"გაჭირვების პერიოდი იყო და თითქმის ყველანი ერთნაირები ვიყავით.კომპლექსი, რომ ვიღაც "ჩემზე მეტი" იყო ან ჩემზე უკეთ ეცვა, არ მქონია" - კვირის პალიტრა

"გაჭირვების პერიოდი იყო და თითქმის ყველანი ერთნაირები ვიყავით.კომპლექსი, რომ ვიღაც "ჩემზე მეტი" იყო ან ჩემზე უკეთ ეცვა, არ მქონია"

მოზარდების ნაწილში გარდატეხის ასაკი რთულად მიმდინარეობს. დაბნეულები არიან და ბევრ რამეზე მტკივნეულად რეაგირებენ. ზოგჯერ ჩაგვრის მსხვერპლნიც ხდებიან... რამდენიმეს მათი თინეიჯერობის პერიოდის პრობლემებისა და ამ პრობლემების დაძლევის მეთოდების შესახებ ვესაუბრეთ.

გვანცა დარასელია, ტელეწამყვანი:

- მშვიდი მოზარდი ვიყავი. ხასიათი განსაკუთრებულად არ შემცვლია, უფრო სწორად - ვცდილობდი, ჩემი პრობლემებით სხვა არ შემეწუხებინა. გარდატეხის ასაკს ალბათ, ყველა მოზარდი რთულად უმკლავდება, მაგრამ ამის გამო ოჯახში არც კონფლიქტი გვქონია, არც - დაძაბულობა. ამ პერიოდმა აბსოლუტურად უმტკივნეულოდ ჩაიარა. სკოლის მოსწავლეობის პერიოდში, თინეიჯერებს გარკვეული კომპლექსები უჩნდებათ და ურთიერთობების აწყობა უჭირთ... ჩემი პრობლემა ალბათ ეს იყო. გარდატეხის ასაკიდან გამოსვლის შემდეგ, ჩემს დღიურს რომ ვკითხულობდი, აღმოჩნდა, რომ მოზარდობისას იმას განვიცდიდი განსაკუთრებულად, რაც სანერვიულო არ იყო, - მეგობრებისგან რაღაცები მწყინდა... მოკლედ, ზედმეტად მგრძნობიარე ვიყავი, რაც პრინციპში, ჩემს განსაკუთრებულ ემოციებში არ გამოხატულა.

- რაიმე კომპლექსი გქონდა?

- გარკვეულ ეტაპზე ეს კომპლექსი ალბათ ყველას აქვს: ვფიქრობდი, რომ ჩემთან მეგობრობა არ უნდოდათ (იღიმის). სიმართლე გითხრათ, მაშინ თავს კარგი გარეგნობის მქონედ არ მივიჩნევდი. მგონი, ეს კომპლექსი ყველას აქვს. სხვანაირი დრო, გაჭირვების პერიოდი იყო და თითქმის ყველანი ერთფეროვნები, ერთნაირები ვიყავით. ამიტომ კომპლექსი, რომ ვიღაც "ჩემზე მეტი" იყო ან ჩემზე უკეთ ეცვა, არ მქონია, რაც ბავშვებს ხშირად ახასიათებთ.

- დღიურის წერა ფსიქოლოგთან სეანსის ტოლფასი იყო? - შეიძლება, ასეც ითქვას. საერთოდ, ადამიანს საკუთარი ემოციების (განსაკუთრებით - უარყოფითის) ფურცელზე გადატანა და ვინმესთვის გაზიარება ეხმარება. მე ვერავის ვუზიარებდი. მაშინ დედასთან ისეთი "გახსნილი" ურთიერთობა არ მქონდა, ჩემი მეგობრების შესახებ მისთვის რომ მომეყოლა, თუ რა მწყინდა... ამიტომ ვცდილობ, ჩემს შვილებთან ახლო ურთიერთობა მქონდეს და მათთვის დამხმარე ვიყო. კი, ჩემთვის დღიური იყო იმის საშუალება, რომ ემოციებისგან დავცლილიყავი და თუნდაც იმიტომ ვწერდი, რომ შემდეგ, როცა ჩემს ნაწერს წავიკითხავდი, გამღიმებოდა, ჩემი ცხოვრება უკეთ გამეხსენებინა...

- დღევანდელ და შენი თაობის მოზარდებს შორის რა მკაფიო განსხვავებას ამჩნევ?

- რა თქმა უნდა, ეს თაობა ბევრად განვითარებულია. მათთვის ცხოვრების ტემპი აჩქარებულია - ინფორმაციას წამებში იღებენ. ურთიერთობებიც შეიცვალა. მგონია, რომ ერთმანეთის ემოციებს ჩვენ უფრო ვითვალისწინებდით, მაგრამ ჩაგვრის, ბულინგის შემთხვევები მაშინაც იყო. დღეს მეტი აგრესია და სისასტიკეა. ვცდილობ, შვილებს ვასწავლო, რომ ყოველთვის დაიცვან ის, ვინც მართალია, ვინც ბულინგის მსხვერპლია, ამაზე ხმამაღლა ილაპარაკონ... შვილს სულ ვეუბნები, თუკი რამეს განიცდის, აუცილებლად მითხრას. მისთვის ისეთი გარემოს შექმნას ვცდილობ, რომ "გახსნილად" ლაპარაკი შეძლოს, რადგან მოზარდებისთვის ყველაზე რთული "ჩატრიალებულ" ემოციებთან გამკლავებაა, რომელიც მერე შეიძლება სხვა რამეში ცუდად გამოიხატოს. თავად თინეიჯერებს ვურჩევ, ერთმანეთის მიმართ უფრო ჰუმანური დამოკიდებულება ჰქონდეთ: სხვას ისე არ მოექცნენ, როგორც არ სურთ, რომ მათ მოექცნენ. იხილეთ ასევე