მშვენიერი კაიას კარიერას დედა აკონტროლებს - სინდი კროუფორდის ქალიშვილი მსოფლიოს იპყრობს - კვირის პალიტრა

მშვენიერი კაიას კარიერას დედა აკონტროლებს - სინდი კროუფორდის ქალიშვილი მსოფლიოს იპყრობს

ფოტოგალერეა

ყველასათვის ცნობილი სუპერმოდელის, სინდი კროუფორდის შვილი, კაია გერბერი დედის კვალს მიჰყვა და 19 წლის გოგონა უკვე მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მოდელია. კაიას კარიერა ჯერ კიდევ 5 წლის ასაკიდან დაიწყო, როცა ის სარეკლამო კამპანიებში ჩაერთო და უკვე 10 წლისა Versace-ს საბავშვო კოლექციის სახე გახდა. 16 წლის კაია უკვე "შანელის" მოდის სახლის სახე იყო და თავად კარლ ლაგერფილდის მუზად ითვლებოდა. დღეს კროუფორდის შვილი Marc Jacobs, Alexander Wang და სხვა უამრავი წამყვანი ბრენდის სამოსს ირგებს.

ბავშვობა

კაია გერბერი 2001 წლის 3 სექტემბერს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში დაიბადა. კაიას დედა ყველასათვის ცნობილი 90-იანი წლების სუპერმოდელი, მსახიობი და ტელეწამყვანი სინდი კროუფორდია, მამა - რენდი გერბერი, ბიზნესმენია, ის ღამის კლუბებისა და რესტორნების ქსელის მფლობელია. კაიას ჰყავს ძმაც - პრესლი, რომელიც მოდელი და ფოტოგრაფია.

სუპერმოდელი გოგონა პრესის ყურადღების ცენტრში ბავშვობიდან მოექცა. პაპარაცები ყოველთვის "ნადირობდნენ" კაიას ფოტოზე.

პრესასთან ბავშვის გამოჩენას არც თავად სინდი ერიდებოდა. საზოგადოების კრიტიკა სუპერმოდელმა სწორედ მაშინ დაიმსახურა, როცა პატარა კაია საბავშვო საცურაო კოსტუმების რეკლამაში გადაიღეს. სინდის ვარსკვლავი მეგობრები, მათ შორის ჯორჯ კლუნი ამბობდა, რომ "უმჯობესია ბავშვი სიმშვიდეში, გაიზარდოს". სინდის მხარს მხოლოდ დონატელა ვერსაჩე - "ვერსაჩეს" მოდის სახლის დირექტორი უჭერდა, რომელმაც თავიდანვე დაინახა კაიას მომავალი.

"ისე მომწონს გადაღების პროცესი, ვერ აღვიქვამ, რომ ეს ჩემი სამუშაოა", - ამბობდა კაია.

აქტიური სამოდელო კარიერა გოგონას ცხოვრებაში მაშინ დაიწყო, როცა ის სააგენტო IMG Models-ის მოდელი გახდა. სულ მალე კაია აქსესუარების ამერიკული ბრენდის Chrome Hearts-ის სახე გახდა და ყველაზე პატარა მოდელმა დები: ჯიჯი და ბელა ჰადიდები ჩაანაცვლა.

სარეკლამო რგოლების გარდა, მას სუპერმოდელ დედასთან ერთად, ცნობილი გამოცემები იღებდნენ. ის ფრანგული "ვოგის" ყდასაც ამშვენებდა.

კაიას კარიერულ წინსვლაში უდიდესი წვლილი მიუძღვის დედას. ის თავად აკონტროლებდა როგორ და რომელი ბრენდისთვის გადაიღებდნენ კაიას. არც ყველა შემოთავაზებას თანხმდებოდა და კაიას მხოლოდ მსოფლიო დონის მოდის სახლებთან ამუშავებდა. ერთ-ერთი ასეთი ბრენდი კი Marc Jacobs გახლდათ.

"ძალიან გახარებული ვიყავი, როცა გავიგე, რომ Marc Jacobs- ის სახე გავხდებოდი. სკოლიდან სახლში ახალი დაბრუნებული ვიყავი, როცა სახლში დაგვირეკეს და გადაღებები შემომთავაზეს", - ამბობს ერთ-ერთ გამოცემასთან კაია.

პოდიმუზე გამოსვლისას, კაია სხვა მოდელებისგან ყოველთვის გამოირჩევა, როგორც ის ინტერვიუში ამბობს, დედას მისთვის უთქვამს: "არ მინდა პოდიუმზე დავინახო გოგონა, მკვდარი თვალებით". დედამ თავიდანვე აუხსნა მოდელ შვილს, რომ აუცილებელია საზოგადოებას შენი პიროვნული თვისებები დაანახო.

"დედამ ძალიან შეცვალა ჩემი შეხედულება სილამაზის მიმართ. მთავარი წესია: "სჯობს ნაკლები, ვიდრე მეტი". ის ყოველთვის ბუნებრივი რჩებოდა და კოსმეტიკას ბოროტად არ იყენებდა, რადგანაც ზედმეტი კოსმეტიკა კანს ვნებს. იმისათვის, რომ სახის კანი ბრწყინავდეს, მისი მოვლისთვის ისეთი საშუალებაა აუცილებელი, რომელიც E ვიტამინს შეიცავს."

პირადი ცხოვრება

კაიას კარიერულ წინსვლასთან ერთად, საზოგადოებაში იზრდება ინტერესი გოგონას პირადი ცხოვრების მიმართაც.

პაპარაცებმა კაიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები პირველად მაშინ გამოაქვეყნეს, როცა გოგონა ჯერ კიდევ 15 წლის იყო. 2017 წელს პრესა წერდა, რომ წარმატებულ ახალგაზდა მოდელს რომანი ჰქონდა მუსიკოს ტრევის ჯეკსონთან. ძალიან მალე, კი ტაბლოიდები წერდნენ, რომ გოგონას შეყვარებული სიდნის ძველი მეგობრის ვაჟი ფენტონ მერკელია. პაპარაცების ობიექტივში ის მოხდა მაშინაც, როცა მომღერალ არიანა გრანდეს ყოფილ შეყვარებულს, მსახიობ პიტ დევიდსონს შეხვდა.

კაიას პირად ცხოვრებას აქტიურად განიხილავენ სოციალურ ქსელშიც. მოდელის "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ ფოტოებზე, კომენტარებში ხშირად განიხილავენ, რომ კაიას სიგამხდრემ შეიძლება ანორექსიაც კი გამოიწვიოს.

დღეს კაია აქტიურადაა ჩართული ცნობილი ბრენდების სარეკლამო კამპანიებში, მონაწილეობს "შანელის", "ვერსაჩეს" და სხვა ცნობილი ბრენდების ჩვენებებში. უახლოეს მომავალში კი ის Yves Saint Laurent -ის სახეც გახდება.

იხილეთ ფოტოგალერეა: კაია გერბერი - სინდი კროუფორდის ულამაზესი ქალიშვილი