"წლები გავიდა და ერთმანეთს ისევ შევხვდით. თავდაპირველად, ამ ურთიერთობას ვმალავდი..."
23-11-2019
"წლები გავიდა და ერთმანეთს ისევ შევხვდით. თავდაპირველად, ამ ურთიერთობას ვმალავდი..."
მსახიობი ანკა ვასაძე სერიალში "იდეალური დედა" თამაშობს. როგორია მისი პერსონაჟი, რამდენად კომფორტულია გადასაღებ მოედანზე ყოფნა, რას იხსენებს ცნობილ წინაპრებზე - აკაკი ვასაძესა და მარინა თბილელზე, რა ვერ ისწავლა დღემდე და რას უფრთხილდება ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...
- ...1991 წლის 13 მაისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მსახიობი. ჩემი წინაპრები მსახიობები იყვნენ. ისეთ გარემოში გავიზარდე, ბუნებრივია, რომ ეს სურვილი გამიჩნდა. ოჯახში მირჩიეს,
იქნებ უფრო შემოსავლიანი და სტაბილური პროფესია აირჩიოო, მაგრამ ჩემში მსახიობობის სურვილი იმდენად ძლიერი იყო, წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

- ჩემზე ამბობენ...
- ...სულ გადარბენაზეაო. თვისებებიდან ჩემს ენერგიულობასა და სიჯიუტეს უსვამენ ხაზს. ჯიუტი ვ
არ, მაგრამ ცოტა ხნით, მაქსიმუმ ერთი დღე შეიძლება გაგრძელდეს. გურული გახლავართ, წყენა და ბრაზი დიდხანს არ მიმყვება. შვილი დამცინის, - როცა მეჩხუბები, მეორე წუთს მეფერებიო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...შრომისმოყვარეობაა, რასაც ჩემს პროფესიაშიც ვამჟღავნებ. ოჯახშიც ვალდებულებები მაქვს. ყოველდღე ვერ ვახერხებ, მაგრამ ჩემი რეჟიმის შესაბამისად, სადილებს ვამზადებ - ძალიან მოსწონთ და ეს არცთუ ისე იშვიათად ხდება. მყავს მეუღლე და ერთი შვილი.

- ჩემი მეუღლე...
- ...პროფესიით ეკონომისტია, ამჯერად ბიზნესითაა დაკავებული. ძალიან დაუახლოვდა ჩემს პროფესიას, მეგობრებს, გასტროლებზეც ერთად დავდივართ და ეს მახარებს.

- თვისება რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ზოგჯერ საქმე შეიძლება ძალიან გავწელო და ბოლო წუთამდე ვერ მოვაგვარო.

- ვრისკავ, როცა...
- ...ახალ როლს ვიღებ. ყველა ახალი როლი რისკია. უცხო ენებზეც ვთამაშობ. ვრისკავ, როცა პრემიერამდე 1 თვით ადრე სხვის როლს ვირგებ. ეს ძალიან, ძალიან რთულია. მეუბნებიან, უფსკრულში თავით ეშვებიო. ასეთ დღეებში მაქსიმალურად მობილიზებული ვარ და ეს მშველის.
ანკა შვილთან ერთად
გონებაში ჩაბეჭდილი მაქვს, რომ ამ სფეროში, წარმოუდგენელი შრომის გარეშე, არაფერი გამომივა. ჩემს დიდ ბაბუას, აკაკი ვასაძეს არ მოვსწრებივარ, მაგრამ მოვესწარი დიდ ბებიას - მარინა თბილელს. უბრალოდ, ის სცენაზე აღარ იყო. გადმოცემით ვიცი, ბაბუა როგორ შრომობდა. სულ მცირე როლსაც კი საოცარი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა. როცა მაყურებლის წინაშე წარდგები, ყველა მსახიობი ხვდება, საკუთარ როლს რა დააკლო. მემკვიდრეობა სხვა პასუხისმგებლობას მაკისრებს. ზოგჯერ ვეღარ ვხვდები, ეს კარგია თუ ცუდია. ადამიანების კეთილგანწყობა და პატივისცემა ჩემი ოჯახის მიმართ დიდი ბედნიერებაა.

- ჩემი ბებია, მარინა თბილელი...
- ...ძალიან კარგად მახსოვს. ჩვენ ერთად არ ვცხოვრობდით, მაგრამ მასთან ხშირად მივდიოდით. როგორც კი დავბადებულვარ, იმ წუთშივე უთქვამთ, მარინას როგორ ჰგავსო. გარდატეხის ასაკში წონაში მოვიმატე, მერე გავხდი, მას შემდეგ აღარ ვგავარ. ის ადამიანები, რომლებსაც მარინა თბილელი სცენაზე ახსოვთ, მეუბნებიან, რომ მას შესრულების ტექნიკითაც ძალიან ვგავარ. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი და მარინასთან მივდიოდით, ღიმილით ამბობდა (მარინა თბილელის ინტონაციით): "ვაი, ვის ჰგავს ეს ბავშვი?" ძალიან უხაროდა. მისი პერსონაჟების პაროდიებს ვაკეთებდი, სულ ვბაძავდი. მოხუცი იყო, მაგრამ ლამაზი თვალებით ანათებდა, სულ თეთრი თმა ჰქონდა, სიკეთეს ასხივებდა.

- აკაკი ვასაძე...

- ...ჩემი დიდი ბაბუა იყო. ოჯახში ამბობენ, რომ ძალიან ყურადღებიანი და დინჯი გახლდათ. სახლის საქმეებს მისი მეუღლე, ანეტა განაგებდა. აკაკი სახლშიც სულ მუშაობდა, კეთილგანწყობილი იყო ახალგაზრდების მიმართ; ვინც მოსწონდა, მის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებდა. საოცრად განათლებული კაცი იყო, არაჩვეულებრივად იცოდა ფსიქოლოგია, ანატომია და თავის გმირებს ხატავდა. ეს ყველაფერი მისი რძლისგან, ანუ ბებიაჩემისგან ვიცი.

- სიყვარული ეს...
- ...რა არის, ვერ ავხსნი. ეს არის გრძნობა, რომელსაც ვერაფერს უხერხებ, რაც გაბედნიერებს და რაც გულს უფრო მეტად გტკენს, ვიდრე სხვა რამ. ბედნიერი ვარ, რომ შეყვარებული გახლავართ.

- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...ძალიან პატარა ვიყავი. ის ბიჭი ჩემი მეგობარი იყო. სასაცილო შემთხვევა მახსენდება, ერთი საღეჭი რეზინი ჰქონდა, ვთხოვე, - მომეცი-მეთქი, - გაგიყოფო, - არა, სულ მომეცი-მეთქი, - მაშინ საერთოდ არ მოგცემო. - მაშინ ცოლად აღარ გამოგყვები-მეთქი (იცინის). ძალიან პრანჭია და კეკლუცი ვიყავი.

- ჩემი და ჩემი მეუღლის სიყვარულის ამბავი...
- ...წლების წინ დაიწყო. ერთ სკოლაში ვსწავლობდით, მე 11 წლის ვიყავი, ის - 16-ის. ძალიან მომწონდა, მაგრამ პატარა ვიყავი და რა თქმა უნდა, მას ვერ მოვეწონებოდი, უბრალოდ მემეგობრებოდა.
სკოლა რომ დაამთავრა, წლები გავიდა და ერთმანეთს ისევ შევხვდით. მე უკვე 17-ის ვიყავი და მას შემდეგ ერთად ვართ. თავდაპირველად, ამ ურთიერთობას ვმალავდი. მაშინ სხვანაირად ვიზრდებოდით. ვერ ვიტყვი, რომ ყველგან მიშვებდნენ, მეგობრები უფრო ერთმანეთის სახლებში დავდიოდით. დაახლოებით 1 წელში დავქორწინდით. 10 წელია, ერთად ვართ, მაქსიმუმ 1 კვირით თუ გავშორებივართ ერთმანეთს.

- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...თეატრში კიბეზე ავირბენ, ჩამოვირბენ ხოლმე და მსაყვედურობენ: გოგო, თხასავით ნუ იქცევიო. სახლში გარკვეული თემების მიმართ უყურადღებობის გამო მსაყვედურობენ.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ...როცა თავს უხერხულად ვგრძნობ, ვიბნევი და მერე ისეთ რამეებს ვამბობ, სჯობს ჩუმად ვიყო, მაგრამ აი, ეს გაჩუმება ვერ ვისწავლე.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...ძალიან მალე აღარ მექნებოდა (იცინის), ადამიანებს ბევრ სიურპრიზს გავუკეთებდი.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...
- ..."არ გავაკეთებ", ძნელი სათქმელია, მაგრამ ზუსტად ვიცი, არც როლის და არც არაფრის გამო, ჩემი თავის წინააღმდეგ ვერ წავალ, ჩემს სინდისთან ყოველთვის სუფთა და მართალი უნდა უნდა ვიყო.

- პატიება შემიძლია თუ...
- ...ადამიანი ნანობს.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ საქმე მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა ვაკეთო.
- როცა საჯაროდ მაქებენ...

- საკუთარ გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...ბევრ რამეს, მაგრამ არაფერს. ზოგიერთი დეტალი მომწონს, ზოგიერთი - არა, მაგრამ არ მინდა, ინდივიდუალიზმი დავკარგო. პლასტიკური ოპერაციების შედეგად, ადამიანები ერთმანეთს ისე დაემსგავსნენ, ხშირად ერთმანეთისგან ვეღარ ვასხვავებ.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...ერთხელ დათო დვალიშვილმა მითხრა, რასაც ახლა გეტყვი, ეს შენ ისედაც იცი, მაგრამ არ მინდა დაგავიწყდეს: არაფერია ჩვენს პროფესიაში განსაკუთრებული, გარდა იმისა, რომ გადიხარ სცენაზე, იაზრებ რა უნდა გააკეთო და იმას თამაშობ. ეს არის ყველაზე მარტივი, რაც ყველამ იცის, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი. წლების განმავლობაში უამრავი დარიგება მომისმენია, ყველა ჭკუას მარიგებდა. მახსოვს, არასდროს უნდა ვაგრძნობინო შვილს, რომ ცხოვრებაში რამე მასზე მნიშვნელოვანია...

- დაბოლოს, გეტყვით...
- ...მსახიობები ვთამაშობთ მაყურებლებისთვის, ჩემთვის თითოეული თქვენგანის აზრი მნიშვნელოვანია. გთხოვთ, თეატრში ხშირად იარეთ! იხილეთ სრულად
თამუნა კვინიკაძე
ნანა
30 ნოემბერი 2019 18:05
მშვენიერი გოგონაა, ყველანაირად შემკული.

რედაქტორის რჩევით
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?