"იაპონიაში შქმერულის ბუმი დაიწყო" - იაპონელებს მხოლოდ ის აფიქრებთ, როგორ მოიშორონ სწრაფად ნივრის სუნი - კვირის პალიტრა

"იაპონიაში შქმერულის ბუმი დაიწყო" - იაპონელებს მხოლოდ ის აფიქრებთ, როგორ მოიშორონ სწრაფად ნივრის სუნი

იაპონურმა საინფორმაციო პორტალმა Yahoo News Japan-მა გამოაქვეყნა მასალა სათაურით "შქმერული მსოფლიოში საუკეთესო საჭმელია, მაგრამ როგორ გავიქროთ ნივრის სუნი?" (ავტორი - აკირა იამამოტო).

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან: "იაპონიაში ამ ზამთარს ძალზე პოპულარულია ქართული საჭმელი შქმერული. გასულ წელს ეს კერძი ქსელურმა რესტორანმა "მაცუიამ" გაავრცელა. სულ რაღაც რამდენიმე თვეში იაპონიაში შქმერულის ბუმი დაიწყო. ამბობენ, რომ ეს საჭმელი, რომელიც ნიორით, ყველით და ქათმის ბარკლებისაგანაა მომზადებული, მსოფლიოში უგემრიელეს კერძია, მაგრამ გურმანები სოციალურ ქსელებში შეშფოთებული არიან ერთი საკითხით: როგორ მოვიშოროთ ნივრის სუნი, რომელიც ასე უხვადაა "შქმერულში"? "ვჭამე, მომეწონა, მაგრამ მირჩიეთ, როგორ გავიქრო ნივრის სუნი, ხვალ ხომ სამსახურში ვარ წასასვლელი"... "ნივრის ისეთი მძაფრი სუნი ამდის, რომ დრაკულას სულს გავაფრთხობინებ" და ა.შ. სპეციალისტების რჩევით, შქმერული ზომიერად უნდა მიირთვა, მაგრამ... რჩევას ხშირად ივიწყებენ", - ნათქვამია სტატიაში.

ავტორი, ვიდრე იაპონიაში შქმერულის გავრცელების ისტორიას გადმოგვცემდეს, მანამ საქართველოს იმ მკითხველებს აცნობს, რომლებსაც ადრე ნაკლებად სმენიათ ჩვენზე, ან საერთოდ არ იცნობენ ჩვენს ქვეყანას: "საქართველო სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი სახელმწიფოა, რომელიც რუსეთს და თურქეთს ესაზღვრება. შესაძლოა, იაპონელებმა არ იციან, რომ საქართველო მსოფლიოში ღვინის დამამზადებელი ყველაზე უძველესი ტექნოლოგიის მქონე ქვეყანაა. ასევე ცნობილია კავკასიის მთებში მდებარე ლეგენდებით მოსილი თვალწარმტაცი ქრისტიანული ტაძარი წმინდა სამება, რომელიც თითქოსდა მწვერვალების თავზე, ჰაერში ლივლივებს".

როგორ გაიცნეს და შეიყვარეს იაპონელებმა შქმერული? გასული წლის დეკემბერში კომპანია "მაცუაიამ" ახალი სეზონის ჩარჩოებში შექმნა მენიუს ჩამონათვალი "გზამკვლევი მსოფლიოში "მაცუიასაგან" (2020 წლის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით), რომელშიც ქართული "შქმერულიც" განათავსა. ამ ფაქტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. "ტვიტერში" გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ მიირთმევენ "შქმერულს" ტოკიოში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები. 14 იანვრიდან ეს ქართული კერძი უკვე იაპონიის ყველა ძირითადი რესტორნის მენიუში შეიტანეს. მასალის ავტორი ესაუბრება კომპანია "მაცუიას" წარმომადგენელს, რომელიც ვრცლად ლაპარაკობს შქმერულის პოპულარობის მიზეზებზე. როგორც აღმოჩნდა. ამ საჭმელს მშვენივრად უთავსდება იაპონური ბრინჯი და სხვა პროდუქტები, ვთქვათ ჩვეულებრივი კარტოფილი კი არა, არამედ ბატატი.

რაც შეეხება ნივრის სუნის გაქრობის წესებს, იაპონელი ავტორი თანამემამულეებს სხვადასხვა მეთოდებს სთავაზობს - დაწყებული ფირმა "ლიონის" მიერ წარმოებული ჰიგიენური პრეპარატებით, დამთავრებული ჩვეულებრივი შხაპით.

"მოკლედ, ვინც გურმანია და შქმერული უკვე შეიყვარა, მან უმჯობესია სამსახურში დაგეგმილ მნიშვნელოვანი თათბირები გადადოს. საერთოდ, რას მიქვია თათბირები, როცა შქმერული გინდა? როცა მოგინდება, სწორედ მაშინ უნდა ჭამო", - იუმორით მთავრდება იაპონურ გამოცემაში გამოქვეყნებული სტატია. წყარო

იხილეთ ასევე: როგორ გადარია რაჭულმა შქმერულმა იაპონელები

მოამზადა სიმონ კილაძემ