ეს საშინელი კორიდა... - კვირის პალიტრა

ეს საშინელი კორიდა...

ესპანეთში კორიდის აკრძალვის მომხრეთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. მათ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა, ადამიანის უფლებათა დამცველებმა და სხვა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმაც აუბეს მხარი.

მართალია, თანამედროვე მედიცინა ტორეადორებს გადარჩენის მეტ შანსს უტოვებს, მაგრამ კორიდის მოწინააღმდეგეებს არაფრის გაგონება არ სურთ და კორიდა არა "ხელოვნებად", არამედ მკვლელობად მიაჩნიათ.

კიდევ ერთი სისხლიანი დრამა კორიდაზე მადრიდის Las Vventas Arena-ზე 2010 წლის 24 მაისს გათამაშდა. გამძვინვარებული ხარის მსხვერპლი მატადორთა ცნობილი დინასტიის წარმომადგენელი ხულიო აპარისიო გახდა, რისი მოწმეც 25 ათასი მაყურებელი და ასევე საკაბელო არხის პირდაპირი ეთერის მრავალრიცხოვანი ტელეაუდიტორია შეიქნა.

ხულიო აპარისიო წითელ მოსასხამში გაიბლანდა და წამის მეათედით შეყოვნდა, სწორედ ამ დროს ნახევარტონიანმა ხარმა ყელში ატაკა რქა, რომელიც მატადორს პირიდან გამოუვიდა.

აპარისიო საავადმყოფოში გააქანეს. ოპერაცია 6 საათს გაგრძელდა. მატადორს დაზიანებული ჰქონდა ხორხი, ენა, ტრაქეა და ექიმები გადარჩენის გარანტიას ვერ იძლეოდნენ, საბედნიეროდ, ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ახლა მატადორის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

KvirisPalitra.Geესპანეთის საუკეთესო მატადორად აღიარებულ 32 წლის გამოცდილ ხოსე ტორესს, რომელმაც 2002 წელს ტორეადორობას თავი დაანება და რამდენიმე წლის შემდეგ კორიდას კვლავ დაუბრუნდა, მადრიდის Las Vventas Arena-ზე 2010 წლის 27 აპრილს ჭრილობები ორმა სხვადასხვა ხარმა მიაყენა. პირველ ბრძოლაში მან საზარდული დაიზიანა, მაგრამ არენაზევე აღმოჩენილი დახმარების  შემდეგ, გამოსვლა გააგრძელა.

მომდევნო ბრძოლისას ხოსე ტორესი ხართან ძალზე ახლოს აღმოჩნდა და ვიდრე დაშნით სასიკვდილო დარტყმას მიაყენებდა, ხარმა რქებით აიტაცა.

მკერდში მძიმედ დაჭრილი ტორესი კინაღამ სამუდამოდ დასახიჩრდა.

KvirisPalitra.Ge2009 წლის  29 მაისს კი იმავე Las Vventas Arena-ზე სიკვდილს  გადაურჩა ცნობილი ესპანელი ტორერო, 30 წლის ისრაელ ლენჩო - ქედში დაშნაჩარჭობილმა და სასიკვდილოდ განწირულმა უზარმაზარმა ხარმა რქა მარცხენა ფერდში შეარჭო და ჰაერში ტიკინასავით აიტაცა.

რქის წვერი სულ რამდენიმე მილიმეტრით ასცდა გულს, მაგრამ მსხვილი არტერიების დაზიანების გამო ისრაელ ლენჩოს გადაუდებელი ოპერაცია სასწრაფო დახმარების მანქანაშივე ჩაუტარდა.