"დედას ეგონა, რომ ნახევრად შიშველს გადამიღებდნენ" - პირველი ჰიჯაბიანი მოდელის გზა ლტოლვილთა ბანაკიდან მაღალ მოდამდე - კვირის პალიტრა

"დედას ეგონა, რომ ნახევრად შიშველს გადამიღებდნენ" - პირველი ჰიჯაბიანი მოდელის გზა ლტოლვილთა ბანაკიდან მაღალ მოდამდე

"კლასელები დამცინოდნენ, ამბობდნენ, რომ თავშალს ჭუჭყიანი თმის გამო ვატარებდი"

მოდის სამყაროში, სადაც სითამამე და სიშიშვლე არავის უკვირს, სუპერმოდელი ჰალიმა ადენი მუდმივად ჰიჯაბითა და დახურული ტანისამოსით ჩნდება. გულშემატკივრები მისი სითამამითა და გაბედულობით აღფრთოვანებას ვერ მალავენ, კრიტიკოსებს კი მიაჩნიათ, რომ ნამდვილი მაჰმადიანი ქალის ადგილი პოდიუმზე არ არის. სომალიდან გამოქცეულმა ლამაზმანმა, რომელიც უკიდურესად კონსერვატიულ ოჯახში გაიზარდა, სულ მალე შეძლო ყურადღების მიქცევა და თავბრუდამხვევი კარიერის გაკეთება. "ბი-ბი-სი" სუპერმოდელს ესაუბრა:

ფოტოგალერეა

"ნამაზი გამოსაცვლელში"

"ვცდილობ დღეში ხუთჯერ ვილოცო, თუმცა ზოგჯერ ეს შეუძლებელია. ერთხელ ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ხალიჩით ხელში დავრბოდი სალოცავად. ხშირად ასეთი ადგილი გასახდელი ან გადასაღები მოედანი აღმოჩნდება ხოლმე.

22 წლის ჰალიმა ადენი პირველი ჰიჯაბიანი მოდელია, რომელიც ბრიტანული "ვოგის" გარეკანზე გამოჩნდა. ამას გარდა, ბურკაში გამოწყობილი ჰალიმა მოხვდა ცნობილი ამერიკული ჟურნალის Sports Illustrated-ის გვერდებზე, სადაც ძირითადად, ნახევრად შიშველ მოდელებს იღბენენ.

სიმაღლეში გოგონა 166 სანტიმეტრია, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, ცნობილი ბრენდებისთვის სასურველი მოდელი გამხდარიყო.

"ნუ შეცვლი საკუთარ თავს, შეცვალე თამაშის წესები" - ამბობს ჰალიმა. მისი მიზანია, მოახერხოს ისე, რომ გოგონებმა მსოფლიოს ყველა კუთხიდან შეძლონ თავის წარმოჩენა რელიგიური თუ ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად. ჰალიმა ჟურნალ Sports Illustrated-სთვის

"იმ დროსაც კი, როდესაც უარს ვიღებ და "კასტინგზე" ვინმეს არ ავყავარ, იმედს არ ვკარგავ და ამაში ჩემი რწმენა მეხმარება, ეს მხდის უფრო თავდაჯერებულს... ლტოლვილთა ბანაკში გავიზარდე და კარგად მესმის, რომ ეს ლამაზი, მდიდრული ცხოვრება შეიძლება ერთ დღეს დასრულდეს, ამისთვის მზად ვარ".

კითხვაზე, თუ რომელი ნაწილია ყურანიდან მისთვის მნიშვნელოვანი, პასუხობს: "არავინ განსაჯოთ, რადგან ეს მხოლოდ ღმერთს შეუძლია. მხარი დაუჭირეთ ხალხს, შეიყვარეთ ისინი და დაეხმარეთ, როდესაც ისინი ყველაზე ცუდად გრძნობენ თავს".

"ჰიჯაბი გათვალისწინებულია სამოდელო კონტრაქტში"

ჰალიმა კენიაში, ლტოლვილთა ბანაკში დაიბადა. მისი ოჯახი სომალიდანაა, მათ 90-იან წლებში აფრიკის კონტინენტზე ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან ომს დააღწიეს თავი. კენიაში მისაღწევად დედამისმა 12 დღე ფეხით იარა. 6 წლის ჰალიმა დედასთან და მამასთან ერთად აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. მამასთან კომუნიკაცია ომის პერიოდში დაკარგა.

"ამერიკაში ჩემი მეგობრები ფიქრობდნენ, რომ მე სომალელი პრინცესა ვიყავი, რადგან ვუყვებოდი თუ როგორ ვიცვლიდით საცხოვრებელ სახლს ერთიდან მეორე ადგილზე, მაგრამ მათ არ იცოდნენ, რომ სახლი, რომელშიც ვცხოვრობდით გაკეთებული იყო პლასტმასის ბოთლებისგან და სამშენებლო ნარჩენებისგან. კლასელები დამცინოდნენ, ამბობდნენ, რომ თავშალს ჭუჭყიანი თმის გამო ვატარებდი, მაგრამ ეს იყო საშუალო სკოლა, სადაც ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე".

19 წლის ჰალიმა კონკურისის "მის მინესოტა" პირველი მონაწილე გახდა, სადაც სცენაზე ის ჰიჯაბსა და ბურკაში გამოწყობილი გამოვიდა.

"ყოველთვის მინდოდა სილამაზის კონკურსში მონაწილეობის მიღება, მაგრამ სომალელი ვარ და აქამდე ეს არავის გაუკეთებია. კონკურსის შემდეგ, მეგობრებს ვუყვებოდი, რომ შეიძლება გეცვას ბურკა, მაგრამ თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდე საცურაო კოსტუმში გამოწყობილ გოგონებთან".

კონკურისს შემდეგ ჰალიმამ მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი სააგენტოსგან IMG Models-გან შემოთავაზება მიიღო. ის დათანხმდა, თუმცა პირობაც ჰქონდა - გადაღებებსა და პოდიუმზე მხოლოდ ჯიჰაბით: "ჰიჯაბს ბავშვობიდან ვატარებდი. ის ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ისეთი ნაწილია, როგორც ფეხსაცმელი". ჰალიმა ჟურნალ 'ვოგის' გარეკანზე

ზოგიერთ ჩვენებაზე ჰალიმასთვის ცალკე გამოსაცვლელ ოთახს აწყობენ: "მუსლიმი ვარ და ეს უნდა მახსოვდეს ყველგან, მათ შორის, პოდიუმზეც. ამიტომ დიზაინერები და ღონისძიების ორგანიზატორები ყველაფერს აკეთებენ, რომ მქონდეს პატარა ოთახი, სადაც თავს კომფორტულად ვიგრძნობ, თუ ეს რომელიმე დიზაინერს არ აწყობს, მზად ვარ უარი ვთქვა ამ ჩვენებაზე".

"დედას ეგონა, რომ ნახევრად შიშველს გადამიღებდნენ"

ჰალიმას დედა ახლაც არ ეთანხმება შვილის არჩევანს და ფიქრობს, რომ სამოდელო საქმიანობა რწმენას ეწინააღმდეგება.

"არ მომწონს როდესაც ჰალიმა ხმაურიან ადგილებში ჩნდება, სადაც მის გარშემო ხალხი იკრიბება და მამაკაცები თვალს არ აშორებენ", - განაცხადა მოდელის დედამ "ალ ჯაზირასთან" ინტერვიუში.

მაგრამ ჰალიმა ირწმუნება, რომ ეს ოჯახთან ურთიერთობაში ხელს არ უშლის. "დედამ იცის, რომ შეუძლია მენდოს. მან სწორად გამზარდა, ამიტომ გულის სიღრმეში ის ჩემს მხარესაა. მან იცის, რომ თუ რამე არ იქნება ისე როგორც საჭიროა, უბრალოდ უარს ვიტყვი... მას არ ესმის მოდის ტენდენციები, მაგრამ ამაში არ ვადანაშაულებ, მისთვის ტანისამოსი უბრალოდ ნივთია, რომელსაც ჩაიცვამთ და მეორე წუთს დაივიწყებთ. განათლება, ოჯახი, უბრალო ცხოვრება - ეს ის არის, რაც დედას ჩემთვის უნდოდა".

"ჰიჯაბი ჩემი პირადი არჩევანია"

როგორც მუსულმანურ სამყაროში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ჰიჯაბი ბევრისთვის დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ გარდერობის შემადგენელი ნაწილი. ზოგიერთი მასში ხედავს ქალისთვის უფლებების არ არსებობის სიმბოლოს, ზოგი კი არასასიამოვნო ყურადღებისგან თავის არიდებას.

ზოგიერთ ქვეყანაში ქალები გარეთ ვერ გადიან ჰიჯაბის გარეშე, ცემისა ან ციხეში მოხვედრის შიშით.

"მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არცერთი ქალი არ უნდა ატარებდეს ჰიჯაბს იძულებით. მე იმიტომ ვატარებ ჰიჯაბს, რომ ის მაჩენს ლამაზს და მმატებს საკუთარი თავის რწმენას. არ აქვს მნიშვნელობა, რა სტილის სამოსს ატარებთ, თქვენ ხართ პატივისცემის, მხარდაჭერისა და სიყვარულის ღირსი. აი ეს არის ჩემი გზავნილი".

დღეისათვის ჰალიმა ადენი მეტად წარმატებული სუპერმოდელია, მასთან ცნობილი დიზაინერები მუშაობენ, ჰყავს გულშემატკივართა უზარმაზარი არმია, მასზე გადაიღეს ფილმებიც, თუმცა მოდელს კიდევ ერთი ოცნება აქვს: "ძალიან მინდა, დედა ჩემს ჩვენებაზე პირველ რიგში იჯდეს, მაგრამ ეს უნდა იყოს ყველაზე დიდი შოუ ჩემს ცხოვრებაში. იმედი მაქვს, ერთ დღეს ესეც მოხდება".

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა