ლუიზა საყვარელმა მოკლა და საკუთარ სარდაფში დამარხა - ქალი წლების განმავლობაში დაკარგულად მიიჩნეოდა - კვირის პალიტრა

ლუიზა საყვარელმა მოკლა და საკუთარ სარდაფში დამარხა - ქალი წლების განმავლობაში დაკარგულად მიიჩნეოდა

საზოგადოებას უამრავი ტრაგიკული ისტორია ახსოვს, რომელიც დღემდე გამოუძიებელია, გაუჩინარებულ ადამიანებს კი ოჯახის წევრები დღემდე ეძებენ. სწორედ ასეთი უცნაური ტრაგიკული ისტორია მოხდა აშშ-ის შტატის ერთ-ერთი პატარა სოფელში, რომელიც საბოლოოდ ჟურნალისტმა გამოიძია.

გაუჩინარება

1966 წლის 6 ოქტომბერს, ნიუ-იორკის შტატის სოფელ საფოლკში ფერმერის ცოლი, 38 წლის ლუიზა პეტრუიჩი, რომელიც იმ დრომდე მეუღლესთან და შვილთან ერთად, ფერმაში ცხოვრობდა, ერთ დღესაც უგზო-უკვლოდ გაქრა.

როგორც გაუჩინარებული ქალის შვილი სენდი იხსენებდა, ლუიზა სახლიდან ადრეც არაერთხელ წავიდა, რადგან მასზე ქმარი მუდმივად ძალადობდა.

ლუიზა პეტრუიჩი შვილთან და მეუღლესთან ერთად

"დედა არაერთხელ იყო მანამდეც სახლიდან წასული, თუმცა მოგვიანებით უკან ისევ ბრუნდებოდა. უკვე ვშიშობდი, რომ ეს წასვლა საბოლოო იქნებოდა", - განაცხადა ლუიზას შვილმა სენდი ბლემპიდმა.

როგორც ის იხსენებს, გოგონა დილით, სკოლაში წასვლისას, დედას დაემშვიდობა და სკოლის ავტობუსში ჩაჯდა. სახლში დაბრუნებულმა გოგონამ დედას დაუწყო ძებნა, ყველას ეკითხებოდა თუ სად იყო დედამისი, თუმცა პასუხს არავინ სცემდა.

სენდის დედა არც შემდეგ დღეებში გამოჩენილა, ის აღარავის უნახავს.

სენდი იხსენებს, რომ დედის გაუჩინარების შემდეგ, მეზობლებმა უამრავი ჭორი გაავრცელეს, თითქოს ლუიზა სახლიდან სხვა შტატში უკეთესი ცხოვრებისთვის გაიქცა.

არავინ იცოდა სინამდვილეში რა მოხდა, რა თქმა უნდა, იმ ადამიანების გარდა, ვინც ლუიზას უკვალოდ გაუჩინარებაში მიიღო მონაწილეობა...

ლუიზა

სენდი დღესაც ხშირად იხსენებდა დედას. მისი თქმით, ის მშრომელი და დაუზარელი ქალი იყო, ეხმარებოდა მამას ფერმის მოვლაში და მოსავლის აღებაში, ხშირად მოსავლის აღებისას 30კგ-იან კარტოფილის ტომრებსაც კი ათრევდა. იყო კეთილი და ჰყავდა მეგობრები.

ლუიზამ მომავალი მეუღლე, ფერმერი ალბინ პეტრუიჩი ნათესავის ქორწილში გაიცნო და ცოლად მალევე გაჰყვა.

ლუიზა პეტრუიჩი

იმ პერიოდში ქალები ოჯახს და შვილებს უვლიდნენ, მამაკაცები კი მუშაობდნენ. როგორც სენდი იხსენებს, მშობლებს შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ლუიზას შემოსავალი გაუჩნდა.

"მამა სრულიად განსხვავდებოდა დედასგან. ის ტირანი იყო. დედას რბილი ხასიათი და იუმორის საოცარი გრძნობა ჰქონდა, მაგრამ მას არ შეეძლო საკუთარი თავის დაცვა", - იხსენებს ლუიზას სენდი.

სენდის თქმით, ის დედის დაცვას ცდილობდა და ამის გამო მამა მასაც ხშირად სცემდა. მსგავსი საქციელის გამო, ლუიზამ რამდენჯერმე სცადა ტირანი ქმრისგან თავი დაეღწია, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო უკან ბრუნდებოდა. ბოლოს კი 1966 წლის ზაფხულში გადაწყვიტა, რომ ქორწინებას ვეღარ გადაარჩენდა და ქმარს უნდა გასცლოდა. ლუიზა საცხოვრებლად მის მშობლებთან გადავიდა.

საიდუმლო ცხოვრება

როგორც აღმოჩნდა, ლუიზას ბანკში ანგარიში ჰქონდა გახსნილი და ფულს აგროვებდა. სენდი იხსენებს: ერთხელაც დედამ სახლში მას ორი ბილეთი აჩვენა და უთხრა, რომ ფლორიდაში უნდა წასულიყვნენ. სენდის გაუხარდა, რადგან აქამდე არსად უმოგზაურია, თუმცა ლუიზას არ დაუკონკრეტებია, როდის წავიდოდა შვილთან ერთად სამოგზაუროდ.

გამომძიებლებმა ერთი საინტერესო დეტალიც აღმოაჩინეს. ლუიზას რომანი ჰქონდა პოლიციელ უილიამ ბოკენთან. როგორც გაირკვა, მას შემდეგ, რაც ლუიზა მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად, პოლიციელს ხშირად ხვდებოდა.

გამოძიება

ლუიზა დაკარგულად 52 წლის განმავლობაში მიიჩნეოდა და მისი ისტორია ასე დასრულდებოდა ერთხელაც, ჟურნალისტი და მწერალი სტივ ვიკი ამ საქმით რომ არ დაინტერესებულიყო. "არ ვიცი ასე რატომ დავინტერესდი, თუმცა, როცა ისტორია მოვისმინე, სხვა საკითხზე ფიქრი აღარ შემეძლო", - ამბობს ჟურნალისტი.

სტივ ვიკი

2017 წლის ივნისსში ჟურნალისტი და მწერალი სტივ ვიკი საფოლკის ოლქის გაზეთის მთავარი რედაქტორი გახდა. მან სწორედ მაშინ მოისმინა პირველად ლუიზას გაუჩინარების ამბავი და გადაწყვიტა ეს უცნაური ისტორია თავად გამოეძიებინა. ჟურნალისტმა დაკითხა როგორც სამართალდამცავები, რომლებიც ამ საქმეს იცნობდნენ, ასევე ლუიზას მეზობლები. როგორც აღმოჩნდა, ეს ისტორია ყველამ იცოდა, თუმცა სინამდვილეში რა მოხდა, ყველასთვის უცნობი იყო. დამხმარეებთან ერთად ჟურმალისტმა საქმის ყველა დეტალის შესწავლა დაიწყო.

აღმოჩნდა, რომ პენსიაზე გასული პოლიციელი ბად გრიფიტსი დარწმუნებული იყო, რომ ლუიზას არც შტატი და არც სოფელი არ დაუტოვებია. ვიკი დაუკავშირდა სხვა პოლიციელებსაც, რომლებიც ადრე ლუიზას გაუჩინარების ამბავს იძიებდნენ.

ისინი ფიქრობდნენ, რომ ლუიზა მოკლეს, კვალი კი დიდი ყურადღებით დაფარეს. როგორც ცნობილია, ლუიზას გაუჩინარებიდან ორი კვირის შემდეგ, ლუიზას დებმა შტატის პოლიციას მიმართეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ საუტოლდის მაღალჩინოსნები არ ცდილობდნენ მათი დის ამბავი გამოძიებულიყო.

იმჟამად შტატის პოლიციამ პირველ რიგში ლუიზას მეუღლე დაკითხა, მისი განცხადებით, ის მოხარული იყო, რომ ლუიზა გაუჩინარდა, რადგან მან პოლიციელთან უღალატა. ის ამტკიცებდა, რომ ლუიზამ რეპუტაცია შეულახა და მასთან საერთოდ არ სურდა რაიმე კავშირი ჰქონოდა.

ლუიზას გაუჩინარების შემდეგ ალბინი - ლუიზას ქმარი, ისევ დაქორწინდა და როცა ის გარდაიცვალა, მან შვილებს დაუტოვა ქონება, თუმცა ანდერძში სენდი საერთოდ არ უხსენებია.

გამოძიებისას ჟურნალისტმა დაადგინა, რომ პოლიციელმა ბოკენმა, რომელიც ლუიზას საყვარელი იყო, 10-წლიანი სტაჟის შემდეგ, ლუიზას გაუჩინარებიდან ერთ კვირაში, პოლიციაში მუშაობა შეწყვიტა. ამ ფაქტმა გამომძიებლების ყურადღებაც მიიქცია.

გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვალებამდე ლუიზამ და ბოკენმა მოასწრეს ფლორიდაში გადაფრენა და უკან დაბრუნებაც, სწორედ იმ ბილეთებით, რომლითაც ლუიზა თითქოს შვილთან ერთად უნდა გაქცეულიყო. არსებობს კიდეც ერთი ფაქტი: ბოკენის სახლისკენ მიმავალ გზატკეცილზე აღმოაჩინეს ლუიზას ხელჩანთა.

"სამართალდამცავებს შეეძლოთ ბოკენი დაეკითხათ, თუმცა მათ პოლიციელს ხელი დაუქნიეს, ბედნიერი ცხოვრება უსურვეს და გაუშვეს", - ამბობს სენდი - ლუიზას შვილი.

ლუიზას ჩანთაში სამართალდამცავებმა იპოვეს ორი სამხედრო საბუთი, დაზღვევის მოწმობა და კონვერტი, რომელზეც მიწერილი იყო ექიმი ედუარდ ხონინგის ნომერი. გამომძიებლებმა იფიქრეს, რომ ლუიზა ალბათ ორსულად იყო და ასე შეიქმნა მკვლელობის შესაძლო მოტივიც. თუმცა, როგორც წლების შემდეგ აღმოჩნდა, ექიმი ხონინგი კარდიოლოგი გახლდათ და არც სამართალდამცავებს ჰქონდათ იმ პერიოდში იმის საშუალება, შეემოწმებინათ ლუიზა იყო თუ არა ფეხმძიმედ.

ჟურნალისტმა, რომელმაც ლუიზას საქმის გამოძიება დაიწყო, მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ლუიზას საყვარელს სამართალდამცავები დაკითხვაზეც არ დაუბარებიათ. მხოლოდ ერთხელ, როცა მან მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, სწორედ მაშინ დააკავეს და უეცრად, სრულიად ჯანმრთელი პოლიციელი, ციხის ნაცვლად, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაგზავნეს.

1968 წელს ბოკენი გამოვიდა ფსიქიატრიული საავადმყოფოდან. სასამართლომ მას მეუღლესთან მიახლოება აუკრძალა. ჟურნალისტებმა შემდეგ გაარკვიეს, რომ ბოკენი მალე ნიუ-იორკში გადასახლდა.

1982 წელს ის ნიუ-იორკის სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დასახელდა.

სარდაფი

2018 წლის თებერვალში 82 წლის ჯუდი, რომელიც პოლიციელ ბოკენის ყოფილი მეუღლე გახლდათ, ბოკენის წინააღმდეგ ჩვენება დაწერა.

"დიდი ხნის წინ, როცა მე უილიამ ბოკენის მეუღლე ვიყავი, დავინახე, რომ მას შეხვეული ცხედარი სარდაფში ჩაჰქონდა. შემდეგ მან დიდი ორმო გათხარა. დავინახე როგორ დამარხა უილიამ ბოკენმა ადამიანის სხეული. თუ იმ პერიოდში მომხდარ ამბავს გავითვალისწინებთ, ეს ლუიზა პეტრუიჩის სხეული იქნებოდა", - განაცხადა პოლიციასთან მოხუცმა ქალბატონმა.

უილიამ ბოკენი

ჩვენების შემდეგ, ჯურნალისტმა ვიკმა სამართალდამცავებთან ერთად ისევ განაახლა ლუიზას ცხედრის ძებნა. მათ სარდაფი 2 მეტრზე გათხარეს და ტომარაში გახვეული ჩონჩხი იპოვეს. დნმ-ს ტესტით დადგინდა, რომ ცხედარი ნამდვილად ლუიზას ეკუთვნოდა.

ექსპერტებმა კი განაცხადეს, რომ ლუიზა 3 გასროლით მოკლეს. ცეცხლსასროლი იარაღს გაკვალევი მის სამოსზე ნათლად ჩანდა. თუ რატომ მოკლა ბოკენმა ლუიზა ამ დრომდე უცნობია.

"ვფიქრობ, მის სხეულს კრემაციას გავუკეთებ და ფერფლს სახლში წავიღებ, დიდი ხანი ვიცხოვრე დედის გარეშე", - განაცხადა ჟურნალისტებთან ლუიზას შვილმა.