კიდევ ერთი "კონკიას" თავგადასავალი - ვინ არის პრინცესა სოფია, რომელიც დღეს მოხალისე მედდაა და კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვის? - კვირის პალიტრა

კიდევ ერთი "კონკიას" თავგადასავალი - ვინ არის პრინცესა სოფია, რომელიც დღეს მოხალისე მედდაა და კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვის?

მსოფლიოში გავრცელებულმა ახალმა კორონავირუსმა საზოგადოებაში სხვა ღირებულებები გააჩინა. პანდემიისას ადამიანები ცდილობენ დაემხარონ ერთმანეთს და საზოგადოების ამ სურვილს სხვადასხვა ქვეყნის სამეფო ოჯახის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. შვედეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა პრინცესა სოფიამ რამდენიმე დღის წინ მთელი მსოფლიო აალაპარაკა. მან გადაწყვიტა ახალ კორონავირუსთან ბრძოლისას საზოგადოების გვერდით მდგარიყო. პრინცესა სოფიამ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების 3-დღიანი სწრაფი კურსი სტოკჰოლმის Sophiahemmet University College-ში გაიარა და სტოკჰოლმის ერთ-ერთ საავადმყოფოში მედდად დაიწყო მუშაობა. პრინცესას ევალება საავადმყოფოში დეზინფექციის ჩატარება, დასუფთავება და სამზარეულოში მუშაობა. როგორც ამბობენ, უშუალო კონტაქტი ინფიცირებულებთან მას არ ექნება. პრინცესამ მედდის ფორმაში გადაღებული ფოტო საზოგადოებას "ინსტაგრამზე" გაუზიარა.

საავადმყოფოს წარმომადგენელთა განცხადებით, პრინცესამ თავად გამოთქვა სურვილი მოხალისე ყოფილიყო და ასე დახმარებოდა საზოგადოებას.

ვინ არის პრინცესა სოფია?

პრინცესა სოფია, წარსულში კი სოფია ჰელკვისტი საკმაოდ წარმატებული ფოტომოდელი გახლდათ. ფოტომოდელი მალე რეალითი შოუში მიიწვიეს და ის უფრო დიდმა აუდიტორიამ გაიცნო. შოუს დასრულების შემდეგ სოფია საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა.

ამერიკაში გოგონა იოგას ეუფლებოდა და მალე მისი ცენტრიც გახსნა. 2009 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე სამეფო ოჯახის წევრს, პრინც ფილიპს გაიცნობდა, გადაწყვიტა მოხალისე გამხდარიყო და განაში გაემგზავრა, სადაც საბავშო ბაღების აშენებაში იღებდა მონაწილეობას. 2010 წელს საქველმოქმედო ფონდი დააარსა, რითაც ბავშვებს ეხმარებოდა.

როგორც ცნობილია, პრინცესა სოფიამ შვედეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი 2009 წელს ღამის კლუბში გაიცნო, თუმცა ერთმანეთთან შეხვედრა 1 წლის შემდეგ დაიწყეს. როგორც ამბობენ, პრინცი ფილიპის არჩევანი თავდაპირველად სამეფო ოჯახის წევრებმა არ მოიწონეს. თუმცა, პრინცმა მოდელ გოგონას ხელი მაინც სთხოვა და... "ასე გადაიქცა კიდევ ერთი კონკია პრინცესად"- წერდნენ 2015 წელს ტაბლოიდები სამეფო ოჯახის ქორწილის გაშუქებისას.

დღეს პრინცესა სოფია სამეფო ოჯახის ერთ-ერთი საპატიო წარმომადგენელია. მას ორი ვაჟი ჰყავს. პრინცესა უამრავ საქველმოქმედო ღონისძიებას მართავს და ამჯერად, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო.

იხილეთ ფოტოგალერეა