გახსენი ისტორიის სკივრი - კვირის პალიტრა

გახსენი ისტორიის სკივრი

რომის იმპერატორი კალიგულა და მსახიობი აპელესი იუპიტერის ქანდაკებასთან იდგნენ. კალიგულამ ჰკითხა აპელესს: "ვინ უფრო მაღალია, მე თუ ღმერთი?" წამიერი დაფიქრების შემდეგ მსახიობმა უპასუხა: "რა თქმა უნდა, თქვენ, იმპერატორო!" კალიგულამ აპელესისათვის თავის მოკვეთა ბრძანა და იცით, რატომ?.. წამიერი ჩაფიქრებისათვის.

ლ ლუდოვიკო XI-მ კარის ასტროლოგის სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა, რადგან მისი წინასწარმეტყველება ახდა და მეფის ფავორიტი ქალი მოწამლეს. მან ასტროლოგი და ჯალათი ერთდროულად გამოიძახა, უკანასკნელ წუთს კი ასტროლოგს ირონიულად ჰკითხა: - ყველას ბედს რომ წინასწარმეტყველებ, თვითონ რამდენი ხნის სიცოცხლე დაგრჩაო. ასტროლოგმა უპასუხა: მე თქვენზე სამი დღით ადრე მოვკვდებიო, რამაც ის სიკვდილს გადაარჩინა.

1888 წლის 4 ივნისს აშშ-ის ნიუ-იორკის შტატში მიიღეს ბილი (კანონი), რომელიც კრძალავდა ადამიანის სიკვდილით დასჯას ჩამოხრჩობით. ამ "ჰუმანურობის" მიზეზი ის იყო, რომ დაკანონდა სიკვდილით დასჯა ელექტრულ სკამზე.

იაპონური ჭიდაობა სუმო სპორტის ის სახეობაა, რომელშიც გამარჯვებულს არა აქვს უფლება წარბის შერხევითაც კი გამოხატოს გამარჯვების სიხარული.

იმპერატორ ტიტუსის ტრიუმფალური თაღი რომში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 81 წელს აღიმართა. ის უამრავ ტურისტს იზიდავს, მაგრამ ებრაელი ტურისტები ახლოსაც არ ეკარებიან, რადგანაც ის იერუსალიმის აღების აღსანიშნავად აიგო.

შუა საუკუნეებში ჩინეთში ჩასულ უცხოელს ადგილობრივი ოსტატები შესაშური სიზუსტით ხატავდნენ უფასოდ. ამ სამუშაოს შესრულებისათვის ხელისუფლება იხდიდა ფულს იმ მიზნით, რომ საჭიროების შემთხვევაში ადვილად ეპოვათ ყველა უცხოელი.

IX საუკუნეში მორავიელებმა, ჩეხეთის მთიანი ნაწილის ხალხმა, ბიზანტიელებს სთხოვეს, გამოეგზავნათ მათთვის მასწავლებლები, რათა მათ მშობლიურ ენაზე გადაეთარგმნათ რელიგიური წიგნები. ბიზანტიიდან მორავიაში ბერძენი ძმები მეთოდე და კონსტანტინე (ბერობაში კირილე) ჩავიდნენ. მათ თარგმანისთვის ბიზანტიურ ალფაბეტს საჭირო ასოები დაამატეს და ახალი ანბანი შექმნეს, ჩვენ მას კირილიცას სახელით ვიცნობთ.

35 წლის მოცარტს 600-ზე მეტი ნაწარმოები ჰქონდა შექმნილი, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ მის ქვრივს ცალკე საფლავის საყიდელი ფული არ აღმოაჩნდა.

ნაციზმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი იოზეფ გებელსი ოთხი წლის ასაკში პოლიომიელიტით დაავადდა და ოპერაციის შედეგად ცალი ფეხი 10სმ-ით დაუმოკლდა, თუმცა თავად გებელსი ყველგან, განსაკუთრებით კი ქალთა გარემოცვაში, ამტკიცებდა, ფეხი ფრონტზე მიღებული ჭრილობის გამო დამისახიჩრდაო.

ტიტე კოპალეიშვილმა