"ეს ის დღე იყო, როცა ერთმანეთს სიყვარულში გამოვუტყდით" - კვირის პალიტრა

"ეს ის დღე იყო, როცა ერთმანეთს სიყვარულში გამოვუტყდით"

ამჯერად გამოვცადეთ მოცეკვავე ცოლ-ქმარი - მზია ორველაშვილი და ტატო ხანთაძე, რომლებსაც უკვე ოთხწლიანი თანაცხოვრება აკავშირებთ. წყვილს ცალ-ცალკე ვესაუბრეთ და ერთი და იგივე შეკითხვები დავუსვით...

- მისი არსებობის შესახებ როგორ შეიტყვე? მან როდის შეიტყო შენ შესახებ?

ტატო:

- ვიდრე პირადად გავიცნობდი, რა თქმა უნდა, სატელევიზიო შოუდან - "ცეკვავენ ვარსკვლავები" ვიცოდი, მზიკო ვინ იყო და რას წარმოადგენდა. მან ჩემი არსებობის შესახებ სეუ-ში გაიგო: იქ, დარბაზში რეპეტიციას გადიოდა, მე კი ანსამბლში ვცეკვავდი. ერთმანეთს სეუ-ში გადავეყარეთ.

მზიკო: - ტატო სეუ-ში შემთხვევით გავიცანი: ანსამბლის სოლისტი იყო და გველოდებოდა, ჩვენს რეპეტიციას როდის დავასრულებდით, რომ დარბაზში შესულიყო. ვიტრინის მიღმა რომ დავინახე, ვიფიქრე, - ეს ბიჭი ვის ელოდება-მეთქი? როცა ვკითხე და გავარკვიე, რომ ჩვენ გველოდებოდა, ვუთხარი, - არ გვიშლი, შემოდი და შენც "ირეპეტიციე"-მეთქი... ტატო ასე გავიცანი. მერე, ისე კარგად იცეკვა, რომ ჩვენთან ერთად ცეკვა შევთავაზე. დაგვთანხმდა. ასე დავმეგობრდით... როგორც მითხრა, თავად, "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" გამიცნო.

- პირველ პაემანზე როგორ გამოიყურებოდა? შენ როგორ გამოიყურებოდი? ტატო:

- მახსოვს, ზღვის პირას ვიყავით. ჩემთვის სასიამოვნოა, რომ ლუდი მასაც მაგრად უყვარს. ლუდს ვსვამდით, ვსაუბრობდით... თუ არ ვცდები, მუქი ლურჯი შორტი და მოკლემკლავიანი მაისური ეცვა, მე - ჯინსის შარვალი და შავი მაისური.

მზია: - ჩვენი პირველი პაემანი ბათუმში იყო: ზღვის პირას ვისხედით, ვსაუბრობდით. ლუდი ორივეს გვიყვარს და ვსვამდით. ძალიან უბრალოდ, "ზღვის სტილზე" გვეცვა: მას - ჯინსის მოლურჯო შარვალი და შავი მაისური, თავზე შავი, მოდური კეპი ეხურა, მე კი - ლურჯი შორტი და იმავე ფერის მაისური მეცვა. საუბარში დაგვათენდა. ეს ის დღე იყო, როცა ერთმანეთს სიყვარულში გამოვუტყდით.

- შენს გარეგნობაში ყველაზე მეტად რა მოსწონს? შენ რა მოგწონს მის გარეგნობაში? ტატო:

- მზიკოსი ყველაფერი მომწონს. სიმართლე გითხრათ, პირველად მისმა თვალებმა მიმიზიდა: საოცარი ფერის თვალები აქვს, "ქამელეონს" რომ ეძახიან - მომწვანო, მოლურჯო... დავინტერესდი და ვკითხე კიდეც: ნუთუ, თვალის ფერი მართლა გეცვლება თუ მე მატყუებს თვალი-მეთქი?.. ასევე, მისმა ღიმილმა მომხიბლა. მას ჩემი გარეგნობიდან რა მოსწონს? ალბათ, გამოხედვა. იქნებ, აღნაგობა? მოდი, ღიმილს დავასახელებ.

მზია: - პირველ რიგში, მისი გამოხედვა შევნიშნე და ეს მომეწონა, შემდეგ - ყველაფერი... ტატო სულ მეუბნებოდა, - ლამაზი არა, მაგრამ ძალიან ეშხიანი ხარო. როცა ვეკითხები, ჩემში რა მოგწონს-მეთქი? ყოველთვის მპასუხობს - ყველაფერიო.

- რა არის მისი მავნე ჩვევა? შენი? ტატო:

- ძალიან ხშირად ნერვებს მიშლის: მაგალითად, რომ ეტყვი, - მოდი, ასე გავაკეთოთ-თქო, მას პირიქით სურს... ამის გამო, ერთმანეთს ავყვებით ხოლმე, მაგრამ ბოლოს მაინც თავისი უნდა გაიტანოს. სიჯიუტე ახასიათებს... ჩემი მავნე ჩვევა გულმავიწყობაა, მაგალითად - მნიშვნელოვანი თარიღები მავიწყდება. ამის გამო იბუტება ხოლმე.

მზია: - მისი მავნე ჩვევა ის არის, რომ ჩემი წვალება უყვარს: ზოგჯერ ისეთ რამეს მეტყვის, რომ "წაიგველებს", მე კი ვბრაზდები. ჰოროსკოპით მორიელი ვარ. მეც მიყვარს, როცა ადამიანს ვაწვალებ: ზოგჯერ მეც რამე "ისეთს" ვეტყვი, უფრო მეტად კი - ვჩქმეტ, ვუღუტუნებ... ამის გამო ბრაზდება: - კარგი, გოგო, უკვე აღარ შემიძლია, სული ამომხდა, თავი დამანებეო, - სულ ამას მეუბნება (იცინის). იხილეთ სრულად