"ქალები უფრო წარმატებული გახდნენ, ვიდრე იყვნენ, მაგრამ დღეს სულ უფრო ცოტა ქალს სურს დედობა"
"ქალები უფრო წარმატებული გახდნენ, ვიდრე იყვნენ, მაგრამ დღეს სულ უფრო ცოტა ქალს სურს დედობა"
წლების განმავლობაში სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" პერსონაჟები დაშორდნენ რეალობას. ხომ ნახეთ, შარშან ქერი ბრედშოუმ კარიერა ლუდის სარეკლამო რგოლში ლუდის კათხით ხელში დაასრულა...

1993 წელს ახალგაზრდა ჟურნალისტმა გაზეთ "ნიუ-იორკ ობზერვერისთვის" წერა დაიწყო. ძალიან მალე მისი რუბრიკა პოპულარული გახდა, 1998 წლის 6 ივნისს კი გამოვიდა სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" პირველი სერია, რომელიც ამ ახალგაზრდა ჟურნალისტის რუბრიკაზე დაყრდნობით შეიქმნა. ცნობილია, რომ ფილმს საფუძვლად ქენდის ბუშნელის ცხოვრების ეპიზოდები
დაედო. ყველასათვის საყვარელი ქერის, სამანტას, სინტიასა და შარლოტას პროტოტიპები მისი მეგობრები არიან. ქენდის ბუშნელი "კვირის პალიტრას" ინტერვიუზე მეორედ დათანხმდა:

- როცა ნიუ-იორკში ვარ, დილის 6:30 საათზე ვდგები, ჩემი ძაღლები ცენტრალ პარკში მიმყავს და 45 წუთი ვსეირნობთ. იქ ყველას უყვარს ცხოველები და ცნობილ ადამიანებს თითქმის ყოველდღე ვხვდები, ისინიც თავიანთ ძაღლებს ასეირნებენ. შემდეგ
სახლში ვბრუნდები­, ვვარჯიშობ და დღის გეგმას ვადგენ. თუ ღონისძიებაზე მივდივარ, თავის მოწესრიგებას ვიწყებ - თმასა და მაკიაჟს ვიკეთებ და დიდხანს ვფიქრობ, რა ჩავიცვა. მზადების პროცესი დიდ დროს მართმევს, მაგრამ როცა ნიუ-იორკში ცხოვრობ და ღონისძიებაზე წითელ ხალიჩაზე უნდა გაიარო, ასეთ დროს კარგად უნდა გამოიყურებოდე. თუ მსგავს ღონისძიებაზე არ მივდივარ, შინ ვმუშაობ, ლანჩს მივირთმევ ან საღამოს შეხვედრა მაქვს; სახლში დაბრუნებული კვლავ ვმუშაობ და დაახლოებით 9:30 საათზე დასაძინებლად ვემზადები. ძილის წინ ყოველთვის წიგნს ვკითხულობ. ბოლო დროს ბევრ ალკოჰოლს აღარ ვსვამ. სულ მაქვს შეგრძნება, რომ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი, ამიტომ თავს ვუფრთხილდები.

- თქვენი წიგნები, ძირითადად, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზეა. როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებაა 1990-იან წლებსა და დღევანდელობას შორის, შეიცვალნენ ადამიანები?
- ბევრი რამ შეიცვალა. ხალხი განვითარდა. ქალები უფრო დამოუკიდებელი გახდნენ. რა თქმა უნდა, ეს ტექნოლოგიების დამსახურებაც არის, თუმცა ამ ეპოქამ ადამიანებს მარტოხელობისკენ უბიძგა და ეს არ მომწონს. მართალია, ქალები უფრო წარმატებული გახდნენ, ვიდრე იყვნენ, მაგრამ დღეს სულ უფრო ცოტა ქალს სურს დედობა.

- 1997 წელს "ნიუ-იორკ ობზერვერში"­ დაწერეთ სტატია დონალდ ტრამპზე და ქათინაურები არ დააკელით. ახლა რას ფიქრობთ პრეზიდენტ ტრამპზე?
- ვფიქრობ, წინასწარმეტყველური სტატია იყო. ტრამპი ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო აირჩიეს პრეზიდენტად და ჩემი მასთან რამდენჯერმე შეხვედრის შემდეგ არც გამკვირვებია მისი გამარჯვება, თუმცა ახლა ღრმად მწამს, რომ მაიკლ ბლუმბერგი (ნიუ-იორკის მერი 2002-დან 2013 წლამდე, დემოკრატების წარდგენილი კანდიდატი) მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში შეძლებს ტრამპის დამარცხებას, რადგან მხოლოდ მან იცის, როგორ გატეხოს ტრამპი ფსიქოლოგიურად. ასე რომ, მე ბლუმბერგს ვგულშემატკივრობ ამერიკის 2020 წლის არჩევნებში.

- შანსი რომ გქონდეთ, ამერიკის რომელ პრეზიდენტთან ერთად წახვიდოდით პაემანზე?­ რა თქმა უნდა, ვხუმრობ, მაგრამ მაინც...
- ცხადია, ხუმრობთ... ამერიკის ძალიან ბევრი პრეზიდენტი, კლინტონისა და კენედის ჩათვლით და მხოლოდ რამდენიმეს გარდა, აუტანლად ეპყრობოდნენ ქალებს, მაგრამ ეს ხომ მე ვარ, ქენდის ბუშნელი...

- დავუბრუნდეთ თქვენი წიგნების მთავარ თემას - ქალების ცხოვრებას და მათ პრობლემებს. ყველა ეპოქაში ქალების უმრავლესობას უნდოდა და უნდა ოჯახის შექმნა, თუმცა განქორწინებების რიცხვი მატულობს...
- ქორწინება ცხოვრების წესია და ზოგიერთისთვის არჩევანი, რომელიც ქალებს საშუალებას აძლევს, თავი გადაირჩინონ, ვგულისხმობ შეძლებულ მამაკაცთან ქორწინებას. იცით, დიდი ხნის განმავლობაში ქალები ამ გზით აგროვებდნენ ფულსა და უძრავ ქონებას. მათ არ შეეძლოთ თავიანთ თავზე დამოუკიდებლად ზრუნვა,­ განათლების მიღება, მუშაობა, უძრავი ქონების შეძენა... ერთი მხრივ, ქორწინება შეიძლება ძალიან კარგია და იქნებ­ ცხოვრებაში ერთხელ მაინც, თუნდაც ორი კვირით უნდა იყო დაქორწინებული, თუმცა ეს ინდივიდუალური საკითხია... ზოგს სურს გააჩინოს შვილები და მათ მიუძღვნას მთელი ცხოვრება, ზოგი კი ოჯახურ პასუხისმგებლობას გაურბის...

- და ბოლოს - იქნება მესამე ნაწილი წიგნისა "სექსი დიდ ქალაქში"?
- წარმოდგენა არა მაქვს... ვერ ვიტყვი... არ ვიცი... წლების განმავლობაში პერსონაჟები დაშორდნენ რეალობას. ხომ ნახეთ, შარშან ქერი ბრედშოუმ კარიერა ლუდის სარეკლამო რგოლში ლუდის კათხით ხელში დაასრულა. თუმცა მე მძულს სელებრითების ცხოვრებაში ქექვა. არც მათი თაყვანისცემა მჩვევია და არც გაქილიკება...

რას წერდა ქენდის ბუშნელი ტრამპზე


ამონარიდი ქენდის ბუშნელის სტატიიდან, რომელიც 1997 წელს გაზეთ "ნიუ-იორკ ობზერვერში" გამოქვეყნდა: "...თუ შენ ნიუიორკელი ხარ, ტრამპზე ძალაუნებურად გეფიქრება. რუდი ჯულიანი (ნიუ-იორკის მერი 1994-2001 წლებში) შეიძლება ნიუ-იორკის მერია, მაგრამ გულწრფელი რომ ვიყო, ტრამპი ამ ქალაქის მოვლენაა. გამომცემლობა Random House-მა ტრამპის მესამე წიგნი გამოსცა. სწორედ ამ წიგნში წერს თავის ურთიერთობებზე ქალებთან და ურიცხ რომანებზე, რომლებსაც, როგორც ამბობს,­ აბრალებენ: "მედიამ უამრავი ქალის საყვარლობა დამაბრალა, მაგრამ ვერასოდეს ავაგებდი ჩემს ბიზნესიმპერიას, ეს სიმართლე რომ იყოს. წარმოუდგენელია, დაკავშირებული იყო ქალებთან, რომლებსაც არათუ შევხვედრივარ, მათზე არც კი მსმენია. ქალები, მათ შორის ძალიან ცნობილებიც, თვითონ იბრალებენ ჩემთან რომანს. ეს მათ რეკლამისთვის სჭირდებათ. შემდეგ ისინი მირეკავდნენ, რეკავდნენ მათი აგენტები, მოკლედ, ცირკი იყო, აღარ შემეძლო"...

მე შეხვედრა მქონდა ტრამპთან და უნდა აღვნიშნო ჩემი სიმპათია მისი პიროვნების­ მიმართ. ტრამპის წიგნი სულ ქალებსა და შენობებზეა. ერთი ფაქტიც - როცა ბატონ ტრამპთან მიდიხარ შეხვედრაზე, ყოველთვის ცდილობ, კარგად გამოიყურებოდე, ასე რომ, მეც დოლჩე და გაბანას ნაცრისფერი კოსტიუმი ჩავიცვი და ტრამპის ოფისისკენ გავეშურე. რამდენჯერაც უნდა შევხვდეთ, ყოველთვის ასეთ კომპლიმენტს მეუბნება: "ქენდის, შენ ნიუ-იორკში ყველაზე ლამაზი თმა გაქვს". შემდეგ სასაცილო ამბებს მიყვება. მისი თვისებაა, ის თქვას, რასაც ფიქრობს, ამიტომ ტრამპთან სტუმრობა ყოველთვის პატარა თავგადასავალს ჰგავს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის - თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლის შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა