ლაპლანდიელი სანტა კლაუსის ელფების სამყაროს საქართველო ოფიციალურად შეუერთდა - კვირის პალიტრა

ლაპლანდიელი სანტა კლაუსის ელფების სამყაროს საქართველო ოფიციალურად შეუერთდა

"შინ, ჩემს სამშობლოში, ფინეთში რომ დავბრუნდები, ფიქრებით მაინც ჩემს გულში დარჩებით, ჩემთან ერთად გამოფრინდებით და სადაც კი წავალ, ყველგან ჩემთან ერთად იმოგზაურებთ", - 2020 წლის 9 იანვარს ამ სიტყვებით დაემშვიდობა ფინეთიდან ჩამობრძანებული სანტა კლაუსი საქართველოს და დაგვიტოვა დიდი სიყვარული და იმედი, რომ ხვალ უკეთესი დღე გაგვითენდება.

ჩვენს მკითხველებს უეჭველად გემახსოვრებათ ლაპლანდიელი სანტა კლაუსის და, იმავდროულად, მსოფლიოს კეთილი ნების ელჩის 2020 წლის 10-დღიანი საახალწლო-საშობაო მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, შეხვედრა დევნილ ბავშვებთან, და არა მარტო მათთან, ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული მისი განცხადებები ენგურის ხიდზე და შიდა ქართლის კონფლიქტური ზონის პირობით საზღვართან და მისი გულიანი "ონელისტა უტა ვოტა!" (ქართულად - "გილოცავთ შობა-ახალ წელს").

საერთაშორისო პროექტით - "ფინური საახალწლო-საშობაო სოლიდარობა და მხარდაჭერა საქართველოს: "ევროპა ჩვენი საერთო სახლია! ერთიანი, ძლიერი საქართველო - განვითარებული ძლიერი რეგიონები" ბევრ ბავშვს აუსრულდა ნატვრა, ბევრმა ირწმუნა, რომ კეთილი მოხუცი მართლაც არსებობს და ბავშვებისთვის, ვინც მთელი წლის განმავლობაში კარგად იქცევა, საჩუქრებსაც არიგებს, მათთან ფოტოებსაც იღებს და ეფერება-ესიყვარულება კიდეც.

და მაინც, ეს დღეები გამორჩეულად დასამახსოვრებელი და დაუვიწყარი სანტა კლაუსის განუყრელ დამხმარეებისთვის - მისი ქართველი ელფებისთვის დარჩა. გამგზავრების შემდეგ ქართველი ელფები - ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური სტუდია "მაჩაბელას" პატარა მსახიობები ხშირად წერენ მას წერილებს, უყვებიან თავის წარმატებებსა და სიცელქეზე, ესიყვარულებიან და სანტა კლაუსსაც მათთან და სტუდიის ხელმძღვანელსა და რეჟისორთან - მამუკა ლომაშვილთან ურთიერთობა დღემდე არ გაუწყვეტია. აკი, წასვლისას განაცხადა კიდეც, დიდი მადლობა მამუკას, ასეთი შესანიშნავი ბავშვები რომ გაუზრდია თავის სტუდიაში, ასევე, მადლობა ელფების მშობლებს, ასეთი მამაცი და ყოჩაღი დამხმარეები რომ მედგნენ გვერდით, ამიტომ მომავალ წელს რომ ჩამოვალ საქართველოში, სწორედ ეს ბავშვები უნდა დამახვედროთო...

მახსოვს, კეთილმა მოხუცმა წასვლისას ითხოვა, ჩემი ყველა ელფის ბინის მისამართი, სახელი, გვარი და ფოტოსურათი გამომიგზავნეთ, ამ ბავშვებმა დაიმსახურეს და ჩემი პასპორტები უნდა გადავცეო.

და ეს ბედნიერი დღეც დადგა!

პირველი გზავნილი - პასპორტები სანტა კლაუსის წერილებით ყველაზე პატარა და უსაყვარლესმა ელფმა - სალომე ჩქარეულმა და მისმა და-ძმამ - შაკომ და ანიმ მიიღეს, შესაბამისად, მოულოდნელი სიხარულის განცდამაც პიკს სწორედ მათ ოჯახში მიაღწია.

დანარჩენი 6 ელფი უკვე მოუთმენლად ელის თავის პასპორტს და ამ დღეებში ისინიც გაიხარებენ - ცხრა ქართველი ბავშვი ლაპლანდიელი სანტას ოფიციალური ელფის სტატუსით 3 წლის განმავლობაში ისარგებლებს. ასეთი წესი ჰქონია სანტას!

ანი ჩქარეული:

- რაც სანტამ ჩვენი მისამართები და ფოტოსურათები მოითხოვა, მას შემდეგ სულ მოლოდინში ვიყავი, როდის ჩამოგვივიდოდა დაპირებული პასპორტები, როგორი იქნებოდა. დღეს ფოსტალიონმა სანტას გზავნილი რომ მოგვიტანა, სიხარულით აღარ ვიცოდი, რა მექნა. ერთი კვირაა, სამივე და-ძმა ავად ვართ, გრიპი გვაქვს, მაგრამ ვის გაახსენდა გრიპი?! შეფუთული რაღაც რომ დავინახე, ერთი სული მქონდა, როდის გავბდღვნიდი და ვნახავდი, შიგნით რა იდო. რომ გავხსენი, ყველა ის ბედნიერი დღე გამახსენდა, რაც ჩვენ და სანტამ ერთად გავატარეთ. სულ ამომიტივტივდა ძველი მოგონებები. პასპორტთან ერთად სამივეს გზავნილში იდო სანტას სავიზიტო ბარათი ზედ მიკრული ლითონის სამკერდე ნიშნით, "ბეიჯს" რომ ვეძახით.

სალომე ჩქარეული:

- მჯეროდა, ჩემი სანტა კლაუსი პირობა რომ შეგვისრულებდა. დილით ზარი რომ დარეკეს, კარი დედიკომ გააღო და რომ დაიძახა, ჩქარა, ბავშვებო, სანტას წერილები მოვიდაო, სიხარულისგან სამივე ერთმანეთს ვასწრებდით. ანის და შაკოს მაინც ვაჯობე და წინ გავძვერი. ისე, გამიხარდა, ისე, რომ სიხარულისგან დავხტოდი. ჩემი წერილი შაკოს და ანის წერილებისგან განსხვავდებოდა - ჩემთან უფრო მეტი რამ ეწერა, ვიდრე მათთან. როგორ მოგზაურობისას ხდებოდა, სანტა აქაც განსაკუთრებულად მიხსნის სიყვარულს. მე ხომ ინგლისური არ ვიცი, ამიტომ შაკომ წამიკითხა და მითარგმნა:

"ჩემო უძვირფასესო სალომევ,

ვერასდროს დავივიწყებ შენს შესანიშნავ სამშობლოში - საქართველოში მოგზაურობისას ჩვენს ერთად გატარებულ დროს. მე არ გამომპარვია სხვადასხვა სიტუაციაში შენი რეაქციები და გრძნობები, რაც კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს შენ ღირსებებს.

და ერთსაც გეტყვი: მე ყოველთვის მემახსოვრება შენი მომაჯადოებელი ღიმილი!

მარად შენი მეგობარი – სანტა კლაუსი".

სანტა კლაუსს, თურმე, აქვს უნივერსალური, ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლება, გადასცეს ელფის პასპორტი პიროვნებას, რომელიც საშობაო დღესასწაულის განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად ეხმარებოდა სანტა კლაუსს და, საშობაო საჩუქრების შეფუთვით დაწყებული, მონაწილეობდა მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ღონისძიებაში.

ელფის პასპორტი მოქმედებს გაცემის მომენტიდან 3 წლის განმავლობაში, რის შემდეგაც პასპორტის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს კიდეც, სანტა კლაუსის გადაწყვეტილებითა და ხელმოწერით. ასევე, ელფებს სანტას ლოგოებისა და სამკერდე ნიშნების გამოყენება მთელ მსოფლიოში შეუძლიათ.

დღემდე სანტა კლაუსს ამგვარ პასპორტს 15 ფინელი და 7 იაპონელი ელფი ატარებდა. დღეიდან კი ლაპლანდიელი სანტა კლაუსის ელფების არცთუ მრავალრიცხოვან სამყაროს საქართველოც ოფიციალურად შეუერთდა და სანტას პასპორტის მფლობელი უკვე 9 ქართველი ელფი გახდა!