"ჩემი რძალი კარგად გაზრდილი გოგონაა. ერთი წელია, ერთად ვცხოვრობთ" - კვირის პალიტრა

"ჩემი რძალი კარგად გაზრდილი გოგონაა. ერთი წელია, ერთად ვცხოვრობთ"

მსახიობ მარინა კახიანის საკმაოდ კომიკური პერსონაჟი - ნატრული "ჩემი ცოლის დაქალების" მაყურებლებს კარგად ახსოვთ: ქალბატონი ნატრულისთვის სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირი - კატო კატეგორიულად მიუღებელი სარძლო იყო, თუმცა ბოლოს სარძლო-სადედამთილოს შორის ურთიერთობა დათბა, დატკბა და არასასურველი სარძლო სასურველადაც იქცა... ჩვენ ქალბატონ მარინა კახიანს ვესაუბრეთ და, რა თქმა უნდა, ნატრული და მაქსიმეც გავიხსენეთ...

- თქვენს გულამდე მოსასვლელი გზა იოლია?

- გააჩნია, რა შემთხვევაში, თუმცა ახლა უფრო იოლი გახდა: რაღაცები გადავაფასე, უფრო "რბილი" გავხდი, ადამიანებს (თავიანთი დადებითი თვისებებით თუ პატარ-პატარა "ცოდვებით") უფრო იოლად ვიღებ, ვიდრე მცირე ასაკში. ალბათ, წინათ უფრო უკომპრომისო და ხისტიც ვიყავი. შემდეგ, ბევრი რამის გამო, ცხოვრებას უფრო რეალურად შევხედე, საკუთარი სისუსტეებიც მივიღე და სხვისიც. ამიტომ ადამიანებთან უფრო იოლად ვამყარებ კონტაქტებს, ვიდრე 10, 20 და მეტი წლის წინ.

- თქვენი ვაჟის დაოჯახებამდე, მისი თაყვანისმცემლების, ასე ვთქვათ, მოგერიება დაგჭირვებიათ? - არა, მის ცხოვრებაში ასეთი დოზით არ ვერეოდი. რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა ცოტათი მწარედ, მაგრამ იუმორით, 1-2 გოგონას ნაკლოვანებებზე მივანიშნე. მის თაყვანისმცემლებს არ ვიგერიებდი - ის ამას თავად ახერხებდა.

- თქვენს რძალთან იოლად ააწყვეთ ურთიერთობა?

- ნამდვილად ძალიან იოლად. პირველ რიგში, ეს გოგონა - ნაზი, სიფრიფანა, გარეგნულად ძალიან მომეწონა. სამწუხაროდ, დღეს მისი მსგავსი (ხასიათს ვგულისხმობ) გოგონები იშვიათია. რატომღაც, მოდური გახდა, რომ ადამიანი საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებული იყოს. საკუთარი თავდაჯერებულობა სხვამ თავს რატომ უნდა მომახვიოს? შეიძლება, შინაგანად თავის თავში დარწმუნებული იყოს, მაგრამ თავდაჯერებულობასა და უზრდელობას შორის ბეწვის ხიდია გასავლელი, ზღვარი უნდა არსებობდეს. ჩემს რძალს რაც შეეხება, ძალიან კარგად გაზრდილი გოგონაა. ერთი წელია, ერთად ვცხოვრობთ და ბედნიერი ვარ, რომ მის შესახებ შექმნილი პირველი შთაბეჭდილება არ გამიცრუვდა. პირველ რიგში, ერთმანეთს პატივს ვცემთ. ასეთ ურთიერთობაში ერთია პატივისცემა და მეორე - სიყვარული, როდესაც მიიჩნევ, რომ ის უკვე შენი ოჯახის წევრია, შენიანია, უკვე მშობლიური გახდა... დარწმუნებული ვარ, ჩემი რძალიც იმავეს იტყოდა, ახლა აქ რომ იყოს...

- თქვენს პოპულარულ პერსონაჟთან - ნატრულისთან (სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები") საერთო თვისება გაქვთ? - (იცინის) მიმაჩნია, რომ - არაფერი... მართალია, დედაჩემი თბილისში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ მისი წინაპრები მეგრელები იყვნენ. ალბათ, რაღაც მეგრული სისხლში მეც მექნება. ჯერ ერთი, ნატრულის განსახიერებისას ჩემი გარეგნობა, ჩემი "ფიზიკაა". შეიძლება, გარკვეულ ჟესტებს, რომელსაც მისი როლის შესრულებისას ვიყენებ, ცხოვრებაში არ ვიყენებ და არც ისეთივე მანერით ვსაუბრობ, მაგრამ შესაძლოა, არის ჩემში ის "ეშმაკობები" (კარგი გაგებით) და ჭკუაც. ფაქტია, ნატრული თავის შვილზე არანორმალურადაა შეყვარებული, მისთვის ყველაფერი საუკეთესო უნდა, მაგრამ ახლა, როგორც ვხვდები, მთლად კმაყოფილი არ არის: თავდაპირველად, თითქოს თავისი შვილის ყველაფერი მოსწონდა, ახლა თვალი გაახილა - დაინახა, რომ მაქსიმე ცოტათი უსაქმური, ზედაპირული და ეგოისტია.

- ნატრულის მაქსიმესთვის თავდაპირველად დაწუნებული კატო უკვე მოეწონა. თქვენი აზრით, თქვენი პერსონაჟის შვილს როგორი ცოლი შეეფერება? - ალბათ, ისეთი ძლიერი ქალი, ვინც შეეცდება, მაქსიმე სწორ გზაზე დააყენოს, მისი კარგი თვისებები "ამოსწიოს". ჯერჯერობით, ეს ვერავინ მოახერხა. ამას ნატრულიც ვერ ახერხებს.

- საკუთარ თავს ძლიერ პიროვნებად მიიჩნევთ? - წლების განმავლობაში, სულ ვამბობდი, - ძლიერი არა, სუსტი ქალი ვარ-მეთქი. ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ აუცილებელი იყო, ძლიერი ვყოფილიყავი, სხვანაირად არ გამოვიდოდა: სამწუხაროდ, ოჯახის უფროსი გავხდი, მცირეწლოვანი ბავშვი უნდა გამეზარდა... ეს ყველაფერი ცუდ პერიოდში მოხდა - საქართველოს უახლეს ისტორიას რომ გადავხედოთ, ეს არც ისე კარგი დრო იყო. არსებობისთვის ბრძოლა მიწევდა... ჩემ გვერდით იყვნენ ადამიანები, ვინც მანებივრებდნენ, ჩემზე ზრუნავდნენ: მშობლები, ბებია-ბაბუა, შემდეგ - მეუღლე... მერე აღმოჩნდა, რომ საკუთარ თავზეც და სხვებზეც უნდა მეზრუნა. არ ვიცი, ეს რამდენად "ფრიადზე" გავაკეთე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მოვახერხე. ალბათ, ჩემში ძლიერების რაღაც მარცვალი იყო, რომელიც შემდეგ იძულებული ვიყავი, გამეღვივებინა, "ამომეწია", ამომეჩიჩქნა... ახლა ვფიქრობ, ცოტათი დავიღალე და მოდუნებაც მჭირდება, მაგრამ მოდუნების დრო არ მაქვს.

- შვილის აღზრდისას დაბნეულხართ? - შვილის გაზრდაში დედა მეხმარებოდა, მაგრამ იძულებული ვიყავი, იმ ცუდ პერიოდში, შვილი ზოგჯერ გარეთ გამეშვა, რადგან კაცი უნდა დამდგარიყო და სულ სახლში ვერ გამოვკეტავდით. ის იყო რთული გასარკვევი, როდის უნდა გამეშვა და როდის - არა. ხანდახან დედა მეუბნებოდა, - არ გაუშვაო. ხანდახან მაინც ვუშვებდი, რადგან არ შეიძლება, კაცი გამოკეტო: გარკვეული დოზით, "ქუჩის ურთიერთობაც" უნდა ისწავლოს, თანატოლებთან ურთიერთობაც. დაუშვებელია, იზოლირებულად გაზარდო, თუნდაც - "ოქროს გალიაში".

- ოდესმე სასოწარკვეთილ დიასახლისად გიგრძნიათ თავი?

- წამიერად - შეიძლება. მტვრის გადაწმენდას და დაუთოებას ვერ ვიტან. საბედნიეროდ, არის ქალბატონი, ვინც პერიოდულად მეხმარება, მაგრამ ხანდახან ამის გაკეთება მეც მიწევს და საშინლად ვერ ვიტან. ალბათ, სასოწარკვეთილ დიასახლისად თავს ამ დროს ვგრძნობ ხოლმე (იცინის). კერძების მომზადება მიყვარს. ამიტომ, როცა ძვირფასი ადამიანებისთვის კერძს ვამზადებ, თავს სასოწარკვეთილად არ ვგრძნობ. იხილეთ სრულად

ეთო ყორღანაშვილი