"ღმერ­თი, ხატი, რას ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ასე­თი ამ­ბა­ვი ატყდე­ბო­და.. რა და­ვა­შა­ვეთ?!" - რას ამბობს სოფო ბედია კორონავირუსზე შექმნილ სიმღერასა და კლიპზე? - კვირის პალიტრა

"ღმერ­თი, ხატი, რას ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ასე­თი ამ­ბა­ვი ატყდე­ბო­და.. რა და­ვა­შა­ვეთ?!" - რას ამბობს სოფო ბედია კორონავირუსზე შექმნილ სიმღერასა და კლიპზე?

"თურმე ხალხმა ვერ მიცნო... მათრიეს არაფრის გამო"

"ისტორიული კლიპის პრემიერა" - ასე დააანონსა გია ჯაჯანიძემ საკუთარ შოუში ქართული ესტრადის ცნობილი და კარგად დავიწყებული სახეების მონაწილეობით გადაღებული კლიპის StopCOVID 19-ის პრემიერა, რომელიც ეკრანზე გასვლისთანავე სოციალურ ქსელში განხილვის თემად იქცა.

"გათენდება, ოცნების მზე ანათებს, დაღამდება, იმედით დავუცდით დღეს" - ასე იწყება სიმღერა, რომელიც საზოგადოების ნაწილმა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კლიპადაც კი "მონათლა".

იდეის ავტორი მომღერალი სოფო ბედია გახლავთ, კომპოზიტორი - კაკი ბოლქვაძე, ტექსტის ავტორი პოეტი ნანა ცინცაძეა, კლიპის რეჟისორი კი ბესო კვარაცხელია.

მომღერალი სოფო ბედია გაოგნებულია საზოგადოების დამოკიდებულით და ძალიან ნაწყენია მათზე, ვინც კლიპში მონაწილე მომღერლების მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები არ დაიშურა.

AMBEBI.GE-სთან საუბარში სოფო იმასაც აღნიშნავს, რომ უკვირს, რატომ მიიჩნიეს "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კლიპად კორონავირუსთან ბრძოლის თემაზე შექმნილი სიმღერა.

სოფო ბედია:

- ჩვენი მხრიდან გვინდოდა რომ ეს კეთილი მესიჯი ყოფილიყო, ვერ ვხვდები, ასეთი დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან რატომ დავიმსახურეთ. მარტის შუა რიცხვები იყო, ჩემ მეგობარ კაკი ბოლქვაძესთან ვიყავი სტუმრად. მოგეხსენებათ ქვეყანაში რა მდგომარეობაა და უცებ ისეთმა გრძნობამ ამიტანა, რომ ვიფიქრე, ხალხის გასამხნევებლად რამე გაგვეკეთებინა.

კაკის ვუთხარი, მიდი, დაწერე სიმღერა-თქო და მაშინვე მიუჯდა ინსტრუმენტს, ნანა ცინცაძეს დავურეკე და ვთხოვე ტექსტი დაეწერა, ბესო კვარაცხელიას კი კლიპის გადაღება. ღმერთი, ხატი, რას ვიფიქრებდი, რომ ასეთი ამბავი ატყდებოდა?!

- საზოგადოების ნაწილმა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კლიპადაც კი აღიქვა...

- რა სისულელეა! პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს! ალბათ იმიტომ აღიქვეს, რომ კლიპში მონაწილე მომღერლების ნაწილი, "ოცნების" კონცერტებზეც მღეროდა. როდესაც სიმღერა დაიწერა, ძალიან დიდი სია ჩამოვწერე, გავაკეთე ჯგუფი სოციალურ ქსელში და ყველას შეტყობინება დავუგზავნე, რომ მიეღოთ მონაწილეობა.

ყველა მომღერალი მოვნიშნე, წარმატებული, შემდგარი, საზოგადოებისთვის ცნობილი, "ნაციონალების" მხარდამჭერი თუ "ოცნების". დავურეკე ყველას და ვუთხარი, ვისაც გაქვთ სურვილი, მობრძანდით სტუდიაში-მეთქი. სათითაოდ ჩავწერეთ ეს ხალხი, ყველა რეგულაცია დავიცავით, რომ ხალხმრავლობა არ ყოფილიყო.

მომღერლების ნაწილი არ იყო ქალაქში, ზოგმა თქვა, რომ ქრონიკული დაავადება აწუხებს, ზოგსაც დიაბეტი და ვერ გამოვიდოდა სახლიდან, არც გავამტყუნებ მათ. ხომ გეუბნებით, ეს კლიპი ყველანაირად მოკლებულია პოლიტიკას.

- სოციალურ ქსელში ხუმრობდნენ კლიპში თქვენი მეუღლის გამოჩენაზეც.

- ჩემი მეუღლე ჩემი განუყოფელი ნაწილია და გინდა ივარჯიშოს და გინდა არა, სულ არ მწყინს ხოლმე ამ თემაზე ხუმრობები. დიახ, რატომ არ უნდა ყოფილიყო კლიპში?!

ტექსტს მოუსმინეთ და მუსიკას ხალხნო, იმდენად მოკლე დროში გაკეთდა ყველაფერი, რომ რომელ ხარისხზეა ლაპარაკი. 26 მარტს მივიტანეთ გიასთან გადაცემაში. ცოტა მეწყინა, არ მინდოდა რომ 9 აპრილის თემაზე გასულ გადაცემაში მოხვედრილიყო, რადგან მაინც ასოციაცია "ტიტებთან" იქნებოდა, მაგრამ როგორც ჯაჯანიძემ მითხრა, სხვანაირად ვერ მოხერხდა.

ყველა ისტორიულ მოვლენას თავისი გამოხმაურება აქვს. რა დავაშავეთ, კიდევ ერთხელ ვკითხულობ? - გული გვტკივა მე და კაკის ამ კომენტარებს რომ ვკითხულობთ. კაკი ძალიან დიდი ხანია რაც მღერის. გასაგებია, რომ საზოგადოების ნაწილმა ვერ იცნო და ამის გამო უნდა გათელონ?

ხანდახან ნამდვილად აღარ მინდა ამ ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ იმდენად მიყვარს ჩემი სამშობლო, რომ ვერ ვტოვებ. რამ გააბოროტა ეს ხალხი ვერ ვიგებ... იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: "საქართველოში ქმრიანი ქალები უფრო აქტიურობენ... გავჩუმდები, თორემ დაინგრევა ოჯახები..."

იხილეთ კლიპი