მლრდ დოლარად ბიძინა ივანიშვილს შეუძლია შეიძინოს 4.39 მილიონი უნცია ოქრო და 102 მილიონი ბარელი ნავთობი.

აღსანიშნავია, რომ მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი - 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.

გამოცემას ბიზნესმენთან დაკავშირებით მცირე ინფორმაციაც აქვს დატანილი, სადაც ივანიშვილის ბიზნეს საქმიანობის დაწყებისა და პოლიტიკური კარიერის მოკლე ისტორიაა ასახული.

პაბლო პიკასოს "დორა მარი კატით"

"ივანიშვილმა კარიერა პოსტსაბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი გაიყიდა საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს. ერთი წლის შემდეგ კი ის თანამდებობიდან გადადგა," - იუწყება გამოცემა.

როდესაც ბიძინა ივანიშვილის ქონებაზეა ლაპარაკი, თითქმის ყველა გამოცემა აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში არსებული ყველაზე დიდი კერძო ხელოვნების ნიმუშების კოლექციის მფლობელია. დაზუსტებული ინფორმაცია ამ კოლექციის ღირებულების შესახებ არ არსებობს, თუმცა მისი მოცულობა ერთ მილიარდამდე უნდა იყოს. სავარაუდოდ ეს ქონება არა პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს, არამედ მის პანამურ ოფშორებს ან მის მფლობელობაში არსებულ სხვადასხვა კომპანიებს ეკუთვნით. ივანიშვილის ხელოვნების ნიმუშების ნაწილი სოლოლაკის ბიზნეს ცენტრში აქვს გამოფენილი, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, იქ დიდწილად ნახატების ასლებია, ორიგინალები კი ლონდონში, საცავშია შენახული.

ივანიშვილის ხელოვნების ნიმუშების კოლექციაში 2006 წელს 95 მილიონ დოლარად შეძენილი პიკასოს "დორა მარი კატით" შედის, ეს თანხა იმ დროისთვის ხელოვნების ნიმუშში გადახდილი უმსხვილესი თანხა იყო.

საინტერესოა, რომ 2016 წელს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა 112 მილიონი დოლარის ღირებულების ნახატები გაყიდა. მათ შორის პიკასოს, ფრენსის ბეკონის და ლუსიან ფროიდის ნამუშევრებიც. ეს ინფორმაცია თავის დროზე რუსულმა "ფორბსმა" გაავრცელა.

პიკასოს "კაცი ჩიბუხით" გაიყიდა 18,4 მილიონ დოლარად. ნახატი შეძენილი იყო 2007 წელს, 11,8 მილიონ დოლარად. ბიძინა ივანიშვილი და პიკასოს "კაცი ჩიბუხით"

უილემ დე კუნინგის "უსახელო XXV" 66,3 მილიონად გაიყიდა, მასში ივანიშვილს 2006 წელს 27,1 მილიონი დოლარი ჰქონდა გადახდილი. "კრისტის" აუქციონზე ივანიშვილმა ტილო წინასწარ შეფასებულ ღირებულება - 40 მილიონ დოლართან შედარებით 26,3 მილიონით ძვირად გაყიდა ანონიმურ მყიდველზე.

 უილემ დე კუნინგის "უსახელო XXV"

ლუსიან ფროიდის ტილო "იბი და მისი მეუღლე" გაიყიდა - 24 მილიონ დოლარად

ფრენსის ბეკონის ტილო "lying Figure with Hypodermic Syringe" კი $27.1 მილიონად, აღნიშნული ტილო ივანიშვილმა 2006-ში $15 მილიონად შეიძინა. ლუსიან ფროიდის ტილო "იბი და მისი მეუღლე"

ცნობილია, რომ  იგი ჯერ კიდევ რუსეთში მოღვაწეობისას დაინტერესდა მსოფლიოს ცნობილი მხატვრების შედევრებით. მის კოლექციაში ნახავთ ავსტრიელი ფერმწერის ეგონ შილეს, ანიშ კაპურის, როი ლიხტენშტეინის, დემიენ ჰერსტის და ჯეფ კუნსის ნახატებს. ივანიშვილის საყვარელ მხატვრად მიიჩნევა თნამედროვე სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი მხატვარი, ნატურალისტი ლუსიენ ფროიდი.

ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებით დიდი თანხა აქვს დახარჯული ავსტრიელი მხატვრის ეგონ შილეს ნამუშევრებზე.

ამერიკული პოპ-არტის თვალსაჩინო წარმომადგენლის, როი ლიხტენშტეინის "ინტერიერი წითელი კედლით" 1991 წლით თარიღდება და ივანიშვილმა 2008 წელს, "სოთბის" აუქციონზე მასში 7 მილიონი დოლარი გადაიხადა. ამ ნახატის ასლი ივანიშვილის ბიზნესცენტრს ამშვენებს, თავად ორიგინალი კი ლონდონში ინახება. ფრენსის ბეკონის ტილო "lying Figure with Hypodermic Syringe"

თანამედროვე ამერიკელი მხატვრის ჯეფ კუნსის ტილო, ბიზნესცენტრის შეხვედრების ოთახს ამშვენებს. კუნსი თანამედროვე მხატვრებიდან ყველაზე ძვირადღირებული ტილოებისა და ქანდაკებების ერთ-ერთ ავტორად არის ცნობილი. ექსპრემიერ-მინისტრის კოლექციას ასევე ამშვენებს შოტლანდიელი მხატვრის, პიტერ დოიგის "თეთრი კანოე", რომლის შეძენა ივანიშვილს 2007 წელს "სოთბის" აუქციონზე 11,3 მილიონი დოლარი დაუჯდა. ივანიშვილის ფავორიტ მხატვართა შორისაა ბრიტანელი დემიენ ჰირსტიც, რომლის ნეო-პოპ-არტის სტილში შესრულებული ტილო - "LSD" - ექსპრემიერ-მინისტრის საცხოვრებელი სახლის კედელს ამშვენებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიძინა ივანიშვილის ძვირად ღირებული კოლექციის კიდევ ერთი მშვენება ავსტრიელი გრაფიკოსისა და ფერმწერის, ავსტრიული ექსპრესიონიზმის აღიარებული ოსტატისა და გუსტავ კლიმტის მოსწავლის - ეგონ შილეს ნამუშევრებია, მათ შორისაა 1915 წელს დახატული "მარტოხელა სახლები," რომლის ფასი 40 მილიონ დოლარად განისაზღვრება. ივანიშვილის კიდევ ერთი ფავორიტი მხატვარია ზიგმუნდ ფროიდის შთამომავალი, ბრიტანელი ფერმწერი, ლუსიან ფროიდია. 2011 წელს გარდაცვლილი ფროიდი თანამედროვე მხატვრებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ავტორად მიიჩნევა. ექსპრემიერ-მინისტრის კოლექციაში ფროიდის "ელი და დავიდი" ინახება.

ჩამოთვლილი მხატვრებისა და მათი ნამუშევრების გარდა, გავრცელებული ვერსიის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის კოლექციაში ინახება, ასევე, ფრიდა კალოს, კლოდ მონეს, მარკ შაგალისა და სხვათა ნამუშევრები. ფერწერულ ტილოებთან ერთად, ბატონი ბიძინას გატაცებად ითვლება თანამედროვე მოქანდაკეების ნამუშევრების შეგროვებაც, რომელთა შორისაა: ანიშ კაპურის, ზაჰა ჰადიდის, ჰენრი მურისა და რობერტ ინდიანას ნამუშევრები.

იხილეთ ფოტოგალერეა: ხელოვნების ნიმუშები ბიძინა ივანიშვილის კოლექციიდან

იხილეთ ასევე: "ცრემლი მომდის, როცა უმადური თანასოფლელების ნათქვამს ვისმენ" - როგორ ცხოვრობს ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფელი?