ვისკის"თავგადასავალი" - კვირის პალიტრა

ვისკის"თავგადასავალი"

მისი წარმოშობის ისტორიის დაწყებას, სულ მცირე, ჩვენი წელთაღრიცხვით V საუკუნეს მიაწერენ.

ამბობენ, რომ “მწვანე კუნძულზე” დისტილაციის მეთოდი თავად წმინდა პატრიკის ხელმძღვანელობით, მისიონერმა ბერებმა ჩამოიტანეს იორდანიიდან, სადაც ეს ყველაფერი ჯვაროსნებისგან უსწავლიათ. თუ გავიხსენებთ იმასაც რომ St.Patrick-ი კონკრეტულად ირლანდიის მფარველია, ეს უფრო სარწმუნო ხდება.

ამ ვერსიას გაცხარებით არ ეთანხმებიან შოტლანდიელები და მუდამ აპროტესტებენ. მაგრამ შოტლანდიელების"გულის გასახეთქად" ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ლეგენდის გარდა, არსებობს ოფიციალური დოკუმენტი იმის შესახებ, რომ პირველი ლიცენზია რომელიც დისტილაციის უფლებას იძლეოდა ღვინის

საამქრო Old Bushmills-ს ეკუთვნის, ხოლო ეს საამქრო ირლანდიაში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს დოკუმენტი დათარიღებულია 1608 წლით, ვისკის შესახებ სკოტურ-კელტური მძაფრი კამათი დღემდე არ წყდება.

საინტერესოა ამ პროდუქტის სახელწოდების წარმოშობაც, რომელსაც შოტლანდიელები ეძახიან whisky-ს (უფრო ხშირად კი – “სკოჩს”), ხოლო ირლანდიელები ოდნავ განსხვავებით -whiskey-ს. ეს ყველაფერი კარგად უნდა დავიმახსოვროთ, რადგან ჩვენს წინაშეა პირველი, ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდი იმისა, რომ შემდგომში, უკვე ჭკვიანური გამომეტყველებით, სახალხოდ მოვახდინოთ შოტლანდიური ვისკის გარჩევა ირლანდიურისგან, ან პირიქით.

სხვათა შორის, მოგვიანებით უკვე კანადაში და იაპონიაში Whisky-მოხსენიება დაიწყეს,  ხოლო ვისკის რომელიც იწარმოება ამერიკაში, ირლანდიულ სტილში, Whiskey-ს უწოდებენ.

თავად ტერმინს რაც შეეხება: აქაც, როგორც ყოველთვის, მონასტრის კედლებს ვერ ავცდებით. ზუსტად მონასტრები აღმოჩნდნენ ვისკის პირველი მწარმოებლები, რომელსაც ლათინურად "Aqua vitae"-ს (სიცოცხლის წყალი) უწოდებდნენ და ძირითადად სამკურნალო მიზნებისთვის იყენებდნენ.

სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ, რომ ძველ შოტლანდიურ ენაზე “სიცოცხლის წყალი” ჟღერს როგორც "uisque baugh", რომელმაც რამოდენიმე სახეცვლილების შემდეგ დაიმკვიდრა საბოლოო სახელი და უკვე ასე ნაცნობად ჟღერს – ვისკი.

აი ამას კი, უკვე ირლანდიელები აპროტესტებენ, რომლებიც სიცხარით არაფრით არ ჩამოუვარდებიან შოტლანდილებს და ისევ და ისევ წმინდა პატრიკის ლეგენდასთან ერთად აუცილებლად გაიხსენებენ ხოლმე თავიანთ თანამემამულე იენეს კოფის, რომელმაც 1830 წელს საბოლოოდ დახვეწა და დანერგა ვისკის ახალი ტიპის სახდელი, რომელიც მომავალში გახდება ყველა თანამედროვე სახდელების ანალოგი და რომელიც თავის მხრივ პირდაპირ სამრეწველო დონეზე დააყენებს ვისკის წარმოებას. ამაზე შოტლანდიელები პირქუშად უპასუხებენ, რომ კოფიმ მხოლოდ და მხოლოდ შოტლანდიელი რობერტ სტეინის გამოგონებული სახდელი აპარატი გააუმჯობესა სამაგიეროდ ირლანდიელები დღემდე შემორჩენილ 1556 წლის საპარლამენტო აქტს აუფრიალებენ ცხვირწინ, სადაც ვისკი, ქრონოლოგიურად პირველად, კონკრეტულად ირლანდიის კონტექსტშია მოხსენიებული.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, შოტლანდიელებსაც აქვთ დოკუმენტი, რომელიც კიდევ უფრო ადრე 1505 წლით არის დათარიღებული და სადაც ერთ საკმაოდ

საინტერესო ფაქტს ამოვიკითხავთ – თურმე, ასე ვთქვათ, ვისკის წარმოების მონოპოლიური უფლება ქალაქ ედინბურგის მაშინდელი საბჭოს, ქირურგების და დალაქების გილდიისთვის მიუცია. ეს ჯერ კიდევ ის ეპოქაა, როდესაც ყველა დარწმუნებული იყო ვისკის სამედიცონო თვისებებში.

KvirisPalitra.Geამის საპასიუხოდ კი, ერთ-ერთ ძველ ირლანდიურ ხელნაწერში შემდეგ წინადადებას ამოვიკითხავთ (რომელიც შეიძლება საკმაოდ არქაულადაც მოგვეჩვენოს, მაგრამ მედიცინაში ოდნავ გარკვეული ადამიანი მაშინვე მიხვდება თუ რაზეა საუბარი): “მისი ზომიერად გამოყენება ანელებს სხეულის დაბერებას, სხეულში ამაგრებს ახალგაზრდობას, შველის მელანქოლიას, ახარებს გულს, ამახვილებს გონებას, აბრუნებს ხალისს. ის ებრძვის თავბრუსხვევებს, შველის მხედველობას, მისი მადლიერი

შედეგებია რომ გული არ ჩქარობს, თვალებს ჩინი არ აკლდებათ, კბილები არ კრაჭუნობენ, ენა არ იბმევა, სუნთქვა არ იკვრება, მუცელი არ ბუყბუყებს, ხელი არ კანკალებს, მცირდება კრუნჩხვები, ვენები არ შრება და ძვლები კი ახალგაზრულად უფრო მოქნილი ხდება”

თუ არ ვცდები, აქ ჰიპორტონიულ და სხვადასხვა საკმაოდ ნაცნობ დაავადებებთან ერთად, პირდაპირ ნევროზის სამკურნალო საშუალებაზეც არის საუბარი.

ირლანდიური უძველესი სამედიცინო ტრაქტატის საპასუხოდ კი შოტლანდიელებს შეუძლიათ კიდევ ააფრიალონ ერთი ძველი დოკუმენტი სადაც . . .

მოდით აქ შევჩერდეთ... თორემ ეს მრავალსაუკუნოვანი კამათი არასოდეს დასრულდება და იქნება მანამ, სანამ ეს ორი ქვეყანა იარსებებს. და ყოველთვის იქნება მუდმივი საკაცობრიო კითხვა – ბოლოს და ბოლოს, ვინ გამოიგონა ვისკი? ისე, ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს.

აი, ჩვენ კი, თუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ცნობებს და თარიღებს ასე თუ ისე დავიმახსოვრებთ და სათანადო ადგილას (ირლანდიაში ან შოტლანდიაში) ავტორიტეტული ტონით განვაცხადებთ, ჩათვალეთ რომ ირლანდიელის ან შოტლანდიელის სახლში ერთ-ერთი უძვრფასესი სტუმარი გავხდებით. მთავარია, ვიყოთ ფრთხილნი და ფაქტები არ ავურიოთ ერთმანეთში.

მაგრამ მაინც დგება ერთი დილემა - როგორ დავლიოთ ვისკი? მკაცრად განსაზღვრული წესები ვისკის სმას, პირნციპში, არც აქვს, მაგრამ თუნდაც ფილმებიდან ხომ გვახსოვს ვისკის დალევის ერთი სტილი - whisky on the rocks. “ვისკი ყინულით”, რომელსაც შოტლანდიაში არავინ იყენებს. შოტლანდიურ პაბში რომ შეუკვეთოთ ყინულიანი ვისკი, ბარმენი საკმაოდ ცივად გიპასუხებთ: “აქ არც ისე ცხელა მეგობარო”.

მართალია - არამარტო ამერიკული თბილი კლიმატია დამნაშავე. ოკეანისგაღმური ვისკი არც ისე სასიამოვნო დასალევია თუ რამეში არ გააზავე, რაც არანაირად არ ჭირდება ირლანდიულ (რომელსაც თავისი “სინაზის” გამო, საერთოდ არ საჭიროებს გაზავებას) და შოტლანდიურ ვისკებს. შოტლანდიაში არ ცხელა და ვისკის ყინულით სმა ამერიკიდან არის შემოსული. თან აქ თუმცა, შოტლანდიაში მაინც არსებობს ეგრეთ წოდებული ვისკის სმის “ხუთი შ”-ის წესი, რომელიც ძალიან მოკლედ ასე ჟღერს : Sight (აღტაცებით ყურება), Smell (არომატის ჩასუნთქვა), Swish (გემოს გასინჯვა), Swallow (პატარა ყლუპით დალევა) და ხანდახან Splash (წყლით გაზავება)

მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ამ “ხუთი შ”-ის წესს არასოდეს არ გამოვიყენებთ და ამ წუთში არც კი ვიცით, როგორ და რისგან მზადდება ჩვენი დღევანდელი"პერსონაჟი", წერილის წაკითხვის შემდეგ მაინც შეიძლება ჩვენ თავს უკვე ვისკის"მინი-ექსპერტიც" ვუწოდოთ და თავისუფალ დროს გარშემო მყოფი ადამიანები პერიოდულად გავაოცოთ ჩვენი იმ სისხარტით რითაც მარკეტებში ერთმანეთისგან გავარჩევთ ირლანდიულ და შოტლანდიურ ვისკის: ირლანდიულს ხომ Whiskey, ხოლო შოტლანდიურს კი Whisky . . .

გაგა გობრონიძე (სპეციალურად საიტისთვის)