"ერისიონთან" ერთად აცეკვებული მადლენ ოლბრაიტი - ნახეთ უნიკალური კადრები - კვირის პალიტრა

"ერისიონთან" ერთად აცეკვებული მადლენ ოლბრაიტი - ნახეთ უნიკალური კადრები

გთავაზობთ სტატიას "კვირის პალიტრის" არქივიდან

ორი წლის წინ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მადლენ ოლბრაიტი სტუმრობდა. იგი თბილისს ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის რანგში ესტუმრა. მასთან ერთად NDI-ის დელეგაციაში იყვნენ: ორგანიზაციის პრეზიდენტი კენ ვოლაკი, დირექტორთა საბჭოს წევრები - ნენსი რუბინი და ყოფილი სენატორი თომას დაშელი...

მადლენ ოლბრაიტი ჯერ ოძისში, შემდეგ გორში ჩავიდა და დასთან, კატერინა კორბელოვასთან ერთად, საბჭოთა ბელადის სტალინის სახლ-მუზეუმი მოინახულა. საქართველოს პრეზიდენტმაც და პრემიერმაც ამერიკის პირველ ქალ სახელმწიფო მდივანს (1997-2001) სპეციალურ ვახშამზე უმასპინძლეს. საქართველოს პარლამენტში მადლენ ოლბრაიტი პარლამენტის თავმჯდომარეს და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს შეხვდა. მარლენ ოლბრაიტი და რამაზ ბლუაშვილი

რეჟისორი რამაზ ბლუაშვილი მადლენ ოლბრაიტის საქართველოში ვიზიტის შესახებ ემოციურ ისტორიას დღეს პირველად უამბობს საზოგადოებას:

- ვინაიდან მადლენ ოლბრაიტის ვიზიტის ერთ-ერთი ოგანიზატორი იყო ჩემი მეგობარი - რიჩარდ რუბინი, (რომლის დედაც ნენსი რუბინი გახლავთ მადლენის მოადგილე), მას შევთავაზე, რომ პოლიტიკური შეხვედრების გარდა, მადლენ ოლბრაიტისთვის ქართული კულტურაც გაგვეცნო და ანსამბლ "ერისიონის" რეპეტიციაზე მიგვეწვია. შეთავაზება გაიგზავნა ვაშინგტონში, რაზეც დადებითი პასუხი მივიღეთ...

არ დამავიწყდება შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოები: მთხოვეს რეპეტიცია დახურული ყოფილიყო, არ გვქონოდა პრესასთან ურთიერთობა, ის ინფორმაციაც კი მომთხოვეს, თუ რამდენი კიბის საფეხური იყო ასავლელი სარეპეტიციო დარბაზამდე. წინასწარი შეთანხმებით მადლენ ოლბრაიტი მოვიდოდა, რეპეტიციას დაესწრებოდა და წავიდოდა... თუმცა ყველაფერი სულ სხვანაირად აეწყო, რაშიც წინასწარ ვიყავი დარწმუნებული.

მადლენს რეპეტიციის დროს არაერთხელ ცრემლები წამოუვიდა და ბოლოს როდესაც რეპეტიცია დამთავრდა, მოცეკვავეებთან მივიდა და ყველას სათითაოდ მოეფერა. მოცეკვავეებმა იქვე ექსპრომტად ისევ გაიმეორეს ცეკვა და მადლენ ოლბრაიტის აღფრთოვანება იმდენად დიდი იყო, რომ თვითონაც აყვა მათ და "ერისიონის" მოცეკვავეებთან ერთად იცეკვა...

ისე იყო აღელვებული, სიხარულის ცრემლები მოსდიოდა და ჩვენც უსაზღვროდ ბედნიერები ვიყავით, რადგან მას ნამდვილი საქართველო ვაჩვენეთ. ის საქართველო, რომლის ნახვასაც პოლიტიკოსების მეშვეობით ვერ შეძლებდა...

ჩემთვის საამაყოა ის ამბავი, რომ მადლენ ოლბრაიტის ვიზიტიდან ერთი კვირის შემდეგ, დამირეკეს და გადმომცეს მისი ხელნაწერი, სამადლობელი წერილი. ეს ჩემთვის დიდი რელიკვიაა და ჩარჩოში ჩასმულს ვინახავ. იგი მადლობას მიხდიდა ანსამბლში, რომ მოვიწვიე და საოცრებას ვაზიარე...

ჩემზე მადლენ ოლბრაიტმა საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა! მან ზუსტად დაინახა განსხვავება ჩვენს პოლიტიკურ პერიპეტიებსა და კულტურას შორის! სხვათა შორის, პარლამენტში რომ იყო მისული, მაშინაც კონფლიქტი მოხდა პოზიციას და ოპოზიციას შორის, რაც გასაკვირი არ არის და საპატიო სტუმარსაც ნათლად აჩვენეს თავის სახე. იქედან წამოსულმა კი ნახა ის უკვდავება, რასაც ქართული ფოლკლორი ჰქვია.

(სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო