"უძლური ვარ ოდრის წინაშე, ის დგას ჩემი კამერის წინ და ვერანაირად წარმოვაჩენ უფრო ლამაზად, ვიდრე არის"
"უძლური ვარ ოდრის წინაშე, ის დგას ჩემი კამერის წინ და ვერანაირად წარმოვაჩენ უფრო ლამაზად, ვიდრე არის"
რიჩარდ ავედონის ფოტოების წყალობით გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში ამერიკამ საკუთარი სტილი, სილამაზისა და კულტურის სტანდარტი"დაიმკვიდრა", - წერდა 2004 წელს გაზეთი The New York Times-ი ამერიკელ ფოტოგრაფ რიჩარდ ავედონზე, როდესაც ფოტოგრაფი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ებრაელი ბიჭი 1923 წელს ნიუ-იორკში დაიბადა, მისი შემოქმედებითი განვითარება კი ძალიან ჰგავს თავად ამერიკის ისტორიას - განსხვავებული, სრულიად დემოკრატიული ხედვა და პიროვნული თავისუფლება.
ოდრი ჰეპბერნი და რიჩარდ ავედონი
როგორი იყო მისი შემოქმედება, როგორ შექმნა­ ავედონმა XX საუკუნის სრულიად განსხვავებული სარეკლამო ბიზნესის ეპოქა
- ამ კითხვებზე რიჩარდ ავედონის ფონდის დირექტორი ჯეიმზ მარტინი ექსკლუზიურად "კვირის პალიტრის" მკითხველს ესაუბრა.

სარეკლამო ილუზია თუ სოციალური დოკუმენტი

- ავედონის ნამუშევრები უკვე დიდი იშვიათობაა, რადგან უმეტესობა აღარ არსებობს. დაახლოებით 600 დამკვეთთან ითანამშრომლა და საბედნიეროდ, ჩვენამდე მაინც ბევრი ნამუშევარი მოვიდა. ავედონს არ სურდა ასოცირება კომერციულ
სფეროსთან, სწორედ ამიტომ ფოტოებს, რომლებსაც კომერციული მიზნით იღებდა, შლიდა.
"ვფიქრობ, ჩემი სარეკლამო ფოტოები ყველაზე გულწრფელია, რადგან­ არ მინდა საზოგადოებას შევუქმნა სარეკლამო ილუზია. რეკლამა ასახავს იმ სამყაროს, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ამიტომაც ეს ყველაზე ფასეული სოციალური დოკუმენტი იქნება მომავალი 20 წლის განმავლობაში, იმ რეალობის, სადაც ჩვენ ვიყავით", - ამბობდა ფოტოხელოვანი.

1944-დან 2004 წლამდე, გარ­დაცვალებამდე,­ ავედონის შემოქმედებაში არ ყოფილა წელიწადი სარეკლამო ფოტოსესიის გარეშე. ტერმინი "ამერიკული ვიზუალი" მოდის ინდუსტრიაში 30-იან წლებში დამკვიდრდა, რათა ნაციონალური სტილი დამკვიდრებულიყო როგორც ქვეყანაში, ასევე საზღვრებს გარეთ. ავედონმა სწორედ­ ეს პათოსი შეიტანა თავის ნამუშევრებში. 50-იან წლებში გადაღებულ ფოტოებზე აღბეჭდილია ტანწერწეტა მოდელები - კაბა, რომელიც ტანის სილუეტს უსვამს ხაზს, და ქერა თმა ეხმაურება "ამერიკული ვიზუალის" იდეას, იმ ცხოვრების წესს, რაც მაშინ იყო ამერიკაში.

მანჰეტენელი ბიჭის პირველი სამსახური


- რიჩარდი მწერლობაზე ოცნებობდა. მამამისი, წარმოშობით რუსი ებრაელი, მანჰეტენზე სავაჭრო ცენტრში ქალების სამოსის განყოფილებას ფლობდა. 1930 წელს, "დიდი დეპრესიის" პერიოდში, გაკოტრდნენ - ოჯახს 600.000 დოლარი ვალი დაედო. ავედონებს მძიმე დრო დაუდგათ და პატარა რიჩარდმა გადაწყვიტა ოჯახს დახმარებოდა, კამერა აიღო და ადგილობრივი გამოცემებისთვის ფოტოგადაღება დაიწყო, რათა მცირედი ანაზღაურებით თავისიანებს დახმარებოდა. მანჰეტენზე სავაჭრო ცენტრში მაღაზიებს უმეტესად ებრაელები ფლობდნენ. ავედონის მამის მეგობრებმა გადაწყვიტეს რიჩარდს სტაბილური სამუშაო ჰქონოდა და მაღაზიის ნაწარმის რეკლამირებისთვის ხელფასი დაუნიშნეს. ასე გადადგა­ ავედონმა მოდის ინდუსტრიაში პირველი­ ნაბიჯები. 40-იანი წლების ყველაზე პოპულარულ მოდელ ბიჟუ ბარინგტონს კი რიჩარდმა იქით გადაუხადა ჰონორარი, რომ მისი ფოტოების მოდელი ყოფილიყო. 1944 წლის 15 აგვისტოს ჟურნალ "ვოგში" გამოქვეყნდა ავედონის ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი ბიჟუ ბარინგტონის მონაწილეობით.

ერთი ფოტოს ისტორია

ავედონისთვის ყველაზე დიდი დამკვეთები იყვნენ ვერსაჩე, კელვინ კლაინი და დიორის სახლი. მან პირველმა გადაიღო ვერსაჩეს კაბებში გამოწყობილი მოდელების­ დინამიკური ფოტოები. "ეს არ იყო სტატიკური ფოტოები, ეს იყო ცოცხალი, ცეკვისა და მოქმედების დროს წარმოჩენილი კაბები."ის დაეხმარა ადამიანებს, გაეგოთ ჩემი სამოსისთვის", - ასე აფასებდა ჯანი ვერსაჩე ავედონის ფოტოებს.

ვერსაჩეს გაზაფხულის კოლექციის გადაღების დროს კი (1993 წ.) ავედონი უკვე 70 წლისაა. 44 წელი მოდურ გამოცემებთან ("ჰარპერს ბაზარი" და "ვოგი") მუშაობის შემდეგ უკვე დამოუკიდებელი ფოტოგრაფია და მის შემოქმედებაში შავ-თეთრი დომინირებს. 2010 წელს კრისტის აუქციონზე რეკორდულ ფასად - 719.000 გირვანქა­ სტერლინგად გაიყიდა დიორის სახლისთვის 1955 წელს გადაღებული ავედონის ფოტო. მასზე მოდელი დოვიმა დიორის კაბაში პოზირებს სპილოებთან ერთად. ფოტო დიორის სახლმა შეიძინა, დოვიმას კაბა კი პირველი სამოსია, რომელიც ივ სენ­-ლორანმა დიორის სახლისთვის შექმნა. გარე გადაღებები 40-50-იან წლებში ინოვაცია იყო, ავედონს კი უყვარდა სილამაზის წარმოჩენა ტრაგედიის ელემენტებით.

ავედონის გარდაცვალებიდან ძალიან მალე, დავაფუძნეთ მისი სახელ­ობის ფონდი,­ სადაც დაცულია მისი ფოტოები და ასევე მასთან დაკავშირებული ყველა პუბლიკაცია. მას სხვადასხვა მუზა ჰყავდა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი, ოდრი ჰეპბერნის ფოტოებია. ოდრის გავლენა მის შემოქმედებაზე ძალიან დიდია. ერთ-ერთ ინტერვიუში ავედონმა განაცხადა:­ "მე ვარ და ყოველთვის ვიქნები უძლური­ ოდრი ჰეპბერნის წინაშე იმ მომენტში, როდესაც ჩემი კამერის წინ დგას, რადგან ვერ­ანაირად წარმოვაჩენ უფრო ლამაზად, ვიდრე არის".

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?