"ცხვირის ოპერაციის გაკეთება დიდხანს მინდოდა, კარგ ექიმს ვეძებდი და საბედნიეროდ, ვიპოვე. მკერდის გაკეთებაც გადავწყვიტე" - კვირის პალიტრა

"ცხვირის ოპერაციის გაკეთება დიდხანს მინდოდა, კარგ ექიმს ვეძებდი და საბედნიეროდ, ვიპოვე. მკერდის გაკეთებაც გადავწყვიტე"

"ადრე ქერა ვიყავი, ახლა კი მუქი თმა მაქვს. იმდენად დიდი დისკომფორტი მქონდა ჩემი ცხვირის გამო, ოპერაცია გავიკეთე. სხვათა შორის, მკერდის გაკეთებაც გადავწყვიტე"

ის ყოველთვის ახერხებს ფორმაში იყოს და მიუხედავად წარმატებული კარიერისა, ყურადღება ოჯახსაც არ მოაკლოს... "სახლიდან მოუწესრიგებელი არასდროს გამოვდივარ", - ამბობს ჟურნალისტი სალომე გოგიაშვილი, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია.

- ხშირად მეკითხებიან, როგორ ახერხებ შვილების მოვლას, ოჯახის, სამსახურის ერთმანეთთან შეთავსებას და ფორმაში ყოფნასო. საამისო რეცეპტი არ არსებობს. ეს თვისება ადამიანს შინაგანად უნდა ჰქონდეს: ან გინდა, რომ კარგად გამოიყურებოდე, ან ეს საერთოდ არ გაღელვებს. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ყურადღებას არ აქცევენ, დილით სახლიდან როგორ გამოვლენ? - მათთვის მთავარია, კომფორტულად იყვნენ, სხვა ყველაფერი კი მეორეხარისხოვანია. მე თავს კომფორტულად მხოლოდ მაშინ ვგრძნობ, როცა მოწესრიგებული ვარ.

- ზოგჯერ მაინც საჭიროა მოდუნება, სახლში ხალათით სიარული... ყველაფრისგან დასვენება... - ასეთი პერიოდებიც მაქვს: თუ მთელი დღით შინ ვრჩები, მეც მომწონს "სახლურად" ყოფნა. შეიძლება უახლოეს მაღაზიაში ჩავიდე, მაგრამ მოუწესრიგებელი იქაც არ მივდივარ. არ ვაძლევ საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას. სხვათა შორის, მუდმივად ვაკონტროლებ ჩემს წონას, რადგან თითოეული ლუკმა მერგება.

- როგორ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

- ამ ბოლო ხანებში ძალიან შემიყვარდა სპორტული სტილი, მაგრამ თუ გადაღებაზე ან სტუმრად მივდივარ, მაშინ უფრო კლასიკურ სამოსს ვამჯობინებ.

- ბევრი ქალი ვერ ახერხებს ოჯახის საქმეებისა და სამსახურის ერთმანეთთან შეთავსებას და გადაწყვეტილებას ერთ-ერთის სასარგებლოდ იღებს. თქვენ როგორ ასწრებთ ყველაფერს ერთდროულად? - ჩემი საქმე მთელი გულით მიყვარს, მაგრამ ჩემი მეუღლე და შვილები ყველაფერს მირჩევნია. ვიღაცას ურჩევნია პროფესიაში იყოს წარმატებული. ყველა ხომ ვერ შეძლებს ოჯახისა და კარიერის შეთავსებას? ეს ქალისგან დიდ ძალისხმევას და ენერგიას მოითხოვს.

- როგორი დიასახლისია სალომე გოგიაშვილი? - ძალიან ყურადღებიანი: საღამოობით ჩემს მეუღლეს ყოველთვის ვახვედრებ ლამაზად გაწყობილ სუფრას. სადილის მომზადებაც მიწევს და დალაგებაც. არც ერთ მამაკაცს არ მოსწონს, როცა მისი ცოლი სხვა საქმეებით არის გადატვირთული და ქმარს უყურადღებოდ ტოვებს.

ვცდილობ დრო ისე გავანაწილო, რომ ოჯახს მზრუნველობა და ყურადღება არ მოაკლდეს. რაც უნდა კარგი დამხმარე მყავდეს, ჩემს სახლში სალომე მაინც ყველას სჭირდება, მით უმეტეს, ჩემს ოთხ შვილს. შემიძლია თამამად ვთქვა: თუკი რაიმე გამომივიდა ცხოვრებაში, ეს არის დედობა. ჩემი მეუღლეც ამბობს, არანორმალური დედა ხარო. ალბათ, ამ ყველაფერში ისიც მეხმარება, რომ ნამდვილი "ღამურა" ვარ: შემიძლია 2-3 ღამე ისე გადავაბა და გავათენო, რომ არც დამეტყოს.

- როგორ ფიქრობთ, რამდენჯერ შეიძლება ქალს შეუყვარდეს? - ეს წინასწარ არავინ იცის. შეიძლება დღეს თქვა, რომ არასდროს აღარავინ შეგიყვარდება, მაგრამ ეს გრძნობა ზუსტად მეორე დღეს "დაგეტაკოს".

- როგორ იქცევით იმედგაცრუების შემთხვევაში?

- ასეთ დროს ყველაზე კარგი გამოსავალია საკუთარ თავს შეებრძოლო. მე ეს კარგად გამომდის, მაგრამ სხვებისთვის რამდენად კარგი "რეცეპტი" იქნება, არ ვიცი. რთული პერიოდი ყველას ჰქონია და პერიოდულად მეც მაქვს ხოლმე. თუ მოინდომებ, რომ დარდს მოერიო, შეძლებ კიდეც , მაგრამ თუ მოდუნებული და საცოდავი ხარ, მაშინ არანაირ რჩევას და "რეცეპტს" აზრი არა აქვს.

- სალომე, არასოდეს მალავთ, რომ პლასტიკური ოპერაციები გაქვთ გაკეთებული. - არ ვმალავ, რომ გარეგნობის შეცვლა მომწონს. მაგალითად, ადრე ქერა ვიყავი, ახლა კი მუქი თმა მაქვს. შავგვრემანი სალომე ძალიან მომწონს. ცხვირის ოპერაციის გაკეთება დიდხანს მინდოდა, მაგრამ კარგ ექიმს ვეძებდი და საბედნიეროდ, ვიპოვე. იმდენად დიდი დისკომფორტი მქონდა ჩემი ცხვირის გამო, ოპერაცია გავიკეთე და ახლა ძალიან კმაყოფილი ვარ. სხვათა შორის, მკერდის გაკეთებაც გადავწყვიტე.

ნებისმიერი ოპერაცია სარისკოა, მაგრამ თუ ქალი პროფესიონალთან მოხვდება, საშიში არაფერია. არ მიყვარს ხალხი, რომელიც ყველაფერზე დიდხანს ფიქრობს. თუ რაიმეს გაკეთება გულით მსურს, ვაკეთებ.

- დაბოლოს, ვინ არის თქვენი იდეალი ქართველ ქალებს ან მამაკაცებს შორის? - მამაჩემი, დათო გოგიაშვილი, უკვე 20 წელია ცოცხალი აღარ არის, მაგრამ ცრემლის გარეშე ახლაც ვერავინ იხსენებს. დღემდე დადიან მისი მეგობრები ჩვენთან. ქალის იდეალიც დედაჩემია, რომელმაც იმდენად კარგი დედობა გამიწია, სულ ვნატრობ მას ვგავდე. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში ეს ორი საოცარი ადამიანი არსებობდა და დღემდე არსებობს.

ხათუნა ჩიგოგიძე