"ამ კარანტინის ჟამს გასართობად 90-იანი წლების თამაშებს ვიხსენებთ ხოლმე" - როგორია "კორონაგართობა" და "კორონაკულინარია" საქართველოში? - კვირის პალიტრა

"ამ კარანტინის ჟამს გასართობად 90-იანი წლების თამაშებს ვიხსენებთ ხოლმე" - როგორია "კორონაგართობა" და "კორონაკულინარია" საქართველოში?

წელს მსოფლიო რადიკალურად შეიცვალა, ახალი კორონავირუსის გავრცელებამ დააინფიცირა მილიონზე მეტი ადამიანი, ჩაკეტა საზღვრები და ეკონომიკის წამყვან ქვეყნებს დიდი ფიანანსური ზარალი მიაყენა. ვირუსმა შეაჩერა ყველა დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიება და ზუსტად არავინ იცის როდის დასრულდება ეს ვითარება. ქართული და უცხოური მედიასაშუალებები მუდმივად ვირუსთან დაკავსირებულ სიახლეებს ავრცელებენ. კორონავირუსის გავრცელებამ ცხადია, საქართველოზეც მოახდინა გავლენა. ასეთი ცარიელი და ჩუმი თბილისი დიდი ხანია არავის უნახავს.

30 მარტს კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად საქართველოს მთავრობამ საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა და დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა.

მთავრობის წარმომადგენლები თუ ექიმები, მუდმივად სახლში დარჩენისა და წესების დაცვისკენ მოგვიწოდებენ. ჩვენც გმირულად ვცდილობთ ხშირად დავიბანოთ ხელები, აუცილებელი საჭიროების გარდა, არ გავიდეთ გარეთ და სახლში გამოკეტილებმა რაიმე გასართობი ვიპოვოთ. კარანტინის ჟამს ქართველებმა უკვე კულინარიას, ფილმების ყურებას, წიგნების კითხვასა და სხვა ათასგვარ გასართობს მიჰყვეს ხელი. სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფები და მთელი ერი, ერთად ცდილობს ამ მძიმე დღეების გახალისებას.

კარანტინის ჟამს გადამხდარ საინტერესო და სახალისო ამბებს რა გამოლევს, ჩვენც რამდენიმე შევკრიბეთ, ნახეთ როგორ ერთობიან ქართველები კარანტინში.

სახლში ყოფნამ მივიწყებული ჰობი გაახსენა 23 წლის მარიამ კალატოზიშვილს, რომელმაც სოციალურ ქსელში წარუმატებელი კულინარული შედეგის სახალისო ფოტო გამოაქვეყნა, ისტორიის სრულად მოსასმენად მარიამს ვესაუბრეთ.

- იყო დრო კულინარია მიყვარდა, მაგრამ წლებია არაფერი გამიკეთებია, როგორც ჩანს, ყველაფერმა დავიწყება იცის. კარანტინის დაწყების შემდეგ, როდესაც ყველა გასართობი ამოვწურე, გადავწყვიტე ძველი ხელობა გამეხსენებინა და რაიმე გამომეცხო. ყველაზე მარტივი ნამცხვარი "ყარაყუმის ტორტი" ავირჩიე. მოვიძიე რეცეპტი და შევუდექი მზადებას. თითქმის ბოლოში რომ გავედი, მივხვდი ჩემი ცომი აშკარად არ გავდა კექსის ფუმფულა ცომს, მოგვიანებით გამახსენდა, რომ თურმე ნამცხვრისთვის გამაფხვიერებლის და მაწვნის დამატება დამვიწყებია, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი წინ მელოდა. როდესაც ბისკვიტი ბოლომდე გამოცხვა და ღუმელიდან გამოვიღე, გავოგნდი, ნამცხვარი შავი იყო. ცოტახანი ვფიქრობდი, რა სჭირდა, დამწვრის სუნი არ ჰქონდა, არადა, ტაფის შავი ფერისგან ვერ გაარჩევდი. საბოლოოდ გაირკვა, რომ აღნიშნულ ნამცხვარში 3 კოვზი კაკაო იყო საჭირო, მე კი 3 კოლოფი ჩავყარე. გული არ გავიტეხე, ნამცვხვარი კრემით გავაფორმე, შოკოლადი მოვაყარე და ოჯახს ჩვეულებრივი დესერტის სახით მივართვი. უნდა გითხრათ, რომ კარანტინში გემრიელადაც კი მიირთვეს...

კულინარობა პირველ ცდაზე არც ნინო ლეკიშვილისთვის აღმოჩნდა წარმატებული, თუმცა პირველად შეცდომები ყველას ეპატიება. 24 წლის ნინო ამჟამად ბიზნეს ადმინისტირებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მაგისტრია, კარანტინმა კი კულინარიასთან ისიც დააახლოვა, ამ სახალისო ისტორიის მოსასმენად ნინოს ვესაუბრეთ.

- რადგან კარანტინის ჟამი გვიდგას მაქსიმალურად ვცდილობ სახლიდან არ გავიდე და პატიოსნად შევასრულო ჩემი მოქალაქეობრივი ვალი. დამეთანხმებით, რომ სახლში ჯდომამ უკონტროლო ჭამა-სმა იცის და მე განსაკუთრებულად ტკბილეულს ვმუსრავ ხოლმე. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე სახლში გამომეცხო ბრაუნი. საგულდაგულოდ მოვძებნე რეცეპტები, დიდი მსჯელობის შემდეგ, ჩემთვის საუკეთესოზე შევჩერდი და მომზადებას შევუდექი. არ ვიცი რატომ, მაგრამ რეცეპტში მოცემული ინგრედიენტები გრამების მაგივრად თვალის ზომით ავიღე, გავამზადე ჩემი ნამცხვარი გამოსაცხობად და მთელი ოცი წუთი მოუთმენლად ველოდე. როგორც აღმოჩნდა, ფქვილი ძალიან ცოტა მომივიდა, აი ასე უბრალოდ არ გამოცხვა და ხელში გაურკვეველი მასა შემრჩა. ისტერიულად ვიცინე, რასაც ჩემს შვილზე ვერ ვიტყოდი. ერთი საათი ტიროდა, რადგან არ მივეცი უფლება ჩემი ნამცხვრის "პროვოკაცია" დაეგემოვნებინა. ზოგადად კარგი კულინარი ვარ, თუმცა როდესაც რაიმე ახალს ვაკეთებ, პირველად არასოდეს გამომდის.

როგორ მოვიქცეთ თუ ქვეყანაში კარანტინია, დაბადების დღე კი კარს მოგვდგომია? საქართველოს ფოსტის თანამშროელმა ნინო ციმაკურიძემ გამოსავალი იპოვა და თავის თანაშრომელსა და მეგობარს, 27 წლის თამთა ღლიღვაშვილს ეს დღე გამორჩეულად გაულამაზა. თამთა საკარანტინო დაბადების დღეზე გვესაუბრა.

- ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, იმ დღეს არაფერი დამიგეგმავს, საკონდიტროებიც არ იყო ღია და ჩემით გამოვაცხვე ნამცხვარი. სამსახურში წასვლამდე, ნინომ მანქანით გამომიარა და სპეციალურად დაბადების დღისთვის მორთული მანქანა დამახვედრა, უკან სავარძელზე ადგილი მომიწყო, სადაც უნდა დავმჯდარიყავი. ამ პატარა ამბავმა დილიდან მთელი დღე გამიფერადა და ყველაფერმა პოზიტიურად ჩაიარა. ძალიან სასაცილო იყო, დაბადებისდღის მანქანაში აღნიშვნა, თან წესებს ვიცავდით, დისტანცია რომ არ დაგვერღვია მე უკან ვიჯექი. იმ დღეს საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემაც დამირეკა და მოლოცვასთან ერთად მადლობა გადამიხადა, ასეთ რთულ დღეებში მათ გვერდით რომ ვარ.

24 წლის ჟურნალისტი და მხატვარი თეო შეიზაშვილი სხვებივით, სოციალურ ქსელში აღმოვაჩინეთ, მისი საკარანტინო გართობა კორონავირუსის სტრესთან გასამკლავებლად არც მეტი, არც ნაკლები მსახიობობა აღმოჩნდა. თეომ და მისმა ძმამ, წლების წინ ცნობილ სერიალი "ფარული ვნება" გააცოცხლეს და სოციალურ ქსელში დიდი მოწონებაც დაიმსახურეს, თეო ვიდეოს შესახებ გვესაუბრა:

- ვიდეოს გადაღება დაგეგმილი არ ყოფილა, ეზოში ვისხედით მე, ჩემი და, ჩემი ძმა და სპონტანურად გადავწყვიტეთ რაღაც მხიარული გადაგვეღო.

ერთი წუთი დაგვჭირდა ვიდეოს გადასაღებად, ერთი კადრით და ჩანაწერით დებიუტი შედგა.

ზოგადად ძალიან კარგად ვატარებთ დროს კარანტინში, ოჯახის წევრები ვცდილობთ არ მოვიწყინოთ და გავიხალისოთ დღეები. სახლში საკმაოდ ბევრნი ვართ და ამ კარანტინის ჟამს გასართობად 90-იანი წლების თამაშებს ვიხსენებთ ხოლმე.

(სპეციალურად საიტისთვის)