"მომაკვდინებელი ორმოცი აბის ნაცვლად, ერთს ვიღებ, რომ ჩამეძინოს და ნანა დამესიზმროს..." - კვირის პალიტრა

"მომაკვდინებელი ორმოცი აბის ნაცვლად, ერთს ვიღებ, რომ ჩამეძინოს და ნანა დამესიზმროს..."

ალბათ ბევრისგან მოგისმენიათ, რომ სიყვარული მხოლოდ მიჩვევაა და არ არის მარადიული გრძნობა. თუმცა, ჩვენს ირგვლივ ბევრი მაგალითი ამტკიცებს ამის საპირისპიროს. ქართველი დიპლომატისა და მწერალის - გელა ჩარკვიანის სიყვარული მისი მეუღლისადმი, ნანა თოიძისადმი კი, ამ გრძნობის მარადიულობის ერთ-ერთი მაგალითია.

გელა ჩარკვიანი ხშირად საუბრობს ნანაზე და მათ სიყვარულზე, მასზე ბევრს წერს საკუთარ ჩანაწერებში... გთავაზობთ მწერლის წიგნიდან "ნაგერალა" ამონარიდს, რომელიც ვფიქრობთ, ყველა შეყვარებულმა წყვილმა უნდა წაიკითხოს:

"ოდესღაც ნანა, ეს უჩვეულოდ ლამაზი ქალი, იმდენად თავდაჯერებული იყო, რომ ეჭვებს, ზოგჯერ მტკივნეულსაც, ჩემს გულში თვითონ ნერგავდა. ეს მაშინ ხდებოდა, როცა მას ქალ-ვაჟი უკვე შეეძინა და ვალმოხდილი, ერთგვარი მოლოდინითა და ინტერესით, მეტიც, სახიფათო ცნობისმოყვარეობით შესცქეროდა მომავალს.

ეს ყველაზე არამყარი დროა ცოლქმრულ ურთიერთობებში - ციკლი დამთავრდა და ცვლილება თითქოს გარდუვალია

ამ დროს მოხდა ის, რაც, შესაძლოა, ათწლეულების შემდეგ ნანას უეცარი სიკვდილის მიზეზად იქცა... ტროტუარზე მდგარს მანქანა დაეჯახა. ხელ-ფეხის მოტეხილობასთან ერთად, მას მუცლის აორტაც დაუზიანდა. ერთი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ კვლავ შესძლებოდა ცეკვა, რომელიც თავდავიწყებით უყვარდა და რომელშიც მე ჯეროვან პარტნიორობას ვერ ვუწევდი, ჩვილობაში გადატანილი პოლიომიელიტის გამო.

და მაინც ყველაზე დიდი ბოდიში ნანას იმისთვის უნდა მოვუხადო, რომ მოვესწარი მის სიკვდილს და დღესაც განვაგრძობ ცხოვრებას - იმავე დროს ვდგები, ვსაუზმობ, ვსადილობ, იმავე დროს ვიძინებ. თუმცა, ვალიუმის აბს აღარ ვუყოფ, მთლიანად მე ვიღებ. მართალია, სიტყვით ჩვენ არასდროს შევპირებივართ ერთმანეთს, არ აგვიღია ვალდებულება მოგვეკლა თავი მეორის სიკვდილის გამო, მაგრამ ჩვენი გრძნობის სიმძაფრე, ვფიქრობ, ამას თავისთავად გულისხმობდა.

ეს აზრი მოსვენებას არ მაძლევს, განსაკუთრებით, როცა ღამდება და მარტო ვრჩები. ცოცხლად დარჩენილების მიმართ პასუხისმგებლობას ვიმიზეზებ და მომაკვდინებელი ორმოცი აბის ნაცვლად, ერთს ვიღებ, იმისათვის, რომ ჩამეძინოს და სადღაც გარიჟრაჟზე ნანა დამესიზმროს.

ლამაზი ნანა, ერთი შეხედვით, დიდი ბავშვი იყო - ბავშვურად ეშმაკი და თავკერძა. ნებისყოფის ნატამალი არ გააჩნდა და არც მიიჩნევდა საჭიროდ, რომ ჰქონოდა. არათუ მომავალი სიკეთეების ხიბლით, სიკვდილის მუქარითაც ვერ ათქმევინებდი უარს მყისიერ სიამოვნებაზე. ოჯახის ბიუჯეტის მართვას თუ ანდობდი, ერთი თვისას ერთ დღეში დაგიხარჯავდა.

სიცოცხლის ბოლო თვეებშიც კი, დიდად შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მიუხედავად, მზად იყო ნებისმიერ დროს წასულიყო სტუმრად. დაპატიჟების დრო და თარიღი ერთადერთი რამ იყო, რაც არ ავიწყდებოდა.

გამუდმებით თამბაქოს ეწეოდა და ბოდიში მინდა მოვუხადო იმ სამედიცინო ფაქტებისა და დიდაქტიკური სისულელეების გამო, უხვად რომ ვახვევდი თავს იმ იმედით, რომ წევას მოეშვებოდა, თუმცა ვიცოდი, რომ ნანა ამას ვერასდროს შესძლებდა. ინტელექტუალურ საუბრებს გაურბოდა. მისტიკური ბუნების უტყუარი ინტუიციით იკვლევდა გზას. ყოველ წამს იცოდა, რას ფიქრობდი. შეუმცდარად განასხვავებდა ბოროტსა და კეთილს, მტერსა და მოყვარეს.

სიტყვაძუნწი იყო. მეგობრებთან ერთად სუფრასთან მჯდომს, შეეძლო სამი საათის განმავლობაში ერთხელ არ ამოეღო ხმა. ამიტომაც მის ბოლომდე ამოცნობას ვერავინ შესძლებდა და ვერც მე შევძელი ორმოცდათოთხმეტწლიანი თანაცხოვრების მიუხედავად.

იქნებ მისი ჭეშმარიტი რაობის მიუწვდომლობა ასაზრდოებდა და დღენიადაგ განაახლებდა ჩემს სიყვარულს? ნანა სფინქსი იყო და, ალბათ, სულის რომელიმე ღრმა სამალავში ჰქონდა საიდუმლოება, რომელიც თან გაიყოლა. ეს აზრი არ მასვენებს და ისღა დამრჩენია, ვიოცნებო, რომ ოდესმე, უკვე იქ, უფრო მაღალი რიგის რეალობაში, კიდევ შევეხები მას, თუკი ჩვენ, მოკვდავებს იმ რეალობაზე ხელი მართლაც მიგვიწვდება.

მაგრამ, თუ ჩვენი საყვარელი სიყრმისშვილის, ირაკლის არ იყოს, ვართ უბრალოდ "მიგდებულები დარვინის ანაბარა", მაშინ ჩემს მბჟუტავ სასოებას უმოწყალოდ წაშლის და შეენაცვლება ადამიანური ლექსიკონის ყველაზე დაუნდობელი და შემზარავი სიტყვა - "არასდროს". Nevermore" - ვკითხულობთ "ნაგერალაში".

იხილეთ ასევე: "ირაკლიმ სიკვდილი გამიადვილა, ნანამ კიდევ, სიკვდილი მომანდომა"