"ვოცნებობდი ისეთ სიტუაციაზე, რომელსაც აქამდე ყურადღებას არც კი ვაქცევდი" - რას ყვებიან რეანიმაციიდან გაწერილი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები
"ვოცნებობდი ისეთ სიტუაციაზე, რომელსაც აქამდე ყურადღებას არც კი ვაქცევდი" - რას ყვებიან რეანიმაციიდან გაწერილი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები
Covid 19-ის პანდემიის გამო, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში საავადმყოფოები გადატვირთულია. რეანიმაციულ განყოფილებაში უამრავ ინფიცირებულ ადამიანს მკურნალობენ. ექიმები სასუნთქი აპარატებითა და სხვადასხვა წამლით ცდილობენ ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენას.
მსოფლიოში ჯერ კიდევ არ არის შექმნილი ვაქცინა, რომელიც Covid 19-ს გაუმკლავდება, ამიტომ ექიმები ცდილობენ ინფიცირებულთა ორგანიზმს ჟანგბადი მიაწოდონ, რათა იმუნურმა სისტემამ შეძლოს ვირუსთან გამკლავება.

მედიკოსთა მტკიცებით, გზა, რომლის გავლაც რეანიმაციიდან გაწერილ და განკურნებულ პაციენტს უწევს, ძალიან რთულია, ეს რეაბილიტაცია შესაძლოა წლებიც კი გაგრძელდეს, რაც ადამიანის
ფსიქიკას დიდ სტრესს აყენებს.

სუნთქვის თავიდან სწავლა

რეანიმაციაში ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, განკურნებულ პაციენტებს ხშირად ფიზიოთერაპიის კურსის გავლა სჭირდებათ. ისინი თავიდან სწავლობენ სიარულს, ხშირად სუნთქვასაც კი.

ექიმების მტკიცებით, რეანიმაციიდან გამოწერილ პაციენტს შესაძლოა ფსიქოზიც კი დაემართოს. მათ პოსტტრამვული სტრესული აშლილობა აწუხებთ.

რაც უფრო დიდხანს რჩება პაციენტი რეანიმაციაში,
მით უფრო დიდი დრო სჭირდება მას რეაბილიტაციისთვის.

"როცა ადამიანი რეანიმაციაში ხვდება - ეს მოვლენა მთლიანად ცვლის მის ცხოვრებას, რეაბილიტაცია კი ძალიან რთულია“, - ამბობს უელსის Royal Gwent Hospital-ის ექიმი დევიდ ჰეპბერნი.

"როცა ჩვენი პაციენტები ახალი კორონავირუსისგან ინკურნებიან, ხშირად მათ აღარ აქვთ ძალა დამოუკიდებლად გადაადგილდნენ და ამაში ექიმები ეხმარებიან. პაციენტებს ხან ისიც კი არ შეუძლიათ საწოლიდან ხელი ზემოთ ასწიონ. თუ მათ ავადმყოფობის პერიოდში ხელოვნურად ვკვებავთ, შემდეგ პრობლემები ექმნებათ საყლაპავ მილთან და ღვიძლთან დაკავშირებით.

ზოგიერთ პაციენტს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა აწუხებს. ეს კი შეცვლილი გარეგნობით, შენელებული გონებრივი ქმედებითა და შენელებული მოძრაობებითაა გამოწვეული. დროთა განმავლობაში ისინი უკეთესად ხდებიან, თუმცა რეაბილიტაციას დიდი პერიოდი სჭირდება“, - ამბობს უელსში მოღვაწე ექიმი.

პოსტრეანიმაციული ფსიქოზი

როგორც ცნობილია, ფსიქოზი ან დელირია რეანიმაციის დატოვების შემდეგ ჩვეულებრივი მოვლენაა. ექიმების თქმით, ეს სიმპტომები ინტენსიური განყოფილების ყველა მესამე ან მეოთხე პაციენტს აწუხებს.

ბი-ბი-სი-ს ჟურნალისტმა დევიდ აარონოვიჩმა კი გაიხსენა შემთხვევა, როცა 2011 წელს ის იძულებული გახდა ფილტვების ანთების გამო რეანიმაციულ განყოფილებაში ემკურნალა.

"მარტივად რომ ვთქვა, ყოველ დღე უფრო და უფრო ვგიჟდებოდი. ჰალუცინაციები დამეწყო და თანდათან ვფიქრობდი, რომ სამედიცინო პერსონალმა ზომბად მაქცია, შემდეგ კი ჩემი შეჭმა უნდოდათ. ასე გავატარე 3-4 დღე საშინელ მდგომარეობაში“, - იხსენებს ჟურნალისტი, რომელმაც შემდეგ აღმოაჩინა, რომ მსგავსი მკურნალობისას, სხვა პაციენტებსაც ჰალუცინაციები აწუხებდათ.

მეცნიერების აზრით, ადამიანის მსგავსი სიტუაცია ტვინში ჟანგბადის ნაკლებობით არის გამოწვეული. ჟურნალისტის მტკიცებით, პოსტრეანიმაციული ფსიქოზი დღესაც უამრავ ადამიანს აწუხებს, მაგრამ ისინი არ ყვებიან საკუთარ ისტორიებს, ეშინიათ, რომ საზოგადოება მათ გიჟებად შერაცხავს.

61 წლის ჰილტონ მიურეი-ფილიპსონი კი რეანიმაციის დატოვების შემდეგ ცხოვრებას თავიდან სწავლობს. ის საავადმყოფოში მაშინ მოხვდა, როცა კორონავირუსით დაინფიცირდა და ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმწვავდა. მას საკვებს ხელოვნურად აწვდიდნენ და ამის გამო წონის 15% დაკარგა. რეანიმაციის დატოვების შემდეგ, სიარულსაც თავიდან სწავლობს.


ლესტერის საავადმყოფოდან ის ექიმებმა აპლოდისმენტებით გააცილეს, რადგან მიურეი ძალიან მძიმე ავადმყოფი გახლდათ.

"რეანიმაციაში ყოფნისას ვოცნებობდი ჯემიან ტოსტზე, ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენასა და ყვითელ ნარცისებზე. ვოცნებობდი ისეთ სიტუაციაზე, რომელსაც აქამდე ყურადღებას არც კი ვაქცევდი“, - ამბობს ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ჰილტონ მიურეი. (წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)