"მონსტრი" ბაჭიების გადარჩენილი მინისტრი... - კვირის პალიტრა

"მონსტრი" ბაჭიების გადარჩენილი მინისტრი...

"გარემოს დაცვის მინისტრმა კურდღლებს ტყეში ფარული კამერა დაუყენა?"

ახლახან 2008 წლის ეკოლოგიური ზარალის ამსახველი ერთი საინტერესო დასკვნა მოგვაწოდეს, სადაც, ფოტომასალის გარდა, სახალისო ინფორმაციაც აღმოვაჩინეთ: "დამწვარ ფიჭვნარ-ნაძვნარში ნაპოვნი იქნა ახალგაზრდა გარეული კურდღელი, რომლის სიმაღლე არის 1,41 მ(?!), (კოორდინატები:

N = 41ო 48. 827ლ , E = 043ო 28 958ლ ). როგორც ჩანს, კურდღელმა იქვე იმშობიარა და დაზარდა ბაჭიები" (სტილი დაცულია). მოკლედ, გმირი დედა კურდღლის ამბავმა არა მარტო იმით დაგვაინტერესა, რომ ყურცქვიტას წელიწადი დაგვიდგა, არამედ იმითაც, რომ არაჩვეულებრივ კურდღელთან გვქონია საქმე: მართალია, გარშემოწერილობით მთლად 90-60-90-ს ვერ ქაჩავს, მაგრამ სიმაღლე აქვს განსაკუთრებული…- ლამის მეტრ-ნახევარი ყოფილა(?!).

წესით, ამხელა კურდღლის პოვნა არათუ დამწვარ ტყეში, გაფოთლილ-გადაბიბინებულშიც შეუძლებელია, მაგრამ…რას არ იზამს რუსული აგრესია, კურდღელიც კი "დათვს" დაემსგავსა. მოკლედ, ეს არის ნამდვილი რეკორდი! თანაც, ამ კურდღლის ბაჭიებიც თუ მეტრნახევრიანები გამოდგნენ, მერე ნახეთ სეირი!

KvirisPalitra.Geსაინტერესოა, ვინ დააზუსტა, რომ კურდღელს მაინცდამაინც დამწვარ ტყეში ჰქონდა სექსი და იქვე შვა ბაჭიები? - ამ საახალწლო განწყობით დასმულ კითხვას "მწვანეთა პარტიის" ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ ხუმრობითვე უპასუხა: "გოგა ხაჩიძე დაუყენებდა ფარულ კამერას ტყეში!" ჩვენც არც ვაციეთ, არც ვაცხელეთ და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის პრესსამსახურს დავუკავშირდით:

"ალბათ, ეს ინფორმაცია ანგარიშში იმის დასტურად გავიდა, რომ სიცოცხლე გრძელდება!" - განგვიმარტა შეკითხვით ცოტა არ იყოს შეცბუნებულმა მინისტრის პრესსამსახურის წარმომადგენელმა თამარ ალადაშვილმა და ვითარებაში გასარკვევად დრო ითხოვა. ცოტა ხანში თავად შეგვეხმიანა და გვამცნო: - არსებობს  გლობალური გარემოს დაცვითი ორგანიზაცია "სენნი", რომელმაც დაწერა ეს დასკვნა და მას დაუკავშირდითო (სხვათა შორის, იმ სახელმწიფო კომისიაში, რომელიც ნახანძრალ ტყეებს შეისწავლიდა, "სენნის" ექსპერტებიც შედიოდნენ).

დათო ბახტაძე, "სენნის" პროგრამის მენეჯერი: - ზოოლოგებისთვის არ არის ძნელი დაზუსტება, კურდღელმა სად დაყარა ნაშიერები. კურდღლის გარშემოწერილობამ და სხვა ნიშნებმა, როგორც ჩანს, სპეციალისტებს მისცა ამის თქმის საფუძველი და კიდევ იმან, რომ 1000 ჰა ფართობის მქონე ტყეზე შორს კურდღელი ვერ გადაადგილდებოდა. სხვათა შორის, ეს ჩვენი რიგით მეორე დასკვნაა, რომელშიც  გადამწვარ ტყეში მიმდინარე  ბუნებრივი პროცესები აღვწერეთ. უფრო ადრე კი ჩვენმა ორგანიზაციამ ომის შედეგად მიღებული ეკოლოგიური ზარალის თაობაზე გამოაქვეყნა ძალზე მნიშვნელოვანი დასკვნა.

KvirisPalitra.Ge- კეთილი და პატიოსანი, მაგრამ თქვენ  კურდღელი იპოვეთ თუ დინოზავრი? მისი სიმაღლე მართლა მეტრ-ნახევარი იყო?

- დამატებითი შეკითხვებით  შეგიძლიათ მიმართოთ ზოოლოგებს, რომლებმაც დიდი სამუშაო გასწიეს. როგორც ჩანს, მათ შეიპყრეს ან  დააკავეს(?!) კურდღელი, სხვაგვარად ზომასა და გარშემოწერილობას ვერ აღწერდნენ.

P.S. მოკლედ, ნახანძრალ ტყეში ბაჭიების გამრავლება მართლაც კარგი ამბავია. თუმცა, იმის დაზუსტებაც, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს ტყეში კურდღლებისთვის ფარული კამერა არ დაუყენებია, ორმაგად სიხარულის მომგვრელია... ერთი სიტყვით, გადავრჩით!

გადარჩა გარემოს დაცვის მინისტრიც. ალბათ, გახსოვთ, სათაფლიის მღვიმეში გამართულ მთავრობის სხდომაზე სააკაშვილმა გოგა ხაჩიძის სფეროს "ჩაფლავებული" რომ უძახა. ასე რომ, გიხაროდენ, ბატონო მინისტრო, მოხსნას ბაჭიებმა გადაგარჩინეს!