"შალვამ მკითხა, მეუღლესთან ერთად ხარო? - არა, ოჯახი დამენგრა-მეთქი. შეხვედრა მთხოვა და..." - კვირის პალიტრა

"შალვამ მკითხა, მეუღლესთან ერთად ხარო? - არა, ოჯახი დამენგრა-მეთქი. შეხვედრა მთხოვა და..."

"ვამაყობ ჩემი ოჯახით, შვილებით, შვილიშვილებით, ჩემი პროფესიით... ვთვლი, რომ კარგი დედამთილი და სიდედრი ვარ. არაჩვეულებრივი სიძე და რძლები მყავს. მათ ჩემი შვილებისგან არ ვასხვავებ", - ამბობს მსახიობი ზეინაბ დვალიშვილი. მას პოპულარობა სერიალმა "ჩემი ცოლის დაქალები" მოუტანა. როგორ გახდა ელვირის დედა, რას ამბობენ მასზე შვილები, როგორი ურთიერთობა აქვს ცნობილ სიძესთან - ზაზა ფაჩულიასთან და რის გამო იღებს საყვედურებს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1954 წლის 26 დეკემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი, ეს დედაჩემის დამსახურებაა. ის ხშირად მიკითხავდა ლექსებს. მხატვრული კითხვა შემაყვარა. რკინიგზელთა სახლში დავდიოდი. იქ პირველად ვნახე დეკორაცია, რომელსაც სცენაზე აწყობდნენ და ნანახმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მისი ფერები დღემდე ნათლად მახსოვს. ის პერიოდი იყო, როცა პირველად დავდექი სცენაზე და ეს ჯადოსნური სამყარო უფრო მეტად შევიყვარე. მაშინ რომ სცენის მტვერი ჩავყლაპე, დღემდე ამ სიყვარულით მოვდივარ. სკოლა რომ დავასრულე, თეატრალურში ჩავაბარე, შემდეგ განაწილებით სოხუმის თეატრში მოვხვდი. მესამე კურსზე ვიყავი, გიზო ჟორდანიამ "განთიადი" რომ დადგა და მათამაშა. ეს სპექტაკლი რუსთავის თეატრის რეპერტუარში იყო. შემდეგ გავთხოვდი და მეუღლესთან ერთად სოხუმის თეატრში გადავედი.

- ჩემზე ამბობენ... - ...ჩემი შვილები ამბობენ, მკაცრი დედააო. მომთხოვნი ვარ, ძალიან მომთხოვნი. პასუხისმგებლობის გრძნობა ჩემთვის მნიშვნელოვანია. სიმკაცრით ჩემს პერსონაჟს ვგავარ. მეგობრები ამბობენ, ზეიკო მხარში მდგომი, კეთილშობილი და კომუნიკაბელურიაო.

- სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"...

- ...სრულიად მოულოდნელად მოვხვდი. ამაზე არც არასდროს მიფიქრია. ჩემს შვილიშვილს უნდოდა მონაწილეობა და რამდენჯერმე კასტინგზე ვახლდი. იქ არავის ვიცნობდი, უბრალოდ არ მინდოდა, მარტო წასულიყო. ეკა მჟავანაძემ რომ დამირეკა, ვიფიქრე, ბავშვის გამო მირეკავს-მეთქი, მაგრამ ისეთი სიტყვები მითხრა, ენა ჩამივარდა; თქვენს პროფესიას თუ დაუბრუნდებით, კარგი იქნება, ელვირის დედის როლი გვინდა შეასრულოთო. სიხარულისგან აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. მარტო ვიყავი, ჩემი მეუღლე პირველ სართულზე იყო. შალვასთან ჩავედი, ხვალ კასტინგზე უნდა წავიდე, სერიალიდან დამირეკეს-მეთქი. არ დაიჯერა. ახლა ეკრანზე რომ მხედავს, უხარია, ყველას ეუბნება, ზეიკო ნახეთო? ელვირი ცუდი პერსონაჟია, მაგრამ ნიკა ქავთარაძეა ცხოვრებაში ძალიან საყვარელი ადამიანი. ჩემი ბიჭები ერთმანეთს რომ ელაპარაკებიან, ამბობენ ხოლმე, ზეიკო ჩვენი დედა აღარ არის, ელვირის დედა გახდაო.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე... - ...მაინც მსახიობი გავხდებოდი და იმ წლებს, რომელიც ამ პროფესიის მიღმა გავატარე, არ დავკარგავდი.

- ჩემი პირველი წარმატება იყო... - ...ნინო შერვაშიძის როლი, რომელიც სოხუმის თეატრში, "ჰაკი აძბაში" შევასრულე. ეს როლი გამორჩეულად მახსოვს, შემდეგ მქონდა გიჟი მარგოს როლი "მარადისობის კანონში". მაყურებელი ამ როლს ყოველთვის გამოარჩევდა.

- ბედნიერი ვარ, რომ... - ...მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, 3 შვილი და 6 შვილიშვილი.

- ყოველთვის მაქვს სურვილი... - ...ვიყო ქველმოქმედი, ბევრი სიკეთე ვაკეთო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს... - ...რომანტიკული ვარ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო... - ...ზედმეტად ცნობისმოყვარე ვარ. სხვის ცხოვრებაში არასდროს ვერევი, უბრალოდ გარშემო რაც ხდება, ყველაფერი მაინტერესებს.

- დაშვებულ შეცდომებს... - ...ხშირად ვიხსენებ. ზოგჯერ მინდა, არ მახსოვდეს.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე... - ...ძალიან ბევრი რამ და გამოვასწორე. მას შემდეგ, რაც პირველი ოჯახი დამენგრა, მოთმინების უნარი გამოვიმუშავე, დათმობა ვისწავლე, სხვანაირი გავხდი. ჩემთვის ყოველი შეცდომა გაკვეთილი იყო.

- პატიება შემიძლია... - ...ძალიან მარტივად. წყენა გულში არ მრჩება, საკმარისია, გამიცინო და... ბრაზს და ნეგატივს ჩემში არ ვიტოვებ. სამაგიეროდ, სიკეთე და ბედნიერი წუთები სულ მახსოვს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ... - ...მინდა, ჩემი შვილიშვილების გზაზე დადგომას მოვესწრო, მათი მომავალი ვნახო. მაინტერესებს, როგორები იქნებიან. აღვნიშნე, მკაცრი დედა ვარ-მეთქი, ასეთივე ბებია ვერ ვარ, არ გამომდის. ბავშვებთან სიმკაცრეს მხოლოდ მცირე დოზით ვავლენ, ისიც პერიოდულად. 4 შვილიშვილი საზღვარგარეთ მყავს, სულ მენატრებიან.

- ვრისკავ... - ...იშვიათად. ფრთხილი მეტად ვარ, ვიდრე რისკიანი.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე... -...ეს არის ნამცხვარი და შოკოლადი. - ვამაყობ... - ...ოჯახით, შვილებით, შვილიშვილებით, ჩემი პროფესიით, სკოლით, მოსწავლეებით... ვთვლი, რომ კარგი დედამთილი და სიდედრი ვარ. არაჩვეულებრივი სიძე და რძლები მყავს. მათ ჩემი შვილებისგან არ ვასხვავებ.

- ჩემი სიძე ზაზა ფაჩულია... - ...არაჩვეულებრივი ადამიანია. საოცარი იუმორი აქვს, კარგი მეუღლე და მამაა. როგორ შეიძლება, კმაყოფილი არ ვიყო. ადამიანში იუმორის გრძნობას ძალიან ვაფასებ და ზაზამ თავისი იუმორით მასთან ურთიერთობა გამიადვილა. სულ მაშაყირებს. მეც არ ვაკლებ (იცინის), მაგრამ ის მჯობნის. სერიალში რომ მნახა, მითხრა, - ზეიკო, შენი იმედი მაქვს, ისე არ ითამაშო, ტელეფონში შენი ნომერი საერთოდ წავშალოო. რამდენიმე დღის წინ ვკითხე, - ხომ არ წაგიშლია-მეთქი? - არა, არა, მაქვს და ეკრანზე რომ გხედავ, ძალიან მიხარიაო. თურმე საღამოს შინ რომ ბრუნდება, ჩემს ქალიშვილს ეკითხება, ზეიკო დღეს არ თამაშობსო? მერე სერიალს უყურებენ. ამ ადამიანში განსაკუთრებით ის მომწონს, რომ მიზანდასახულია. სულ სწავლობს, ახლაც სტენფორდში ბიზნესის მართვას სწავლობს. საქმისადმი სერიოზული მიდგომა სჩვევია. არაჩვეულებრივი მეგობარია, ყველა პატივს სცემს, საკალათბურთო სივრცეში ავტორიტეტი აქვს. ზაზა დასაყრდნობი და უღალატო კაცია, მეგრული სისხლი აქვს. მიხარია, რომ მისი სამომავლო გეგმები საქართველოსთანაა დაკავშირებული. შვილებს ქართულად ზრდის, ქართველი ძიძები ჰყავს. შინ ინგლისურად ლაპარაკს კრძალავს. ზაფხულობით რომ ბრუნდებიან, შვილები აქაურ საზაფხულო სკოლაში დაჰყავს. ბავშვები აქ არც ერთ ახალ წელს არ შეხვედრიან და მომავალი წლის შეხვედრა აქვთ დაგეგმილი. ზაზა მთელ ზაფხულს საქართველოში ატარებს.

- ვიბნევი... - ...როცა მაქებენ, მით უმეტეს, როცა ეს საჯაროდ ხდება. სასიამოვნოა თითქოს, მაგრამ დაბნეულობა მეტი დოზითაა.

- ვნანობ... - ...რომ პროფესიაში საუკეთესო წლები გავაცდინე, თუმცა ამ დანაკლისს გარკვეულწილად ჩემი საქმიანობით მაინც ვივსებდი. მე და ჩემი მეუღლე კლასელები ვართ. რომ დავოჯახდით, მაშინ რთული პერიოდი იყო. ვარჩიეთ, ოჯახისა და ბავშვებისთვის მიმეხედა. მეც ამ აზრზე ვიყავი, დავუჯერე და ახლა ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი. ჩემი უფროსი შვილის თაობისთვის განსაკუთრებით რთული პერიოდი იყო, ჩემმა მკაცრმა მიდგომამ გაამართლა.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო... - ...იქ, სადაც ვარ, სკოლაში, ჩემს ბავშვებთან. 25 წელია, ამ საქმეს ვემსახურები, სასცენო ხელოვნებას ვასწავლი.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია... - ...ასეთ მდგომარეობაში საკუთარი თავი არ მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ ფეთქებადი ხასიათი მაქვს; საკუთარ თავზე კონტროლს არასდროს ვკარგავ. ოჯახში ყველაფერი რომ დალაგებული იყოს, მე უნდა ვიყო გაწონასწორებული.

- მეზარება... - ...ზამთარში დილით ადრე ადგომა. სიზარმაცე ჩემს ხასიათში არ არის. ენერგია მაქვს, სიცოცხლე მიყვარს. სანამ ჯანმრთელი ხარ, არაფერი არ უნდა დაგეზაროს.

- სიყვარული ეს... - ...საოცარი გრძნობაა. სულ შეყვარებული ვარ (იცინის).

- პირველად რომ შემიყვარდა... - ...მე-7 კლასში ვიყავი, შალვა რომ შემიყვარდა. ერთი ეპიზოდი სულ მახსოვს: მასწავლებელი ბავშვებს იძახებდა, გაკვეთილი რომ მოეყოლათ. შალვა ჩემ უკან იჯდა, მხრებზე ხელი მომკიდა და ჩამჩურჩულა, - გთხოვ, მომეფარე, გაკვეთილი არ ვიციო. ჟრუანტელმა დამიარა, ის განცდა მთელი ცხოვრება მომყვება. უკვე სულ სხვა თვალით შევხედე. შემიყვარდა და ძალიან დიდხანს, მარტო ვიტანჯებოდი, ის ჩემს სიყვარულს ვერ გრძნობდა. პირველ კურსზე რომ ვიყავი, მეგობარ ბიჭს გავენდე, ძალიან მიყვარს და აბა, უთხარი, მასაც თუ ვუყვარვარ, სასწავლებელში ლექციები 3 საათზე მიმთავრდება და მოვა-მეთქი. მეორე დღეს თეატრალურში მომაკითხა. ლექციების ბოლოს გულისფანცქალით გადმოვიხედე და იქ რომ დავინახე, აღარ მახსოვს, მეორე სართულიდან როგორ "ჩავფრინდი". მესამე კურსის ჩათვლით, სულ ერთად ვიყავით, შემდეგ უაზრო წაკამათების გამო დავშორდით. ნაჩქარევად და დაუფიქრებლად, ჯგუფელზე გავთხოვდი. პირველი ოჯახი 7 წლის შემდეგ დამენგრა. შალვა კი ჩვენი სიყვარულის ერთგული დარჩა. 32 წლისები ვიყავით, რომ დავქორწინდით. გათხოვების შემდეგ ის მე საერთოდ არ მინახავს, სოხუმში ვცხოვრობდი და არასდროს შევხვედრივარ. ჩემი გათხოვება ძალიან განუცდია.

- წლების შემდეგ, ჩვენი პირველი შეხვედრა...

- ...რა თქმა უნდა, ემოციური იყო. სოხუმის თეატრიდან მოსკოვში გასტროლზე მივდიოდი და 2 დღით თბილისში, მშობლებთან ჩამოვედი. დრო მქონდა და ჩემს ბიძაშვილთან, გვერდით სადარბაზოში გადავედი. იქ შალვას ძმაკაცი იმყოფებოდა. ნასვამი იყო. დღეს შალვას დაბადების დღეაო, - მითხრა და მისაყვედურა, ასეთი კარგი ბიჭი, უცოლოდ რატომ დაგვიტოვეო? თან შალვას დაურეკა და ტელეფონი მომაჩეჩა. ნასვამ კაცს წინააღმდეგობას ხომ არ გავუწევდი, ყურმილი გამოვართვი და დაველაპარაკე. შალვამ მკითხა, მეუღლესთან ერთად ხარო? - არა, ოჯახი დამენგრა-მეთქი. შეხვედრა მთხოვა, შენი ამბები მომიყევიო. ახლა არ მცალია, მოსკოვიდან რომ დავბრუნდები, მერე შევხვდეთ-მეთქი. მოკლედ, ჩვენი ურთიერთობა მას შემდეგ დაიწყო და მალე დავქორწინდით. იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: "ზაზა მაშაყირებს, - ამ სახლში პატარას ვერაფერს ნახავთ, სიდედრის გარდაო" - როგორ მოხვდა ჩცდ-ში ზაზა ფაჩულიას სიდედრი?

თამუნა კვინიკაძე