ცნობილი კატა-კურდღლები - კვირის პალიტრა

ცნობილი კატა-კურდღლები

"ცუდად ვხდები, როცა ბეწვის სამოსს ვხედავ, წარმოვიდგენ ცხოველის გატყავებას"

ფანჯრიდან იტალიური ეზოსთვის დამახასიათებელ გარემოს გავყურებ. ავტოფარეხების სახურავებზე დეკემბრის მზის სუსტ სხივებს ეფიცხებიან აბუზული კატები. აღმოსავლური კალენდრის მიხედვით მათი წელი დგება. თუ კატებს მივბაძავთ, სასურველი შედეგის მისაღწევად მთავარია მოთმინება და "დიპლომატია".

ასტროლოგები ამბობენ, რომ აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, დამდეგი 2011 წელი კურდღელსაც ეკუთვნის. არადა, საქართველოს მინისტრთა კაბინეტს თუ გადახედავ, მიხვდებით, რომ ზოგიერთი პირველი პირი კატისთვის დამახასიათებელი მოხერხებულობის, გამჭრიახობისა და კიდევ ბევრი სხვა მომგებიანი თვისების წყალობით ფლობს მინისტრის პორტფელს. კატის წელშია დაბადებული პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, რომელსაც ყველაზე დიდ წარმატებად მაინც ენერგეტიკის მინისტრობას უთვლიან.

ამბობენ, რომ მან მოაწესრიგა მუდმივი ელექტროენერგიის მოწოდების საკითხი. შეიძლება ასეც იყო, აბა, კატას სინათლისა და სითბოს გარეშე რა გააძლებინებს! კატის წელში დაბადებული ყოფილან განათლებისა და  მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში  პაპუნა დავითაიაც, ყოფილი მინისტრი კახა ლომაია და თბილისის მერი გიგი უგულავა. მეტიც, კატის წელში დაბადებულან იოსებ სტალინი და ლავრენტი ბერია. ცნობილი "კატები" იყვნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავაც, რომის პაპი ბენედიქტ  XVI და კიდევ ბევრი ძალიან ცნობილი ადამიანი.

ასტროლოგების ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ მომავალი წელი საუკეთესოა სამშენებლო პროექტებისთვის. გამოდის, ჩაწოლილი მშენებლობები განახლდება. ამ ამბავმა ძალიან გაახარა ზოგიერთი ჩემი მეგობარი, რომლებიც დღემდე ელიან, რომ მშენებარე ბინაში ჩადებული ფული წყალს არ გაჰყვება და 2011 წელს მაინც ამუშავდება ამწე მათ დაუმთავრებელ საცხოვრებელ კორპუსთან. რაც მთავარია, კატებს შეუძლიათ ნებისმიერი რთული სიტუაციისგან თავის დაძვრენა და იმედია, საქართველოც ბევრ დაბრკოლებას დააღწევს თავს მომავალ წელს. ასტროლოგიური პროგნოზები ასტროლოგებს მივანდოთ, ჩვენ კი ცნობილ ქართველ კატა-კურდღლებს მოვუსმინოთ.

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძეც კატაა, ოღონდ 1964 წელს დაბადებული, იანვრის 18-ში.

თამრიკო ჭოხონელიძე: - მაშინ დავიბადე, როცა ჯერ კიდევ კუდს იქნევდა კატა და მეც კატასავით მიყვარს მოფერება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს შევუშინებივარ ძაღლს, მაინც მეშინია მისი. ესეც, მგონი, კატის წელს დაბადების ბრალია.

- სხვადასხვა ჰოროსკოპით წელს კატისა და კურდღლის წელია, როგორ ფიქრობთ, კურდღელს ჰგავხართ?

- მგონი, ორივეს თვისებები მაქვს. არა ვარ იოლად გასატეხი და სიდინჯის დეფიციტსაც არ ვუჩივი. შემტევი ვარ, მაგრამ საკუთრ თავთან დარჩენის დროს ზოგჯერ კურდღლის თვისებებიც აღმომიჩენია.

- ფიქრობთ, რომ კურდღელი სუსტია? გახსოვთ ცნობილი მულტფილმი "აბა, დამაცადე" რა დღეში აგდებს საწყალ მგელს კურდღელი...

- არა, არა, ასეთი კურდღლის თვისებები არა მაქვს, მაგრამ არც უსუსური ვარ. შემიძლია ძალიან დიდხანს ვიფიქრო იმაზე, რაც ძალიან არ მსიამოვნებს, მაგრამ როცა კატა იღვიძებს ჩემში, შეტევას ვიწყებ.

- იმედია, ბავშვობაში ჩიტებს არ ერჩოდით და შურდულით არ დასდევდით.

- არა, ოღონდ ერთი“ცოდვა მაქვს (ეცინება): ვიღაცამ მასწავლა კატას კატაბალახა უყვარსო და მეც ბამბას დავასველებდი ვალერიანის წვეთებში და მეორე სართულიდან ძაფზე მობმულს ვუშვებდი ეზოში. უნდა გენახათ, რა ამბავში იყვნენ კატები, მიხაროდა, ციბრუტივით რომ ტრიალებდნენ.

- საახალწლო სუფრაზე კურდღელი გექნებათ?

- არავითარ შემთხვევაში. ჯერ ერთი, ვეგეტარიანელი ვარ და მერე კურდღელს ისედაც არ ვაღიარებ საკვებად. არა მარტო მისი შეჭმის წინააღმდეგი ვარ, არ მიყვარს კურდღლის ან სხვა ცხოველის ბეწვის სამოსიც. ხედავთ, რა იოლად შესანახი ვარ? - ხორცს არ ვჭამ, ბეწვეულს არ ვიცვამ. ცუდად ვხდები, როცა ბეწვის სამოსს ვხედავ, წარმოვიდგენ ცხოველის გატყავებას და ცუდ ხასიათზე ვდგები.

- როგორ ფიქრობთ, კატისა და კურდღლის ხასიათიდან გამომდინარე, როგორი წელი დაგვიდგება?

- ვფიქრობ, შიდა დაპირისპირება ისეთი მძაფრი აღარ არის, როგორიც წლის დასაწყისში. ამიტომაც მგონია, რომ მომავალ წელს აგრესია, ურთიერთდაპირისპირება ძლიერი აღარ უნდა იყოს. საპირისპირო აზრი ყოველთვის უნდა არსებობდეს და მას უნდა ვითვალისწინებდეთ. თუ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ერთმანეთის ზიზღი არ გვექნება, ყველაფერი კარგად იქნება.

მაინცდამაინც სამოთხეს ვითხოვთ, არადა, ღვთისმშობლის  წილხვედრ ქვეყანაში საკმარისია ხელი გაანძრიო და შექმნი სამოთხეს. დიახ, შევქმნით, თუ ერთმანეთი გვეყვარება. გვიყვარს კიდეც, ეგ არის, ერთმანეთის მოსმენა არ ვიცით. ძალა ერთობაშია, თუ ამას კარგად გავიაზრებთ, ყველაფერი კარგად იქნება. იმედია, ქართველი კაცის კეთილგონიერება ყველაფერს წარმატებით გაართმევს თავს. ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!

KvirisPalitra.Geკითხვაზე, კურდღელზე სანადიროდ დადიხართ თუ არა, კიდევ ერთმა კატა-კურდღელმა გიორგი ასანიძემ გვიპასუხა:

- აბა, კატა და უმაგისობა ვის გაუგია? საგანგებოდ კურდღელზე არასოდეს მინადირია, მაგრამ თუ შემხვდება, ვესვრი.

- რომელი მოგწონთ, შემწვარი თუ ჩაშუშული?

- ეტყობა, ბაჟესთან ერთად არ გაგისინჯავს, თორემ მაგ ორ ვარიანტს აღარ მკითხავდი. ისეთია, თითებს ჩაიკვნეტთ. შეიძლება ახლაც საახალწლოდ ინდაურის ნაცვლად კურდღელი ჩავდო ბაჟეში, თუ, რა თქმა უნდა, გამომიგზავნიან რაიონიდან. გატყავება დიდად არ მომწონს. მირჩევნია, საკერძედ გამზადებული მივიტანო სახლში.

- მაინც რომელს უფრო ჰგავხართ, კატას თუ კურდღელს?

- (ეცინება) ადამიანის თვისებები მაქვს, მაგრამ სიტუაციასაც გააჩნია, რომლის თვისებებიც დამჭირდება, იმას გამოვიყენებ. მგონი, უფრო კატას ვგავარ სისწრაფითაც და იმ უნარითაც, რომ ექსტრემალურ ვითარებაში ფეხზე მყარად დავდგე.

- მეკვლემ რომ ახალი წელს საჩუქრად კურდღელი ან კატა მოგიყვანოთ, რას უზამთ?

- კურდღელს რა ბედიც ელის, უკვე იცით. სახლში საკმარისად მოიპოვება ნიგოზი ბაჟესთვის (ეცინება). რაც შეეხება კატას, არ მძულს ეს ცხოველი, მაგრამ სახლში ვერ გავაჩერებ, ბავშვები მყავს და ბეწვის მეშინია.

- როგორ ფიქრობთ, მომავალი წელი როგორი იქნება? კატამ თავდასხმა, მიპარვა იცის, კურდღელმა - დამალვა.

- შენებისა და სიმშვიდის წელი იქნება, არც თავდასასხმელი გვაქვს რამე და არც დასამალად გვაქვს საქმე. პირიქით, ბევრი უნდა ვიშრომოთ და სიკეთე მოვიტანოთ. საზოგადოება ამას ელის და ჩვენც უნდა ვეცადოთ, ახალი წელი წინანდელზე უკეთესი იყოს. ვფიქრობ, 2011 წელი სპორტისთვის უფრო წარმატებული იქნება, 2010 წელი ძალზე არასახარბიელო იყო. ოქრო გვჭირდება, მედლები, ბევრი გამარჯვება. კატას ბრჭყვიალა ნივთები უყვარს და სპორტსმენებმა ბევრი ოქრო უნდა მოიპოვონ.