"რამდენიც უნდა გადამიხადონ ქართულ ეროტიკულ ფილმში თამაშს არ დავთანხმდები..." - კვირის პალიტრა

"რამდენიც უნდა გადამიხადონ ქართულ ეროტიკულ ფილმში თამაშს არ დავთანხმდები..."

"მეშინია სიმარტოვის, უიმედობის, ალბათ - საკუთარი თავისაც"

"სიყვარული თავდავიწყებაა, როცა იმ ადამიანით ხარ მოცული. მასზე უფრო ხარ ორიენტირებული, ვიდრე - საკუთარ ეგოზე. სიყვარულმა უნდა გაგზარდოს, ბევრად კარგ ადამიანად გაქციოს. მგონია, რომ დღემდე შეყვარებული არც ვყოფილვარ", - ამბობს მსახიობი მარიამ ჩუხრუკიძე. ვის მიუძღვის ყველაზე დიდი წვლილი მის წარმატებაში, რა არის თავისუფლება, ბედნიერება, ბედისწერა... რა ვერ ისწავლა დღემდე და რატომ არ უნდა ბევრი ფული ჰქონდეს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1990 წლის 27 ნოემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. ოჯახში ქართულ ფილმებს ხშირად უყურებდნენ, ეს კი ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. მინდოდა, მეც იმ მსახიობებივით მეთამაშა. დაწყებით კლასებში რომ ვიყავი, ჩემი პედაგოგი წარმოდგენებს ხშირად მართავდა და სულ მთავარ როლში ვიყავი. ეს ძალიან მომწონდა, მიუხედავად იმისა, რომ მორიდებული გახლდით. პროფესიის არჩევის გამო სინანული არასდროს მქონია. იმდენად მრავალფეროვანი საქმეა, მოსაწყენად ვერ მოიცლი. მხოლოდ ეგ არის, მუდმივად მოლოდინის რეჟიმში ხარ, შემოთავაზებებს ელოდები. საინტერესო, მაგრამ არაპროგნოზირებადი პროფესიაა.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ძალიან კარგი ოჯახი და მეგობრები მყავს. ბედნიერი ვარ, რომ ვიპოვე ჩემი თავი იმ საქმეში, რომელსაც ვაკეთებ - არა მხოლოდ მსახიობობას, ოპერის მომღერლობასაც ვგულისხმობ. კონსერვატორიაში ვსწავლობ, მე-4 კურსზე ვარ, ეს საქმე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ძალიან მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც უკვე დიდები არიან და ვერ ხვდებიან, რისი კეთება სურთ. მიკვირს, როგორ ძლებენ ისეთ სამსახურებში და როგორ აკეთებენ იმ საქმეს, რომელიც სიამოვნებას არ ანიჭებთ.

- კონსერვატორიის დასრულების შემდეგ...

- ...მინდა, სასწავლებლად საზღვარგარეთ წავიდე. განვვითარდე, როგორც ოპერის მომღერალი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსახიობობას თავს დავანებებ.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ძალიან მხიარული ვარ. უმეტესად, დადებითი შეფასებები მესმის, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ არაპუნქტუალური გახლავართ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...პასუხისმგებლობის გრძნობაა, პირველ რიგში - საკუთარი თავის მიმართ. ადამიანმა შენს სახელს ჩირქი არ უნდა მოსცხო. ვცდილობ, ასე ვიცხოვრო. საქმეს მთელი გულით თუ არ ვაკეთებ, მირჩევნია, საერთოდ უარი ვთქვა.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ზედმეტად ემოციური ვარ. ამას სხვა შეიძლება ვერც მიხვდეს, მაგრამ ათას სისულელეზე ვფიქრობ და განვიცდი, რაც ხშირ შემთხვევაში, სრულიად უსარგებლოა. ამ თვისების მოშორება მინდა.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...პირველ რიგში - დედაჩემს. დედა ყოველთვის ყველა მიმართულებით, ჩემს სიღრმისეულ განვითარებაზე ზრუნავდა: სიმღერა იყოს, ცეკვა თუ სხვა რამე. მან სხვა ფასეულობები ჩამომიყალიბა. მეორე ადამიანი, რომელსაც ჩემს განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის, ჩემი პედაგოგი, დიმა ხვთისიაშვილია. მას დიდი მადლობას ვუხდი.

- მეშინია...

- ...სიმარტოვის, უიმედობის, ალბათ - საკუთარი თავისაც.

- ბოლოს ვიტირე...

- ...ჰიუგოს "საბრალონის" მიხედვით გადაღებული ფილმზე. მსახიობების ოსტატობამ გამაოცა.

- როცა წონასწორობას ვკარგავ... - ...მაგ მდგომარეობას ვერ ვიტან. შეიძლება ეს სხვამ სულაც ვერ გაიგოს, მაგრამ მე ხომ ვიცი და ვგრძნობ, რას განვიცდი. წონასწორობას ვკარგავ, როცა უსამართლობას ვაწყდები.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო... - ...შეყვარებული.

- სიყვარული ეს... - ...არის განსაკუთრებული შეგრძნება. მგონია, რომ იშვიათობაა. პირველ რიგში, ეს არის პატივისცემა, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება, ის არ უნდა გაგიუბრალოვდეს. სიყვარული თავდავიწყებაა. ამ დროს მასზე უფრო ხარ ორიენტირებული, ვიდრე - საკუთარ ეგოზე. სიყვარულმა უნდა გაგზარდოს, ბევრად კარგ ადამიანად გაქციოს. მგონია, რომ დღემდე შეყვარებული არც ვყოფილვარ.

- სასურველი მამაკაცი უნდა იყოს...

- ...ჩემთვის განსაკუთრებული, თავდაჭერილი, კარგი იუმორის გრძნობით, ერუდირებული. მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ჩემს მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ურთიერთობებში. როგორ მიიღებს მათ, პატივს სცემს თუ არა.

- ვნანობ...

- ...გაბრაზების დროს ადამიანებისთვის ნათქვამ სიტყვებს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე... - ...როგორ მოვერიო ჩემს არაპუნქტუალურობას. როცა გასტროლზე მივდივარ, შანსი არ არის, რომ აეროპორტში დავაგვიანო. ვიცი, თვითმფრინავი არ დამელოდება და დამტოვებს. თუ რეპეტიციაზე მივდივარ, მაშინ მაგვიანდება.

- ბედისწერა...

- ...არსებობს თუ არა? რთული სათქმელია. ერთხელ ეგვიპტეში შევხვდი ადამიანს, რომელიც ასტროლოგიით იყო გატაცებული. მან თქვა, ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი წინასწარ არის გაწერილიო. ვკითხე, მაშინ ადამიანის თავისუფალი ნება რატომ არსებობს? ღმერთმა არჩევანის უფლება რატომ მოგვცა, მაშინ ჩვენი როლი რაში მდგომარეობს-მეთქი? ბედისწერა ალბათ ნაწილობრივ არსებობს. ჩვენც შეგვიძლია, დავაკორექტიროთ. ხანდახან მაქვს შეგრძნება, რომ შემთხვევით არაფერი ხდება.

- ინტუიცია... - ...ზომიერად მაქვს განვითარებული, წინასწარმეტყველივით არ ვარ, მაგრამ ადამიანების ცნობა შემიძლია.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს... - ...არ მინდა. ბევრი ფული ბევრი თავის ტკივილია. შენდა უნებურად, მერე ადამიანი საკუთარ თავს ბევრის უფლებას აძლევ. ეს თუ არ გემართება, კარგია. მაინც მგონია, რომ რაღაც პერიოდში, ეს ყველას ემართება. ფული იმდენი მინდა მქონდეს, რომ ახლობლები, ოჯახის წევრები ვასიამოვნო, ცოტა ჩემთვისაც დავხარჯო. მეგობრები ყავაზე თავისუფლად დავპატიჟო, მეტი ფული არ მინდა.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ... - ...ქართულ ეროტიკულ ფილმში თამაშს არ დავთანხმდები. არ ვიცი, უცხოელ რეჟისორთან რამდენად ვითამაშებ. შესაძლოა, მერე თავი კარგად არ ვიგრძნო, დისკომფორტი შემექმნას, ამიტომ არ მინდა.

- პატიება შემიძლია, თუ... - ...ადამიანს გულწრფელად ეტყობა, რომ ნანობს. ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც ბოდიშის მოხდა არ შეუძლიათ. ვერაფრით ვხვდები, ამას თავმოყვარეობის შელახვად რატომ აღიქვამენ. შეიძლება ბოდიში არ მომიხადო, მაგრამ მაგრძნობინო, რომ ნანობ, ესეც საკმარისია.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ალბათ ბევრი რამ და უფრო მეტი სასწავლი მაქვს. ვცდილობ, ბევრი შეცდომა არ დავუშვა. ერთი შეხედვით ვიღაცამ შეიძლება ჩემზე იფიქროს, ეს რა მხიარული გოგოაო, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღების დროს რაღაცნაირად ვმძიმდები. საერთოდ, ადამიანს პიროვნებად ჩამოყალიბებაში რა ეხმარება, თუ არა საკუთარი შეცდომები?..

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ახლა ბებიას ორი ფრაზა გამახსენდა: ქალი სათნო და თავმდაბალი უნდა იყოსო. მეუბნებოდა, მძიმე თავთავი თავს ყოველთვის დაბლა ხრისო. დამიჯდებოდა და ხშირად მიკითხავდა: "ვარდსა ჰკითხეს: ეგზომ ტურფა, რამან შეგქმნა ტანად პირად?/ მიკვირს, რად ხარ ეკლიანი? პოვნა შენი რად არს ჭირად?"/ მან თქვა: "ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს, იქმნების რაცა ძვირად/ ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად". ასეა, ადამიანი არ უნდა გაიაფდეს!

- ადამიანი, ვისი აზრიც ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია...

- ...სიტუაციას გააჩნია. ვთქვათ ჩემი თაყვანისმცემელი გამოჩნდა. დედა ფოტოს ნახავს და გაკვირვებული მეკითხება, - მარიამ, შენ ახლა ეს მოგწონს? რა ვიცი, ასეთი ბიჭი გჭირდება? - მხოლოდ ფოტო ნახე და რას ხვდები-მეთქი? ძალიან ხშირად მართალი აღმოჩენილა, ეს ალბათ დედის ინტუიციაა.

- დაბოლოს, გეტყვით... - ...ბედნიერებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიყოთ რეალიზებულები. არასდროს დავკარგოთ სიმშვიდე და ვიყოთ ადამიანურები!

იხილეთ ასევე: "ნახეთ, ეს გოგო მონიკა ბელუჩის როგორ ჰგავს!" - ვარსკვლავთა ქართველი ორეულები

თამუნა კვინიკაძე ჟურნალი "გზა"