სტუმრად ზღაპართან - კვირის პალიტრა

სტუმრად ზღაპართან

უფლისწული უილიამი და "მომთმენი ქეითი"

ძალიან გვინდა გვჯეროდეს, რომ ზღაპარი ცხადდება. ალბათ ამიტომაც გვაინტერესებს ზეპური საზოგადოების ცხოვრება, რადგან სწორედ უფლისწულები, მეფის ასულები, მეფეები და დედოფლები არიან ამ ამბების მთავარი გმირები.

როგორც ყველა ნამდვილ ზღაპარში, ამ ამბის გმირებსაც ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუხდათ. ცხრა წელი ხვდებოდა უფლისწული თავის "კონკიას", ცხრა წელი მოთმინებით ელოდა სანუკვარ სიტყვებს ქეით მიდლტონი. გოგონას ძალიან სწყინდა, მეტსახელად "მომთმენი ქეითი" რომ შეარქვეს, მაგრამ რა ექნა... არც უფლისწულ უილიამისთვის დაუკლიათ გაკიცხვა-გაქილიკება. ზოგი ბობოქრობდა, - როგორ არ რცხვენია ტახტის მემკვიდრეს, ასეთ მშვენიერ გოგონას რომ სტანჯავსო, ზოგიც ცხვირს უბზუებდა, - რა გაუჭირდა დიდი ბრიტანეთის მომავალ მეფეს, რომ ისეთი გოგონა შეიყვარა, ცისფერი სისხლის წვეთიც რომ არ ურევიაო.

ბოლოს და ბოლოს, უილიამმა დაქორწინება გადაწყვიტა. ქეითის მოთმინება ღირსეულად დაფასდა - ახლა მის არათითს ძვირფასი ბეჭედი ამშვენებს - 18-კარატიანი ბრილიანტებით შემკული საფირონი პრინცესა დაიანას ნიშნობის ბეჭედი იყო. უილიამმა დედის გარდაცვალების შემდეგ მამას სთხოვა, ეს ბეჭედი მისთვის მიეცა. ყველა შეძრა უილიამის სიტყვებმა, როცა ქეითს თითზე ბეჭედს უკეთებდა: - "მინდა, რომ ამ დღეს დედა ჩემთან იყოს". ამით გამოჩნდა პრინცის რომანტიკული ბუნებაც და ისიც, რომ ტახტის მემკვიდრე დარწმუნებულია, ქეითი არის ის, ვინც მისი ცოლი, მოგვიანებით კი დიდი ბრიტანეთის დედოფალი გახდება.

მათ ერთმანეთი 2001 წელს გაიცნეს შოტლანდიაში, სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტში. იმ დროს თავქარიან უილიამს ერთდროულად ორი გოგონა მოსწონდა - კარლა მესი-ბერჩი და არაბელა მასტრეივი... მალე ქეით მილდტონმა პრინცის გულიდან ორივე გოგონა განდევნა. საუნივერსიტეტო მოდების ჩვენებისას გამჭვირვალე შავ კაბაში გამოწყობილმა ქეითმა მონუსხა პრინცი, მაგრამ მას შემდეგაც კი, რაც საყვარლები გახდნენ და აგურისგალავნიან სახლში დაბინავდნენ, ხალხში ხელიხელჩაკიდებულები მაინც არ ჩნდებოდნენ, შინ ყოფნას ამჯობინებდნენ.

KvirisPalitra.Geთუმცა ქეითს ბევრის მოთმენა უწევდა - ის მშვიდად ადევნებდა თვალს, თუ როგორ ეარშიყებოდა უილიამი საკუთარ დაბადების დღეზე (21 წელი შეუსრულდა) მომხიბვლელ ქერათმიან ჯესიკა კრეიგს. თურმე უილიამს ეს გოგო დიდი ხნის წინ, აფრიკაში სასკოლო არდადეგებზე ყოფნისას შეჰყვარებოდა. მაშინ ეგონა, ჯესიკა მისი პირველი და ნამდვილი სიყვარული იყო, მაგრამ ქეითის გაცნობის შემდეგ ყველა გოგონა დაავიწყდა. ქეითი ყოველთვის მზად იყო, დახმარებოდა, გვერდით ამოსდგომოდა, გაემხიარულებინა, გაეგო მისთვის, ეპატიებინა და, რაც მთავარია, უანგაროდ...

უნივერსიტეტში ერთად სწავლას "სტუდენტური ქორწინება" არ მოჰყოლია, სამაგიეროდ, კარგად გაიცნეს ერთმანეთი. 2004 წელს, როგორც კი სამეფო პრესსამსახურმა აღიარა, პრინცს შეყვარებული ჰყავსო, ფოტოგრაფებმა დრო იხელთეს და ქალ-ვაჟი ალპებში, სათხილამურო კურორტზე გადაიღეს. ტაბლოიდები მაშინვე შეუდგნენ პრინცის რჩეულის ბიოგრაფიის ქექვას, მაგრამ იმედი გაუცრუვდათ და მხოლოდ ქეითის თანაკლასელის მონაყოლით დაკმაყოფილდნენ - ერთ დროს ქეითს ხულიგანი მოსწონდა და თავისი ოთახის ფანჯარაში მკერდმოშიშვლებული ჩნდებოდაო.

თურმე ასეთი გართობა პოპულარული იყო მოზარდებში, ამიტომ ამ ამბავს სკანდალი არ მოჰყოლია. მერე "სუფთა სისხლის" დამცველები აბობოქრდნენ და ქეითის მშობლების გაქილიკება დაიწყეს. დედა, კეროლი ყოფილი ბორტგამცილებელია, მამა, მაიკლი საზაფხულო საფრენი სამსახურის მუშაკი იყო. საშუალო კლასის ამ ტიპურმა წარმომადგენლებმა 20 წლის წინ ბავშვთა დღესასწაულებისთვის საჭირო ნივთების გამყიდველი კომპანია შექმნეს და მილიონერებიც გახდნენ.

უნივერსიტეტის დამთავრებამდე ერთი წლით ადრე, უილიამმა ძმაკაცებთან ერთად არდადეგებზე წასვლა გადაწყვიტა. ქეითმა იცოდა, რომ გაი პელი, ვისთან ერთადაც ის მიემგზავრებოდა, ცუდ გავლენას ახდენდა პრინცზე: ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლისას პორნოგრაფიული ჟურნალებით ამარაგებდა, არც გოგოებს და ალკოჰოლიან სასმელებს აკლებდა... ქეითმა გაიგო, რომ პრინცმა რომანი გააბა ვიღაც ამერიკელი მილიონერის ქალიშვილთან.

მალე ზაფხულიც მიიწურა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ქეითმა ყურად იღო დედის ბრძნული დარიგება და უილიამს თავისუფლად სუნთქვის საშუალება მისცა, მაგრამ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მათი ურთიერთობა საფრთხის წინაშე აღმოჩნდა - უილიამი ემზადებოდა სამეფო სამხედრო აკადემიაში შესასვლელად, ქეითი კი ლონდონში უნდა დარჩენილიყო. უილიამი გოგონებთან ერთობოდა ლუდხანებში, გაზეთებში მისი სურათი დაიბეჭდა, სადაც ის ახალგაზრდა მომღერალ ქალს კოცნიდა.

ქეითს მოთმინების ფიალა აევსო, მას აღარ უნდოდა ამდენი დამცირების ატანა და ქალ-ვაჟი ერთმანეთს დაშორდა. მალე უილიამი ლონდონის ერთ-ერთ ღამის კლუბში ნახეს, სადაც მაგიდაზე ამძვრალი ბღაოდა, - ვაშა, კვლავ თავისუფალი ვარო! უილიამი დიდხანს არ დამტკბარა თავისუფლებით - ყოველ მის ნაბიჯს ათობით კამერა აფიქსირებდა. 2007 წელს სამეფო პრესსამსახურმა განაცხადა, - პრინცი შეყვარებულს შეურიგდაო, მაგრამ უილიამმა განაცხადა, - 29 წლამდე ცოლს არ შევირთავო. ქეითი დაჰყაბულდა. 2008 წელს უილიამმა მოულოდნელად გადაწყვიტა, - სამხედრო სამსახურში კიდევ 5 წელი უნდა ვიმსახუროო, თან რჩეულს უმტკიცებდა, - თუ ამ გამოცდასაც გავუძლებთ, მერე ყველაფერი კარგად იქნებაო.

ასე იყო თუ ისე, ქეითმა გადაწყვიტა, ბოლომდე მოეთმინა.

ოქტომბერში კი პრინცმა ქეითი თავის საყვარელ კენიაში საფარიზე დაპატიჟა. ისინი დღისით ნადირობდნენ, ღამით კი სიყვარულით ტკბებოდნენ. სწორედ ერთ-ერთ ასეთ საღამოს უილიამმა ზურგჩანთიდან სანუკვარი ბეჭედი ამოიღო... ქეითი რასაკვირველია დათანხმდა ცოლობას...

სამეფო კარმა ოფიციალურად გამოაცხადა, პრინცისა და ქეითის "საუკუნის ქორწილი" 2011 წლის 29 აპრილს ვესტმინსტერის სააბატოში შედგება, სადაც ინგლისის სამეფო ოჯახების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები აღინიშნებოდა. 1947 წელს სააბატოში გადაიხადეს ელისაბედ II-ისა და პრინც ფილიპის ქორწილი, სწორედ იქ შედგა 1981 წელს დაიანას ესოდენ ტრაგიკული ჯვრისწერაც. აქვე გაიმართა 1997 წელს პრინცესა დაიანასთან გამოსათხოვარი პანაშვიდებიც. უილიამისა და ქეითის ქორწილის დღე ეროვნულ ზეიმად არის გამოცხადებული.

სასიძოს მამა, პრინცი ჩარლზი ცერემონიას დააფინანსებს, საპატარძლოს ოჯახი - თაფლობის თვეს, მაგრამ ყველაზე დიდი თანხის გადახდა, რაც ქორწილის დღეს წესრიგის დაცვას (მიღებული იქნება უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები და სკოტლენდ-იარდი უკვე მუშაობს ამ საკითხზე) დასჭირდება, სახელმწიფომ უნდა იკისროს. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ეს მოვლენა ბრიტანეთის ხაზინაში 620 მლნ გირვანქა სტერლინგს შეიტანს ტურიზმისა და სუვენირების, კვების პროდუქტების და ალკოჰოლური სასმელების წარმოება-გაყიდვის ხარჯზე.

თინათინ მარგველაშვილი