"ჩემს ცხოვრებაში ისეთს არავის შემოვუშვებ, ვინც ხელს შემიშლის და გამაღიზიანებს" - კვირის პალიტრა

"ჩემს ცხოვრებაში ისეთს არავის შემოვუშვებ, ვინც ხელს შემიშლის და გამაღიზიანებს"

"საქართველოში დაბრუნების შემდეგ მივხვდი, რომ აქ დარჩენა და სწავლის გაგრძელება არ მინდოდა"

22 წლის მარიამ კვაშილავა, წარმატებული ახალგაზრდა ქალია, რომელმაც სოციალურ სივრცეში, მეგაფორუმი "Glam Factory" შექმნა, ეს არის ჯგუფი, სადაც საქართველოს ქალბატონები მაკიაჟსა და თავის მოვლაზე საუბრობენ, 50 000-მა ქალმა უკვე იცის, სად შეიძლება რჩევები მიიღონ. ამ და სხვა თემებზე მარიამი თვითონ გვესაუბრა.

- დავიწყოთ თავიდან, მე-9 კლასში მარტო წახვედი ამერიკაში საცხოვრებლად, როგორ მიიღე ეს გადაწყვეტილება და რამდენად დიდი გამოწვევა იყო ეს შენთვის?

- მამაჩემი ამერიკაში სწავლობდა და იქ დღემდე ბევრი მეგობარი ჰყავს. მე-9 კლასში ვიყავი, როდესაც მისმა ერთ-ერთმა ამერიკელმა მეგობარმა ზაფხულში დასასვენებლად დამპატიჟა. იქაურობა იმდენად მომეწონა, რომ გადავწყვიტე, დავრჩენილიყავი. შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე, ეს მოვახერხე. იქ ყოფნის დროს ბევრ შტატში მომიწია მოგზაურობა, მამაჩემის მეგობრებთან ვცხოვრობდი, მათი შვილები დღემდე ჩემი მეგობრები არიან. ამერიკული სკოლის მოცურავეთა გუნდში ვიყავი და მოგზაურობისთვის ესეც ერთ-ერთი მიზეზიც იყო. ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვიყავი და მენდობოდნენ, ამ მხრივ ჩემი წასვლის ამბავი რთული გადასაწყვეტი არ ყოფილა. არაფერი დამკლებია ამერიკაში, იქაც ვგრძნობდი მშობლების ყურადღებას, მამაჩემის მეგობრებიც შვილივით მივლიდნენ. რომ ჩავედი ინგლისური თითქმის არ ვიცოდი და იქ მომიწია სწავლა, 13-14 წლის ასაკში ტრაგიკულად ვერ აღიქვამ მსგავს დეტალებს. ყველაფრის მიუხედავად, ეს იყო გამოწვევა და ბევრი რამ ვისწავლე.

- როგორც ვიცი, ჯერ ბრიტანეთში სწავლობდი, შემდეგ პანთეონ-სორბონის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით, მოგვიყევი, რა გზა გაიარე... - საქართველოში დაბრუნების შემდეგ მივხვდი, რომ აქ დარჩენა და სწავლის გაგრძელება არ მინდოდა, ამერიკას სწავლის თანამედროვე სისტემა აქვს, საქართველოში კი ბევრად უკან ვართ. დაფინანსების მოსაპოვებლად ისე შევიტანე განაცხადი, არავისთვის მითქვამს. უცხოეთში ვიდრე უნივერსიტეტში სასწავლებლად წახვალ, მოსამზადებელი პერიოდი უნდა გაიარო - 2 წელი ერთი გამოცდისთვის ემზადები, 4 საგანს სწავლობ და შემდეგ უკვე აბარებ უნივერსიტეტში. ამ მოსამზადებელი საფეხურის გასავლელად 10-მა ქართველმა მოვიპოვეთ დაფინანსება და ბრიტანეთში წავედით.

ვინაიდან თბილისის სენტ-ეგზიუპერის ფრანგული სკოლა დავამთავრე, ფრანგული ასე თუ ისე ვიცოდი და საფრანგეთში სწავლა უფასოდ შემეძლო, გადავწყვიტე სორბონის უნივერსიტეტში მეცადა ბედი. გამოცდები წარმატებით ჩავაბარე. შედეგების მიღებისას 10-ჯერ მაინც გავხსენი და შევამოწმე, არ მჯეროდა, რომ სორბონის უნივერსიტეტში ვისწავლიდი. 6 წლიდან ხელოვნებათმცოდნეობა მაინტერესებს და ზუსტად ხელოვნებათმცოდნეობისა და არქიტექტურის ფაკულტეტზე მოვხვდი, გამოცდის ჩაბარების შემდეგ, თითქმის თავიდან მომიწია ფრანგულის სწავლა. სწავლის პირველი წელი საკმაოდ რთული იყო, ვინანე, რომ საფრანგეთში ჩავაბარე და არა ბრიტანეთში, თუმცა შემდეგ მივხვდი, იმდენად ბევრი გზა მეხსნებოდა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. სწავლის პერიოდში მარტო ვცხოვრობდი, ენას ვსწავლობდი და სისტემას რომ ვუყურებდი, თითქოს ინგლისის შემდეგ 100 წლით უკან ბრუნდებოდი, სორბონაში ბუმბულიანი კალმებით ვწერდით. კულტურის დარგში, საფრანგეთში პირველი უნივერსიტეტია და ამ სიძველეს არ კარგავენ, კლასიკურ მიდგომას მიჰყვებიან. სწავლა სორბონის უნივერსიტეტში ძალიან რთულია, ჩემთვის უდიდესი მიღწევა იყო, რომ ზუსტად 3 წელში დავამთავრე. ისინი, ვინც ჩემთან ერთად ჩაირიცხნენ, ჯერ კიდევ სწავლობენ. სორბონაში 7000-დან, დაახლოებით, 200 ადამიანს იღებენ და უმრავლესობა 5-7 წელში თუ ამთავრებს.

- სოციალურ ქსელში ჯერ მეგაფორუმი "ბიუთი ლაბი", შემდეგ კი "Glam Factory" შექმენი, ორივე წარმატებული პროექტი გამოდგა, როგორ გაჩნდა ქართველი ქალბატონების ერთ ჯგუფად გაერთიანების იდეა?

- სულ მიჩნდებოდა პროტესტი, რომ ქართველ ქალებს ნაკლებად მიუწვდებოდათ ხელი ამა თუ იმ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, ჩვენში არ არის ჯანსაღი კომუნიკაცია მომხმარებელსა და პროდუქტის შემომტანს შორის, არ ვიცით, რას ვყიდულობთ, ამიტომ გადავწყვიტე, რომ შემექმნა დახურული ჯგუფი. მისი შექმნის მეორე მიზეზი იყო ქალებისთვის გამაძლიერებელი მესიჯების გაგზავნა, ვფიქრობ, გამომივიდა, "Glam factory" ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჯგუფია, 52 000 ადამიანიდან 51 600 მუდმივად აქტიურად მონაწილეობს ჯგუფის ცხოვრებაში.

- რა აერთიანებთ მათ? - პირველ რიგში პოზიტიური ინფორმაცია, ამ სივრცეში ნეგატივის ადგილი არ არის. ჯგუფის მართვაში მოდერატორები მეხმარებიან და ინფორმაცია დადებამდე იფილტრება. საღი აზრის მქონე ადამიანები აფასებენ, თუ რა უნდა იყოს ჯგუფში და რა - არა."Glam factory"-ში გაწევრების შემდეგ ჯგუფის წევრებმა ბიზნესის კეთება დაიწყეს, განვითარდნენ და მეტი პროდუქტიც აღმოაჩინეს.

- წარმატებული ახალგაზრდა ქალი ხარ, საინტერესოა, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში ასევე, როგორ ათავსებ სწავლას და კარიერას? - კარიერას და სწავლას იდეალურად ვათავსებ, დიდ დროს არ ვკარგავ ისეთ რაღაცაზე ფიქრში, რაც შემდეგ ხელს შემიშლის. ვცდილობ, დღე ისე დავგეგმო, რომ ყველაფერი მოვასწრო. ვინმესთან ყოფნა თუ გინდა, დროს აუცილებლად გამონახავ. რაც მთავარია, ჩემს ცხოვრებაში ისეთს არავის შემოვუშვებ, ვინც ხელს შემიშლის და გამაღიზიანებს. თუ ადამიანთან ყოფნა არ მესიამოვნა და ერთად კომფორტულად ვერ ვგრძნობთ თავს, ისე რა აზრი აქვს ურთიერთობას? ახლა მომწონს ვიღაც, თავს ერთად კარგად ვგრძნობთ.

- რას აპირებ სამომავლოდ? - 22 წლის ვარ და აქტიურად ვცდილობ განვვითარდე, ვმუშაობ ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით და მინდა, საბოლოოდ ქართულ ხელოვნებაში რაღაცები შევცვალო. ბევრი იდეა მაქვს, ჯერჯერობით საქართველოში ვაპირებ ყოფნას, მორალური პასუხისმგებლობა ვიგრძენი, რომ აქ ჩამოვსულიყავი. როდესაც შემეძლება, რამდენიმე ჩემი პროექტი ვინმეს ვანდო, წავალ უცხოეთში, დანარჩენი საქმეების გაკეთებას სხვა ქვეყნიდანაც შევძლებ.

ელენე მეტრეველი (სპეციალურად საიტისთვის)