"ეს გან­შო­რე­ბა და­ემ­თხვა იმ დროს, როცა ტყუპს ვე­ლო­დე­ბით" - რას ყვება ია ჩანტლაძე იტალიელ ქმარზე? - კვირის პალიტრა

"ეს გან­შო­რე­ბა და­ემ­თხვა იმ დროს, როცა ტყუპს ვე­ლო­დე­ბით" - რას ყვება ია ჩანტლაძე იტალიელ ქმარზე?

მსოფლიო პანდემიამ ადამიანების ცხოვრება სერიოზულად შეცვალა - თვითიზოლაციისა და კარანტინის გამო, შინ მილიონობით ადამიანი გამოიკეტა. სოციალურმა დისტანციამ, გზების ჩაკეტვამ, სამსახურების გაჩერებამ, ბევრიც ერთმანეთს დროებით დააშორა. მუსიკოსი და ბიზნესლედი ია ჩანტლაძე ცოტა ხანში ტყუპის დედა გახდება, პანდემიის გამო, რომში ჩარჩენილ იტალიელ მეუღლეს, რომელიც ამ პერიოდში ცხადია, საქართველოში ჩამოსვლას ვერაფრით ახერხებს, ინტერნეტის საშუალებით ეკონტაქტება.

როგორ გადის დრო თვითიზოლაციაში, რა შეიცვალა იას ცხოვრებაში ბოლო ორ თვეში და რას დაუთმობს დროს პანდემიის დასრულების შემდეგ - ია ჩანტლაძე AMBEBI.GE-ს თავად ესაუბრა:

- ამ პერიოდში, ალბათ, როგორც ყველასი, ჩემი ცხოვრებაც ნამდვილად შეიცვალა. დისტანციურად ვმუშაობ, ასევე ვკითხულობ, ვუსმენ მუსიკას, ვუყურებ ფილმებს... ზოგადად, არ მიჭირს ჩემ თავთანაც მარტო ყოფნა, სიახლის გამოძებნა და თავის გართობა, თუმცა მაინც უჩვეულოა ეს რეჟიმი და დამთრგუნველიც. მენატრება არადისტანციური, აქტიური ურთიერთობები, მოგზაურობა, სუფთა ჰაერზე გასვლა.

მთელი წლის განმავლობაში განსაკუთრებულად ველოდები გაზაფხულს, რადგანაც ამ დროს ყველაფერი ჩემშიც იღვიძებს და ყოველი მიზეზის გარეშეც უბედნიერესი ვარ. წელს ეს ბედნიერება კორონამ წაგვართვა...

- იტალიელი მეუღლე გყავს, რომელიც ამჟამად რომშია. როგორ გადის დრო ამ პერიოდში თქვენი წყვილისთვის?

- ჩვენი წყვილისთვის ეს პერიოდი ორმაგად მძიმეა, რადგან ეს განშორება დაემთხვა იმ დროს, როცა ტყუპს ველოდებით. საქართველოდან სულ რამდენიმე კვირის წასული იყო, როცა საზღვრები ჩაიკეტა და ხელახლა დაგეგმილი მგზავრობა გაუუქმდა. ვართ ახლა იმის მოლოდინში, რომ საზღვრები გაიხსნება და ისევ შევძლებთ ერთად ყოფნას. რას ვიზამთ, ესაა ცხოვრება! ვერასდროს დაგეგმავ წინასწარ და არ იცი, რა გელოდება...

- რა ინფორმაციას გაწვდის რომიდან, რა შეზღუდვები აქვთ იქაურებს მთავრობის მიერ და როგორ გადააქვთ ეს პერიოდი?

- იტალიელებიც სახლებში არიან ჩაკეტილები, მთელი ქვეყანა კარანტინშია. გარეთ სპეციალური საშვების გარეშე ვერ გადიან, ისიც საკვებ პროდუქტებზე და პირველადი მოხმარების ნივთებზე მოქმედებს. თუმცა, უკვე დაიგეგმა ეტაპობრივად რაღაც სამსახურების აღდგენა. როგორც ყველას, მათაც უჭირთ, განსაკუთრებით იმ საშინელი შედეგების ფონზე, რაც თავს დაატყდათ.

- როდის დაუკავშირეთ შენ და შენმა მეუღლემ ერთმანეთს ცხოვრება?

- მე და ჩემმა მეუღლემ წლების წინ, რომში ჩემი მოგზაურობის დროს გავიცანით ერთმანეთი. უცნაურია, ალბათ მართლა ბედმა უნდა მიგიყვანოს სადღაც, თორემ ისე ვერაფრით ავხსნი, ამდენი ტექნიკური სირთულის მიუხედავად აქამდე როგორ მოვედით. დღეს უკვე ოჯახი გვაქვს და ვცხოვრობთ ასე - ორ ქვეყანას შორის გამოკიდებულები, რაც, სიმართლე ვთქვა, მომწონს.

- ია, ახალმა თაობამ თუ არა, 2000-იანებმა კარგად იციან, რომ ადრე აქტიურად მღეროდი და ასე გაგიცნო ფართო საზოგადოებამ. რატომ არ დარჩი ამ სფეროში?

- მუსიკას ძალიან დიდი როლი ეჭირა და უჭირავს ჩემს ცხოვრებაში, თუმცა, მე 2000-იანებში უკვე მქონდა არჩეული პროფესია, რაც მაინტერესებდა. შესაძლებლად მიმაჩნდა მუსიკასა და ჩემს პროფესიაში პარალელურად ვყოფილიყავი. თან, გასათვალისწინებელია - სტუდენტი რომ გავხდი, მაშინ კონსერვატორიაში ჯაზის ფაკულტეტი, ან თანამედროვე მუსიკასთან ახლოს მყოფი რაიმე ფაკულტეტი არ არსებობდა, ამიტომ, იქ არც ჩავაბარე, რადგან კლასიკური ვოკალისტობა არ მინდოდა, არც პიანისტობა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში კარგად ვუკრავდი.

დღეს წინა წლებთან შედარებით, უამრავი შესაძლებლობა და ინფორმაციაა. ახლა 17 წლის რომ ვყოფილიყავი, ალბათ პროფესიად მუსიკას ავირჩევდი.

- სიმღერას თუ ახერხებ და ხომ არ ფიქრობ ოდესმე ამ სფეროში ისევ აქტიურად დაბრუნებას?

- დიდი სურვილი მაქვს, რომ სცენას ისევ დავუბრუნდე, მაქვს იდეებიც - რა შეიძლება გავაკეთო. თუმცა, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. იმდენი ცვლილება იგეგმება ჩემ ცხოვრებაში, გარანტირებულად არ შემიძლია ვთქვა, მექნება თუ არა დრო, რომ აქტიურად ვიყო სცენაზე. გაგრძელება