"ერთგული მეუღლე ვიყავი, მაგრამ ღალატმა იმსხვერპლა ჩვენი ოჯახი..." - კვირის პალიტრა

"ერთგული მეუღლე ვიყავი, მაგრამ ღალატმა იმსხვერპლა ჩვენი ოჯახი..."

სოციალურ ქსელში ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვდებით, მეც სრულიად შემთხვევით მარი ტორჩინავა გავიცანი, მას როგორც მარი კოლხს ისე იცნობენ. რომ არა ფერადი და ბედნიერი ფოტოები ალბათ მის მონოლოგს არ წავიკითხავდი და ვერც იმას გავიგებდი, თუ რამდენი რამ იმალება ბედნიერები ფოტოების უკან.

36 წლის მარი კოლხი დაწყებითი კლასის მასწავლებლია, ბევრ კეთილ საქმესთან ერთად, 4 შვილს მარტო ზრდის. როგორც მარი ამბობს, რწმენას დიდი ძალა აქვს და ეს ბევრი სირთულის დაძლევაში ეხმარება ადამიანს. მისი ემოციური და ძლიერი ამბის წაკითხვის შემდეგ, მარის თავისი ისტორიის მოყოლა ვთხოვე:

- წარმოშობით სენაკიდან ვარ და თბილისში ვცხოვრობ. 3 ვაჟი და ერთი გოგონა მყავს, წლების განმავლობაში მოსიყვარულე და ერთგული მეუღლე ვიყავი, მაგრამ ღალატმა იმსხვერპლა ჩვენი დიდი ოჯახი. თავიდან სრულიად მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი, თურმე ცხოვრება სიურპრიზებითაა აღსავსე. ამ ამბის შემდეგ, არ დავეცი, გავძლიერდი და გავიაზრე, რომ ცხოვრება გრძელდება და აუცილებელია უფრო გავიზარდო, დავიხვეწო, ვისწრაფვოდე წარმატებისკენ. უკვე რამდენიმე წელია სრულიად მარტო, დამხმარის გარეშე ვზრდი შვილებს. ვწერ, ვხატავ და დიზაინის სფეროშიც ჩართული ვარ. ხატვას ქველმოქმედებისათვის ვიყენებ და ამის შესაბამისი მიზეზიც მაქვს.

ჩემს შუათანა შვილს, გიორგის 4 წლის ასაკში ლეიკემია აღმოაჩნდა. ყველაფერი მოულოდნელად დაიწყო, სრულიად ჯანმრთელი ბავში უეცრად საბავშვო ბაღში ცუდად გახდა, დამირეკეს ბაღიდან და მითხრეს, - ფერი დაკარგა და ცხვირიდან სისხლდენა დაეწყოო. მაშინვე მივედი გიორგის წამოსაყვანად და გაფითრებული ბავშვი რომ დავინახე, შევშფოთდი. სასწრაფო გამოვიძახეთ, რის შემდეგაც იაშვილის კლინიკაში მოგვიყვანეს, სასწრაფო ანალიზები აუღეს და მალევე ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. ექიმის თქმით, დროულად მივასწარით, შეიძლებოდა რამდენიმე დღეში დაგვიანებული ყოფილო. 8 თვის განმავლოვაში ვებრძოდით ლეიკემიას, ბავშვს ქიმიოთერაპიის სამი კურსი ჩაუტარდა, ვიბრძოლეთ და დავამარცხეთ ეს დაავადება. იმ დროს, რომ ვიხსენებ ვხვდები, რომ იაშვილის კლინიკის მადლიერი ვარ, შვილი მათ მაჩუქეს და მისცეს შანსი ხელმეორედ დაბადებულიყო.

ახლა ყველაფერი კარგადაა, გიორგი 7 წლისაა და უკვე ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა, დადის სკოლაში, ცელქობს, თამაშობს. ამ ამბის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ სხვისი შვილების გამოჯანმრთელებაში ჩემი პატარა წვლილი შევიტანო და საქველმოქმედო საღამოებს ვაწყობ, რაღაც დროის შემდეგ მინდა უფრო მეტი შევძლო და მეტ ბავშვს ვაჩუქო სიცოცხლე.

- ბევრი ჰობი გაქვთ, მათ შორის ხატვა, გვიამბეთ თქვენს საყვარელ საქმიანობაზე.

- ხატვა საავადმყოფოში დავიწყე, ტირილის ნაცვლად ის ტკივილი ხელოვნებამ, ხატვამ და წერამ გადამატანინა. მჯეროდა, ჩემი შვილი გამოჯანმრთელდებოდა. თუ ექიმის სახეზე დაღონებას შევატყობდი, ვეუბნებოდი, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნებოდა. ამის მწამდა და რწმენას მართლაც დიდი ძალა აქვს. იმასაც ვამბობდი, რომ ამ ამბის დასრულების შემდეგ ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის საქველმოქმედო საღამოებს მოვაწყობდი, რწმენა და იმედი ამ ყველაფერში დამეხმარა.

ახლა ვცდილობ მუდამ გავიღიმო, ჯერ არ დამდგარი ყველა წარმატება მიხარია, როდესაც ცუდად ვარ და ვატყობ სევდამ უნდა შემიპყროს, ჩემს თავს ვეუბნები: შენ ძალიან კარგად ხარ, კარგად იქნები. გავიპრანჭები, მივიპკურებ საყვარელ სუნამოს და ვაკეთებ იმას, რაც კარგ განწყობაზე დამაყენებს. განწყობას თავად ვიქმნი. ვცდილობ ყველგან ბედნიერება მივიტანო, მაღაზიაში ან თუნდაც სალონში. როდესაც ხალხისგან სითბოს ვგრძნობ, გულში ვამბობ, რომ ზუსტად ამისთვის ღირს ცხოვრება.

- 4 შვილის დედობა არც ისე მარტივია, როგორ ართმევთ თავს ამდენ საქმეს?

- ვცდილობ ყველაფერი მოვასწრო, მაქვს მიზნები და ოცნებები. მჯერა, თუ ადამიანი მოინდომებს, ყველაფერს შეაძლებინებს უფალი. თავს ხშირად ვეუბნები, რომ მე მეტი შემიძლია. არასოდეს, არაფერია გვიან. მთავარია მოვინდომოთ, გვქონდეს სურვილები და ვისწრაფვოდეთ მათი განხორციელებისათვის. ვთვლი, რომ ცხოვრება ბრძოლაა, მე მეომარი ვარ, სიყვარული - ჩემი ჯავშანი, ღიმილი კი ჩემი იარაღია.

(სპეციალურად საიტისთვის)