"ვეგან-კაფეში ვმუშაობდი, მარიამი კი გვერდით სასტუმროში, ასე გავიცანით ერთმანეთი" - ქართველების ფრანგი სიძე, რომელიც ქართულის მერე, ახლა მეგრულს სწავლობს - კვირის პალიტრა

"ვეგან-კაფეში ვმუშაობდი, მარიამი კი გვერდით სასტუმროში, ასე გავიცანით ერთმანეთი" - ქართველების ფრანგი სიძე, რომელიც ქართულის მერე, ახლა მეგრულს სწავლობს

27 წლის ფრანგი მზარეული გოთიე ჰენი პოლიგლოტია. მან რამდენიმე ენა იცის - ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული და ესპანური. საფრანგეთში, ქუჩაში მიდიოდა, როცა ქართულად ლაპარაკი გაიგონა. მოსაუბრეებს ჰკითხა, რა ენაზე ლაპარაკობთო და ამის შემდეგ - ქართულით, მერე კი მეგრულითაც დაინტერესდა. საქართველოში ჩამოსვლამდე ქართული ანბანი იცოდა, ენა კი აქ ისწავლა. სამწლიანი ცხოვრების შემდეგ გოთიე ჰენმა ინგლისურ-ქართულ-მეგრული სასაუბროც გამოსცა.

- ქართულ სამზარეულოზე რას გვეტყვით?

- ძალიან მომწონს ქართული კერძები. განსაკუთრებით - ელარჯი, ხაჭაპური, ხინკალი, ფხალი. გარდა ამისა, ქართული სანელებლები, მეგრული აჯიკა და სვანური მარილი.

- თქვენი და მარიამ ლეჟავას სიყვარულის ამბავი მოგვიყევით. როგორ გაიცანით ერთმანეთი? - სამი წლის წინ თბილისში, ვეგან-კაფე "კივში" ვმუშაობდი, მარიამი კი გვერდით სასტუმროში. ზაფხული იყო. ხშირად ვსხდებოდით აივანზე მე და თანამშრომლები. იქ გავიცანით ერთმანეთი. შარშან დავქორწინდით და ახლა საფრანგეთში, ქალაქ ვიტღეში ვცხოვრობთ. მარიამმა უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი საქართველოში დაამთავრა. გარდა ამისა, შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებთანაც მუშაობდა.

- ქართულის სწავლა გაგიჭირდათ? - ქართული ენა რთულია, განსაკუთრებით - ზმნის წყობა. ყველას რაღაცას ვეკითხებოდი, უცხო სიტყვებს ვიწერდი და ნელ-ნელა ვისწავლე. ორი წელი დამჭირდა, თუმცა რაღაცები ახლაც მეშლება.

- თბილისსა და ქართველებზე რას გვეტყვით?

- მიყვარს ქართველები, ძალიან თბილი ხალხია, მაგრამ თბილისი ხმაურიანი ქალაქია. მომწონს, რომ ცხოველები ქუჩაში თავისუფლად დადიან.

- მეგრულით როდის დაინტერესდით? ამ საქმეში მარიამს ხომ არ მიუძღვის წვლილი? - მარიამი არ ლაპარაკობს მეგრულად. სამეგრელოში ნამყოფი ვარ და ძალიან გემრიელი სამზარეულო აქვთ. ლაპარაკობენ ძალიან სწრაფად. რთული სტრუქტურის, მაგრამ საინტერესო ენაა. სწორედ ამიტომ დავინტერესდი მეგრულით. ვეძებდი წიგნს, რომელიც ენის შესწავლაში დამეხმარებოდა, მაგრამ ვერ ვიპოვე, ამიტომ გადავწყვიტე, თვითონ დამეწერა. წიგნი ტურისტებისა და ყველა იმ ადამიანისთვის არის, ვისაც ქართული და მეგრული ენები აინტერესებს.

- რა გეგმები გაქვთ? - საბერძნეთში გვინდა ცხოვრება. აგვისტოში ვაპირებთ საქართველოში ჩამოსვლას მეგობრებისა და ოჯახის მოსანახულებლად. ამჟამად ვმუშაობ კიდევ ერთ წიგნზე ქართული ენის შესახებ, რომლის გამოცემასაც ფრანგულად ვაპირებ.

ნათია სიბაშვილი